NEW MUST-VISIT PLACE IN
THE CITY
ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, ჯერ კიდევ
მე-19 საუკუნის ბოლოს იწყება. მაშინ, თბილისში, აღმაშენებელის
გამზირზე მდებარე შენობა, სომეხ საქმოსანს, აგურის ქარხნის მფლობელს,
ნიკიტა ადამოვს ეკუთვნოდა. დღეს, ნაგებობა მე-19 საუკუნის თბილისის
ევროპული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს და კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ის შეყვანილია თბილისის
არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების სხვადასხვა
კატალოგში.
შენობა, არქიტექტურული თვალსაზრისით, განეკუთვნება XIX საუკუნის
50-იან წლებში, თბილისში შემოსულ ევროპულ სტილს. ახალი, ევროპული
სტილის ფეშენებელური სახლებისთვის, დამახასიათებელი იყო სადარბაზოების
განსაკუთრებულად მოწყობა. სწორედ ამიტომ, აქ, დროში მოგზაურობა
სადარბაზოში შესვლისთანავე იწყება. აქაურობა სრულად მოხატულია
ფსევდობაროკოს სტილში. ვესტიბიულში შემორჩენილია კედლების ზედა
ნაწილისა და პლაფონის მხატვრობა - არქიტექტურული ელემენტების
იმიტაცია, მცენარეული ორნამენტების მოტივები. მარმარილოს კიბის
უჯრედის კედლებზე - რომანტიკული ხასიათის პეიზაჟები, ორნამენტები და
ტრომპე დ"ოეილ-ის ხერხით შესრულებული პანელები და პილასტრები.
ინტერიერს განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას ანიჭებს ჭერი, რომელიც
გახსნილია და სინათლე უხვად აღწევს შენობაში.
შეუძლებელია ამ ადგილას მოხვიდე და არ აღფრთოვანდე. არ დაგეუფლოს
განცდა, რომ ისტორიის მონაწილე ხარ, არ იფიქრო სხვადასხვა დროსა და
სივრცეში აქ მომხდარ ამბებზე და არ მოგინდეს ეს ადგილი ყველას
გაუზიარო. სწორედ მაშინ, როდესაც აქ ახალგაზრდა, საინტერესო იდეებით
სავსე მეგობრების ჯგუფი პირველად მოხვდა, გაჩნდა იდეა ამ ადგილისთვის
ახალი ისტორია დაწერილიყო.
ნინო ჩხარტიშვილი, არქიტექტორი
ისტორიულ ნაგებობებს აქვთ პრივილეგირებული შესაძლებლობა, გააზიარონ
დროსა და სივრცეში მომხდარი ამბები, რომლებიც სხვა ყველა შემთხვევაში
უთქმელი დარჩებოდა და წარსულში გაჩერებული დროის ეფექტს ახდენენ.
სწორედ ამით მოვიხიბლეთ.
ჩავერთეთ შემოქმედებით პროცესში. მიზანი რთული
იყო, ვაცნობიერებდით რა კულტურულ ღირებულებას. სიძველეში ჩარევით არ
უნდა დაგვეკარგა ავთენტურობა და ხიბლი, რაც დროისგან დაღდაუსმელი
გააჩნდა შენობას.
კონცეფციურად, ვფიქრობთ სასტუმრო მივაწოდოთ როგორც ჯერ აღმოუჩენელი,
ისტორიული, ახალსიცოცხლე მინიჭებული "აღმოუჩენელი კარი". სახელიც
შესაბამისად ავარჩიეთ Unfound Door, (ინსპირაცია
მოდის Thomas Wolfe-ის სადებიუტო ნოველიდან
Look Homeward, Angel).
ინტერიერის დიზაინზე მუშაობის პროცესში, ძირითად გამოწვევას
წარმოადგენდა არსებული სიძველეებისა და კულტურული ღირებულებების
ჰარმონიულად შეხამება ისე, რომ არ დარღვეულიყო შენობის მთლიანობა.
მშენებლობის პროცესში, ყველაფერი რისი გადარჩენა და აღდგენა
შეიძლებოდა, შევინარჩუნეთ. აღვადგინეთ კარ-ფანჯარა, შუშაბანდი, მუხის
იატაკი... რესტავრაცია გავუკეთეთ და ფუნქცია დავუბრუნეთ ანტიკვარულ
აბაზანას, რომელიც ერთეულებია შემორჩენილი დღეისათვის. კედლებზე
შევინარჩუნეთ მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები. ოთახებში გაჩენილ
ახალ კედლებზე გამოვიყენეთ მკვეთრი, კონტრასტული ფერები, რაც ერთგვარ
ექსპერიმენტს წარმოადგენდა, შედეგმა გაამართლა. სასტუმროში ვერ
მოხვდებით ორ მსგავს სივრცეში, ყველა ინდივიდუალურია და ყველა კარის
მიღმა განსხვავებული სამყარო დახვდება მნახველს.
შენობის პირველ სართულზე, რომელიც საცხოვრებელ ფართს წარმოადგენდა,
მოეწყობა სტუმრების მისაღები და მოსასვენებელი სივრცე, ხოლო ზედა 2
სართულზე განთავსდება სასტუმროს ნომრები. ჩვენი გუნდი სიამოვნებით
უმასპინძლებს ყველას, ვისაც დროში მოგზაურობა და თბილისის ახალი,
"აღმოუჩენელი კარის" შეღება სურს.
ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი