ნუცა მიქელაძე
გვაქვს ახალი და ძალიან კარგი ამბავი: ახალ
თაობას უყვარს კულინარია. უყვარს, ერკვევა, კითხულობს, ცდის და
კარგადაც გამოსდის. მათი დიდი ნაწილი უკვე მიეჩვია დამოუკიდებლად
ცხოვრებას, რამაც, თავისთავად მოითხოვა კულინარიული უნარ-ჩვევების
გამომუშავებაც. უმრავლესობა ძალიან კარგადაა გაცნობიერებული
პროდუქტების ნაირსახეობაში, იცის მათი შერჩევა და, რა თქმა უნდა,
კერძების მომზადება.
ნუცა მიქელაძე ახალგაზრდა, საქმიანი
დიასახლისია. სულ ახლახანს დაქორწინდა. ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი
საუკეთესო უნივერსიტეტში, Les Roches Marbella, Spain Global
Hospitality Education-ში სწავლა უძღოდა წინ, სადაც ნუცა
ტურიზმის სფეროს სწავლობდა, რაც სამზარეულოს თემებსაც ითვალისწინებდა.
უნივერსიტეტის სტუდენტები სამზარეულოში მუშაობდნენ და დიდ
გამოცდილებასაც ეუფლებოდნენ. პარალელურად, ჩვენმა გმირმა პოპულარული
ინტსაგრამ პლატფორმა შექმნა, სახელად
@tbilisiplacetogo, სადაც ავტორი საქართველოში
არსებულ სასტუმროებსა და, ახლა უკვე, კაფე-რესტორნებს მიმოიხილავს.
მათ შორის, ცალკეულ მენიუებსაც.
- ამ გვერდზე შემოსულ ადამიანს სწორი და
ობიექტური სურათი უნდა დახვდეს იმის შესახებ, თუ რა საინტერესო
ადგილებია საქართველოში. ეს არ არის კომერციული პლატფორმა და ამ
ეტაპზე ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ვწერ და ვყვები მხოლოდ
იმაზე, რაც რეალურად მომწონს და ხარისხიანია.
ახალ სახლში ახალდაქორწინებულები სულ ახლახანს
გადმოვიდნენ. სამზარეულო მთლიანად ნუცაზეა. მაცივარში უკვე დაინახავთ
გამოცდილი დისახლისის და კულინარის ხელწერას.
- "სითის" რეცეპტებზე რომ ვფიქრობდი,
მინდოდა ისეთი კერძი შემომეთავაზებინა, რაც, ერთის მხრივ, მართლა
ძალიან გემრიელია და მეორეს მხრივ, სწრაფად მოსამზადებელი. მას
"გამომცხვარ" სენდვიჩს დავარქმევდი. მისი მთავარი შემადგენელი ძეხვია.
დღეს ჩვენს ბაზარზე მათი სხვადასხვა სახეობაა და აქ თქვენს გემოვნებას
უნდა ენდოთ.
ნუცა ამბობს, რომ ადამიანს, კულინარიით
გატაცებულს, ცხადია, წონის კონტროლიც უწევს. თუმცა, წონის კონტროლი არ
ნიშნავს მუდმივად მხოლოდ უგემური და ნაკლებკალორიული კერძების
მირთმევას. ისეთ დროში ვცხოვრობთ, საქმე, სტრესი, ბევრ ენერგიას
ითხოვს. ამიტომ, ნუცა სახლში, ლანჩზე, ძალიან მარტივად, ამ გემრიელი
კერძის გაკეთებას გირჩევთ. მსუყე და გემრიელი სენდვიჩებით ოჯახის
წევრებსაც გაუმასპინძლდებით და მეგობრებსაც.
ნუცას გამომცხვარი
სენდვიჩი
1. ძეხვი "სალიამი"
2. პატარა პურები, სასურველია სეზამის
მარცვლებით
3. ყველის თხელი
ფირფიტები
4. კრემ-ყველი
5. პომიდორი
6. კარაქი
7. დახეხილი "პარმეზანი"
8. ოხრახუში
რეცეპტი
პატარა პურები შუაზე გავჭრათ. მის ერთ ნაწილზე
დავდოთ "სალიამის" ძეხვის ნაჭერი, ზევიდან - ევროპული ყველის თხელი
ფირფიტა. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი პომიდორი. პურის მეორე ნაწილს
წავუსვათ კრემ-ყველი და "დავახუროთ" წინა ნაწილს. შემდეგ, დავასხათ
გამდნარი კარაქი, მოვაყაროთ "პარმეზანი" და ცოტა ოხრახუში. მოვათავსოთ
გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით. თქვენი "გამომცხვარი სენდვიჩებიც"
მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ტექსტი: ნატალია
ყიფიანი
ფოტო: LIG
Studio
მაკიაჟი: ნინო
მარტაშვილი