როცა აფხაზეთზე ვსაუბრობ, პირველი
რაც მახსენდება, არის გულრიფში... მაგონდება მუდმივად მოწმენდილი ცა,
პრიალა და სრიალა, მუქი მწვანე ფოთლებიანი მანდარინის და ფორთოხლის
ბაღები.
სასურველი კლიმატი, ეგზოტიკური ბუნება. შეუდარებელი სურნელი, რომელიც
მას შემდეგ არც მიგრძნია. კამკამა წყალზე მზის ანარეკლი, წყალში
ხტომა, სილაღე, ბავშვობა, გემრიელი მარილიანი ზღვის წყალი და მზის
ციმციმი კენჭებზე. მხიარული და ნიჭიერი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა
ზღვის სანაპიროზე.
1992 წლის აგვისტოში დაიწყო ომი. თავიდან ვიფიქრეთ რომ გაუგებრობაა.
თუმცა, ქმედებების გააქტიურების გამო, შიშის ხარისხი ძალიან მალე
გაიზარდა. წითელი ტყვიები პირდაპირ ეზოებში ცვიოდა. მამაჩემმა
თბილისიდან მეხუთე დღეს მოახერხა და დასახმარებლად გამოგვიგზავნა
არაჩვეულებრივი ადამიანი. მან გამთენიისას მოგვაკითხა ავტომანქანით.
მე, ჩემი ძმა და დედა წაგვიყვანა დრანდის აეროპორტში. ბებიაჩემს,
თავის საქმეზე და ბუნებაზე შეყვარებულ აგრონომს, აფხაზეთის ნოყიერი
მიწა სამოთხედ მიაჩნდა. მან არ მოინდომა ჩვენთან ერთად წამოსვლა. ჩვენ
არ გამოგვყვა, თავის სახლში დარჩა. როცა ერთი წლის შემდეგ თბილისში
დაბრუნდა, თითქმის არ ლაპარაკობდა. მხოლოდ ერთი პატარა ჩანთა ეჭირა
ხელში, სადაც ედო თავისი გამოყვანილი სხვადასხვა სახეობის
თესლი.
ყველაზე ცუდად აეროპორტი მახსოვს!
ხალხი იხვეწებოდა თვითმფრინავში ასვლას.
ჩემი პატარა ძმა კალთაში მეჯდა,დედა თვითმფრინავში ფეხზე
იდგა.
ჩვენ შემდეგ გამოფრენილი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ცივილიზებულმა სამყარომ უნდა აარიდოს თავი მსგავს პოლიტიკას. ომი
ყველაზე საშინელი რამ არის.
აფხაზეთის ბუნება ისევ გველოდება. ვინ იცის, უფრო გაველურებული, უფრო
ეგზოტიკური პეიზაჟი. თუმცა, ადამიანის გარეშე არაფერია საინტერესო.
აზრს კარგავს ყველაფერი. ამიტომ, თითოეული ადამიანის სიცოცხლე
ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ეს აფხაზეთის პეიზაჟები მივუძღვენი ამ
ომის გმირებს.
მე თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ. მხატვრების, მოქანდაკეების,
მეცნიერების გარემოცვაში. 16 წლამდე ბავშვობას ვატარებდი
აფხაზეთში.
1990 წლებში ვსწავლობდი "აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო
აკადემიაში" კინო-ტელე მხატვრის სპეციალობით. დავამთავრე დაზგური
გრაფიკის ფაკულტეტი.

გამოფენა-პერფორმანსი ეხმაურებოდა აფხაზეთის პეიზაჟის პოპულარიზაციას,
გახსენებას.
პერფორმანსი გამოფენის პარალელურად,
მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირზე დაიგეგმა ფერწერული ტილოს,
"გასეირნება", მიხედვით. ეს ფრთხილად დაგეგმილი აქტი იყო, რომელიც
განხორციელდა ქუჩაში გამვლელების მონაწილეობით. გამოკითხვის შედეგად,
გამვლელების ნაწილმა ვერ ამოიცნო აფხაზეთის პეიზაჟი.
სვლა გადავიღეთ. გაკეთდა სამწუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის
მიზანია არ დავრჩეთ გულგრილნი და შევახსენოთ ჩვენს თავს ის
აუნაზღაურებელი ადამიანური დანაკარგი. გავიხსენოთ პეიზაჟი, რომელასც
ვერ ვხედავთ, რაც არ უნდა დავივიწყოთ, რაც არის ისტორიულად ჩვენი
განუყოფელი ნაწილი.