ელენე "სითის" ერთ-ერთ გადაღებაზე
გავიცანი. თემა იქაც განსხვავებული სტილის მაკიაჟის მორგება იყო.
თუმცა, მაშინ, ელენე მოდელის ამპლუაში იყო. ამჯერად კი, გიყვებით
მასზე, როგორც ვიზაჟისტზე.
ელენე სამი შვილის დედაა. მისი ინსტაგრამ
"სთორებიდან" ვგებულობთ, რომ ის ახერხებს ჩაერთოს ბავშვების ყველა
გაკვეთილის მიმდინარეობაში, მათთან ერთად მოამზადოს ჯანსაღი და
კრეატიული კერძები, ხატოს, აქტიურად ივარჯიშოს, სულ იყოს საოცარ
ფორმაში და, რაც მთავარია, დაეუფლოს ახალ პროფესიას. მიყვება, რომ ამ
სფეროში საკუთარი თავი იპოვა, წინ კი დიდი გეგმები აქვს!
ელენე გოგავა, ვიზაჟისტი
ალბათ, მე იმ იშვიათ ადამიანთა ჯგუფს მივეკუთვნები, ვინც 2020-ით
კმაყოფილია. რადგან ვთვლი, რომ ჩემი თავი ვიპოვე და დიდი პროცენტით,
ეს პანდემიის დამსახურებაა. იმ პერიოდის, რომელიც გამოვიარეთ,
ძირითადად, სახლებში. სოციუმს მოწყვეტილებს, მეტი თავისუფალი დრო
გამოგვიჩნდა ახალი აღმოჩენებისთვის. მე პირადად, წლებია არ დამიხატავს
და ამ პერიოდში დავიწყე. შემდგომში, სწორედ ხატვა გახდა ჩემი მაკიაჟის
შთაგონების წყაროც. ჩემი აზრით, ეს ორი პროფესია ძალიან ახლოს არის
ერთმანეთთან. ჩემთვის, როგორც ვიზაჟისტისთვის, ასე ვთქვათ, ერთგვარი
ბონუსია რომ ვხატავ.
მარგალიტები და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რუსა, სალომე და
მანიკა... მომიყევი ამ პროექტზე.
იდეა ნამდვილად არ არის ინოვაციური, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას
2020-ის ტრენდი გახდა მაკიაჟში მარგალიტების გამოყენება მსოფლიოს
მასშტაბით. ზოგადად, ძალიან მომწონს "არტული" მიმდინარეობა მეიქაფში,
ჩემი აზრით, საშუალებას გაძლევს საკუთარი კრეატიულობა უკეთ წარმოაჩინო
და გააცოცხლო იდეები, რომელიც თავში გიტრიალებს. გადაღებისთვის სამი
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟი შევარჩიე, რომლებიც,
ამავდროულად, ძალიან უხდებიან ერთმანეთს. ჟღალი მანიკა, ქერა რუსა და
შავგვრემანი სალომე.
რა არის ყველაზე რთული ვიზაჟისტისთვის?
ყველაზე რთული პროცესი არის, ალბათ, სწორად მიხვდე ვის როგორი მაკიაჟი
მოუხდება. ყველა ადამიანს ვიზუალის და ნაკვთების მიხედვით
ინდივიდუალურად უნდა შეურჩიო, ამას ვერავინ გასწავლის, ეს შეგრძნება
და ხედვა შიგნიდან უნდა მოდიოდეს. გრძნობდე ვინ რას უკეთ მოირგებს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ბუნებრივი ფორმა და იერი
შენარჩუნებული იყოს ნებისმიერ მაკიაჟში. ტექნიკურად ყველაზე რთული
შესასრულებელია როდესაც ბევრ ფერს ერთად იყენებ. ამ დროს
მნიშვნელოვანია ფერის ძალიან ფრთხილად გადაყვანა და ერთმანეთთან
შერწყმა, სწორი გრადაცია და ეფექტი. თუმცა, მე პირადად, ძალიან
მიყვარს ფერებით თამაში.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
ზუსტად ვიცი, რომ ეს ის საქმეა, რასაც მინდა ჩემი თავი და ცხოვრება
მივუძღვნა. ვთვლი, რომ ჯერ დასაწყისში ვარ და პირველ ნაბიჯებს ვდგამ
იმ მიზნისკენ თუ ოცნებისკენ, რაც საბოლოოდ მაქვს. სამომავლოდ, ჩემს
თავს კინოინდუსტრიაში გრიმის მიმართულებით ვხედავ. ძალიან მხიბლავს
ადამიანის გარდაქმნის, საოცრებების შექმნის პროცესი, საოცარი სკოლები
არსებობს ამერიკაში. აუცილებლად წავალ ამ მიმართულებით სასწავლებლად
როგორც კი გლობალურად დალაგდება სიტუაცია და მომეცემა ამის საშუალება.
რაც ეხება მაკიაჟს და ვიზაჟისტობას, იმას, რასაც დღეს ვაკეთებ, ეს ის
გზა არის, ალბათ, რაც აუცილებლად უნდა გავიარო.
ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: თიკო ჭიღლაძე