ჩემი პირველი ემოცია არის ზღვა,
ჩემი ბავშვობის ბედნიერი წლები და სახლი, რომელშიც ვიზრდებოდი. თბილი
ამინდები და ულამაზესი ქალაქი და მხარე, როგორიც, ალბათ, არსად
შემხვედრია მერე.
ბევრი რაღაც ფოტოებიდან მახსენდება, მაგრამ განსაკუთრებულია ის
გრძნობა, რომელიც შენს დაკარგულ ნაწილს უკავშირდება. ალბათ, სიტყვებით
გადმოცემა რთული იქნება. საოცარი ჰავა, ცუდი ამინდები არასდროს
ყოფილა. ზაფხულში ყოველთვის მზე იყო, მარამ სიცხე არასდროს გაწუხებდა.
ჩემთვის აფხაზეთთან განშორება რთული იყო. ჯერ ომი, რომელიც უსამართლო
და დაუნდობელი აღმოჩნდა, შემდეგ სვანეთის დაუსრულებელი, გაყინული და
დაუნდობელი გზა...
ის გრძნობა, რომ მე დავბრუნდები, ყოველთვის თან დამყვება და იმედს არ
ვკარგავ, რომ ეს დღე ოდესღაც გათენდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეგნებული ცხოვრების მეტი ნაწილი თბილისში
მაქვს გატარებული, ჩემი სახლი მაინც იქ არის. მე აუცილებლად
დავბრუნდები...
სკოლა თბილისში დავამთავრე. მერე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიაში ჩავაბარე მოდელირების ფაკულტეტზე. სანამ მაგისტრატურას
დავამთავრებდი, მაკა ასათიანთან დავიწყე მუშაობა. შემდეგ, მოსკოვში
შევისწავლე მაკიაჟის ხელოვნება. ასევე, დავასრულე ტანსაცმლის
სტილისტის და ვარცხნილობის კურსები. ნახევარი წლის შემდეგ დავბრუნდი
თბილისში. გავაგრძელე მაკასთან მუშაობა, რადგან მაკას იდეა იყო
განათლება ამ სფეროში მიმეღო. ძალიან საინტერესო იყო მაკასთან
ურთიერთობა და თანამშრომლობა. ეს ადამიანი საოცრად პოზიტიური და
უდიდესი ნიჭის პატრონია.
2010 წელს დავიწყე მუშაობა ჟურნალ "სითიში". ხშირად ვმუშაობდი
გადაღებებზე ფოტოგრაფებთან ერთად და ეს სფეროც საინტერესო აღმოჩნდა
ჩემთვის. გურამ წიბახაშვილთან გავიარე ფოტოგრაფიის კურსები და 2014
წელს მქონდა პერსონალური ფოტოგამოფენა "დედები და შვილები". სასწაული
ემოცია იყო. მუზემში "მომა" ზღაპრული სივრცე შეიქმნა და ბევრი ლამაზი
ადამიანი მოვიდა გამოფენაზე. რომ არა "სითის" სუპერ გუნდი: ეკა
ხოფერია, ნინი გოგოლაძე, თაკო დოლობერიძე, ეს ზღაპრული დღე ჩემს
ცხოვრებაში არ იქნებოდა.
პარალელურად, ჩავაბარე სასულიერო აკადემიასთან არსებულ სემინარიაში
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ხატწერის განხრით. ძალიან მომწონდა
ქარგვა და აქ დავეუფლე ქარგვის ძველ ტექნიკებს.
ამ მიმართულებითაც ბევრს ვმუშაობდი. თითქოს ჩემი ჰობია ხელსაქმე,
მაგრამ საკმაოდ წარმატებული და შემოსავლიანიც აღმოჩნდა ჩემთვის. 2016
წელს მქონდა ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა-გაყიდვა საფრანგეთში,
გალერეა "ფრანგულიანში".