აფხზეთის ომის დაწყებისთანავე
გაიქცა სახლიდან ჩემი ტორებიანი მეგობარი. ძაღლი "ჩიპა", რომელიც
პირველი და უკანასკნელი იყო ჩემს ცხოვრებაში.
კავკასიური ნაგაზი, რომელმაც შემაყვარა ცხოველები და ასევე, შემიქმნა
ბარიერი მათთან ურთიერთობაში. ეს, ალბათ, მიჩვევის და განშორების
შიშის ბარიერია. ახალი და წარმოუდგენელი ცხოვრებისკენ მიმავალმა გზამ
სულ "ჩიპას" ძებნაში გაიარა.
იმედია არ მიწყენს მკითხველი, თუ ვიტყვი, რომ ამ გზაზე საუბარს
მოვერიდები.
დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი პროფესიით -
"ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი". ასევე, ამ პერიოდში ვცეკვავდი
და ვიყავი რეპეტიტორი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის
ანსამბლში.
2010 წელს მივედით მე და ჩემი მეგობარი, დავით ჭანიშვილი ანსამბლ
"სუხიშვილებში" და მის მერე ვითვლები ამ დიდი ოჯახის
წევრად.
ეს წარმატებაა და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო
"სუხიშვილების" მოცეკვავე, ეს გამარჯვებაა. ანსამბლთან ერთად მივაღწიე იმ მწვერვალებს და
განვიცადე ის სიამაყე, რაზეც მხოლოდ მიოცნებია.
ყველაზე მეტად გამოვარჩევდი პირველ კონცერტს, რომელიც ჩემთვის
ყოველთვის დაუვიწყარი იქნება ემოციურად და შეხვედრას ჩვენს უსაყვარლეს
და უნეტარეს პატრიარქთან, რომელთანაც საუბარი და შეხება შევძელი, თან,
არაერთხელ. ეს მადლი, სიძლიერე და სიყვარული-მთელი
ცხოვრებაა.
სვეტიცხოვლობის აღსანიშვნავ ღონისძიებაზე ვიცეკვეთ და იმ საღამოსვე
მოგვივიდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი საპატრიარქოში, ტრაპეზზე
გვეპატიჟებოდა. ეს იყო პირველი შეხვედრა მის უწმინდესობასთან,
საიდანაც დაიწყო ჩემი ამ ცხოვრების მიმართ სხვა დამოკიდებულება.
როდესაც გაიგო,რომ მე აფხაზეთიდან ვიყავი დამიძახა, მომეფერა და
ჩამიკრა იმ გულისტკივილით, რომელსაც ის ყველაზე მეტად
გრძნობს.
ამავდროულად, ეკა ჯავახიშვილთან ერთად, რომელიც შემდგომ ჩემი
ცხოვრების თანამგზავრი და მეუღლე გახდა, შევქმენით "ნაციონალური
სამოსის სახლი", რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მცირე დროში და
დღემდე ინარჩუნებს. აქ იქმნება როგორც ძველი, ტრადიციული სამოსი,
ასევე სასცენო კოსტიუმი და დღევანდელ ეპოქასთან მორგებული, ძველ
ტრადიციებზე დაყრდნობილი ყოველდღიური სამოსი.
ბატონ გიორგი კალანდიასთან და "ხელოვნების მიზეუმთან" ერთად მუშაობის
შედეგად, გამოვეცით წიგნი "ქსოვილი საქართველოდან" ორ ტომად, სადაც
აღვადგინეთ ქსოვილები ფრესკებიდან და თავსაბურავები.
ასევე, 51-ე საჯარო სკოლაში, დავაარსე სტუდია "სოლო" მეგობარ, ლევან
თეთვაძესთან ერთად, სადაც გადავცემთ გამოცდილებას და ქართულ
ტრადიციებს ხელოვნებაში.
იმავე წელს, ქალბატონ მანანა ბურბუთაშვილის მხარდაჭერით, გავხსენით
სტუდია დევნილი ბავშვებისთვის სრულიად უსასყიდლოდ, რომელიც დღემდე
ფუნქციონირებს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობას და
მის ხელმძღვანელ, ბატონ რუსლან აბაშიძეს მხარდაჭერისთვის, ლიკა
კვარაცელიას, ლევან თეთვაძეს, მონიკა ღვინჯილიას და ბავშვებს,
რომლებიც გულანთებულები დაუღალავად შრომობენ.
ამავდროულად, ვარ მოქმედი მოცეკვავე და ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს
ტრადიციებს, კულტურას, ისტორიას. მადლობა "სუხიშვილებს" დიდი
წარმატებისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის, მადლობა თითოეულ
ადამიანს, ვისაც ჩემს წინსვლაში წვლილი მიუძღვის. მადლობა თქვენ იმ
ჯილდოსთვის, რასაც "მე - აფხაზეთისთვის" ჰქვია.