City News
ნათია ლაზაშვილი: ჩემი პირობა - სიმართლის თქმაა
მე რომ გავიცანი, უკვე ვარსკვლავი იყო. მას და ნიკა ტაბატაძეს "კურიერის" "ცხრიანი" მიჰყავდათ. მაშინ, "რუსთავი 2" "დელისის" მეტროსთან, მრავალსართულიან შენობაში იყო და იმ შენობაში ფეხი რომ შევადგი, ირგვლივ ცნობილი სახეები მხვდებოდნენ. ჟურნალისტიკის "ოქროს ხანის" "ოქროს გუნდი" იყო, ნამდვილად. მათი სახელების ხსენებას გვარების მიმატება არ სჭირდებოდა. მთელ ქვეყანას აზანზარებდნენ და გრგვინავდნენ. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
ნათია ამ გუნდის მთავარი შემადგენელი იყო. გარეგნულად, ჩემთვის ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახლა. შინაგანად და ხასიათით - ძლიერ თავისებური: მისმა პენელოპა კრუსისეულმა ღიმილმა შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ, ძალიან მაგარი, პრინციპული და ძლიერი გოგოა. უკან არ დაიხევს, სულ რომ ქვეყანა გადატრიალდეს. არ ვიცი, მოყოლილი მაქვს თუ არა ერთი ამბავი. "ფორტ ბოიარდზე" მივდივართ, წინასწარი შესარჩევი ტურია. მე, ნათია და დიმა ობოლაძე "ლაგუნას" აუზის ტრამპლინიდან უნდა გადმოვხტეთ. გადმოვხტეთ? კი ბატონო, რა პრობლემაა. ავდივართ, ავდივართ და აღარ სრულდება ეს კიბე. ავედით იმ სიმაღლეზე, რომ აუზიც და ქვემოდან მაცქერალი აუდიტორიაც ჭიანჭველების ზომისაა. ღმერთო, მოვკვდები - გავიფიქრე. ნათიამ, ალბათ, იგრძნო. ჩემზე წინ მიდიოდა. გამომხედა უკან და მითხრა: "შანსი არაა, უნდა გადავხტეთ, მაგას ვერ ვალაპარაკებთ, "რუსთავი 2-მა" უკან დაიხიაო." გადახტა - გადავხტი. მერე ერთი კვირა მესიზმრებოდა კოშმარები, ან რას ვხტებოდი, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციოს ხელმძღვანელი ვიყავი, ვინ არ წამიყვანდა ან მე, ან ჩემს ვარსკვლავ ლაზოს.

ეგეთია. ხასიათიანი და ეს თავისი პრინციპულობა წლებით დაამტკიცა. რომ დაბრუნდა "რუსთავი 2-ზე", გამორთული ტელევიზორი ჩავრთე. გული მიცემდა, რას იზამს-მეთქი... წაიყვანა და, როგორც ჩვენი საყვარელი დათო დვალი იტყოდა, გაცურა ოკეანეში. ჩემთვის, დღესაც ნომერ პირველი წამყვანია საინფორმაციო გამოშვების და ერთად გატარებული წლები ამ მოსაზრებაში მარწმუნებს. თავისი სტილი აქვს, მკვეთრად გამოხატული და წლების მანძილზე ჩამოყალიბებული.

ჩვენი ბოლო ინტერვიუ წლების წინ, "სითის" ფურცლებზე შედგა. მეუბნებიან, ინტერვიუს მხოლოდ შენ გაძლევს-ხოლმეო, ხუმრობით ვპასუხობ, აბა, სხვას ვის უნდა მისცეს-მეთქი. მაშინ ერთმანეთს ერთი დათქმით დავშორდით, კვლავ შევხვდებოდით, როცა რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა. ეს მნიშვნელოვანი მოხდა: ნათია კვლავ 9 საათიანი `კურიერის" წამყვანია. მე - აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი. ამ ყდით, ერთგვარად, ვემშვიდობები "სითის". ეს ყდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ეს ყდა მე ნათია ლაზაშვილს გადავაბარე!

- დაბრუნება "რუსთავი 2-ში", შენი პირველი საეთერო დღე, როგორი ემოციები გქონდა? რა იყო ყველაზე რთული?

ყველაზე რთული, დაბრუნებაზე გადაწყვეტილების მიღება იყო. პირველ დღეს ემოციების დროც კი არ მქონია. ყვლაფერი სწრაფად მოხდა.

არხი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე იდგა. ყველა მე მაჩქარებდა და პასუხისმგებლობა, რომ "რუსთავი 2" სწრაფად დაბრუნებულიყო ეთერში, ფაქტობრივად, მე დამეკისრა.

თავის დროზე, როდესაც კახა ბექაური "მე-9 არხზე" მელაპარაკებოდა, ვუთხარი - "ნუ გგონია, რომ ამდენი წლის შემდეგ, მოუმზადებლად დავჯდები ეთერში და პირველივე დღეს ისევ ისე თავისუფლად წავიყვან გადაცემას"-მეთქი. მაშინ მითხრა, რომ ზუსტად ასე იქნებოდა და მართალი აღმოჩნდა.

შედიხარ სტუდიაში, "9-იანის" წამზომი ირთვება და... თითქოს არც ყოფილა გამოტოვებული წლები, თითქოს გუშინ დაემშვიდობე მაყურებელს...

- დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას დიდი ხნის ფიქრი დასჭირდა თუ არა?

არა, როგორც გითხარი, დრო არ მქონდა დიდი ხნის ფიქრის. ხმები, ჩემი "რუსთავი 2-ში" დაბრუნების შესახებ, რეალურ შემოთავაზებაზე ბევრად ადრე გავრცელდა. ჩემი გვარი ტრიალებდა სხვადასხვა ეთერში, წერდნენ სოციალურ ქსელებში, მირეკავდნენ, მართალია თუ არა. მე მხოლოდ ვიღიმოდი ზუსტად ისე, როგორც მეღიმება ხოლმე ჭორებზე. ამასობაში არხი გამორთეს და სწორედ ამან იმოქმედა ჩემზე ყველაზე მეტად.

მთელი თავისი ისტორიის განმვლობაში, "კურიერი" არ გამორთულა არცერთხელ.

მაშინაც კი, როცა ჩვენ წავედით, მშვიდად გადავაბარეთ ეთერი და 2 კვირა უკვე "წასულების" სტატუსით ვიმუშავეთ.

გახსოვს ალბათ, გიორგი სანაიას მკვლელობის დღე. მხოლოდ რამდენიმე წუთით გადავაცილეთ "9-იანს" და შემდეგ მომიწია ნამტირალები თვალებით გასვლა ეთერში და ხალხისთვის სიმართლის თქმა. ამიტომ, ჩემს გადაწყვეტილებაზე, ემოციურად სწორედ გამორთულმა "კურიერმა" იმოქმედა.

მე ვაცნობიერებდი, რომ შესაძლებელი იყო "ჩვენი არხი" მეტი აღარასდროს ჩართულიყო. თუ ვერ მოხერხდებოდა გუნდის შეკრება, თუ მოტივაცია არ ექნებოდათ იქ დარჩენილ ადამიანებს და თუ რამდენიმე ადამიანი არ ვიტყოდით: "ჩვენ მოვდივართ!" - ვალებში ჩაგდებული ტელევიზიის ბედი ბეწვზე ეკიდა. შანსი იმისა, რომ "რუსთავი 2" ეთერში აღარ დაბრუნდებოდა, ძალიან დიდი იყო.

ეს, შეიძლება, როდესღაც ძალიან მენანა. ყველა დავა "რუსთავი 2-ის" ირგვლივ, ყველა პრტენზია - ძველების თუ ახლების, აზრს კარგავდა და უკანა პლანზე იწევდა, რადგან 25 წლიანი არხი, რომელიც ამ ქვეყნის რთული ისტორიის სახეა, შეიძლება ისტორიას ჩაბარდებოდა.

- იყო თუ არა შენგან წამოსული რაიმე სახის პირობა, რა შემთხვევაში ჩაიბარებდი 9 საათიან "კურიერს"?..

ჩემი პირობა სიმართლის თქმაა. ყოველთვის! ეს ყველას ესმოდა და ყველამ იცის.

ჩემს კარიერაში ეს რამდენჯერმე მოხდა. როცა სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს აღწევს და როცა ვთვლი, რომ ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, მე პირდაპირ ეთერშივე ვდგები და ვტოვებ არხს. ნდობა, რომელიც მაყურებლისგან მაქვს, ყველაზე ღირებულია ჩემთვის. ამიტომ ის, რომ არხის მფლობელი ჩემს დაბრუნებას ცდილობდა, ჩემთვის უკვე ნიშნავდა იმას, რომ "კურიერისთვის" ძველი სახის დაბრუნება სურდათ და სხვანაირი "კურიერი" არ უნდოდათ. ჩემი პირობები ჩემს კონტრაქტშია - ჟურნალისტური თავისუფლება.
- პირველი დღე... ყველას შენი პიჯაკი დაამახსოვრდა, პირველ საეთერო დღეს რომ გეცვა და შენი იერი, რომელიც, თითქოს, საერთოდ არ შეცვლილა. რატომ ის პიჯაკი, რა გზავნილი იყო?

იმაზე, რომ მე საერთოდ არ ვფიქრობდი ეთერში დაბრუნებას, ჩემი ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთებიც მეტყველებდა.

თავდაპირველად, ამასაც კი ვიმიზეზებდი და ვამბობდი, რომ ბევრად ადრე დაგეგმილ მოგზაურობას არ გადავდებდი. პასუხად მივიღე, რომ მთავარია გამეყვანა ეთერში "კურიერი" და შემდეგ შემეძლო რამდენი დღითაც მინდოდა წავსულიყავი. ბოლოს ასეც მოხდა. თუმცა, ჩემს ორკვირიან "ტაიმ აუტს"ახალი ჭორები მოჰყვა, თითქოს ისევ წავედი არხიდან. ამას იმიტომ ვყვები, რომ მიხვდე რა ცაიტნოტში მომიწია პირდაპირ ეთერში გასვლა. არათუ პიჯაკების შეძენის, იმის დროც კი არ მქონდა, ამდენი წლის შემდეგ, მომერგო სტილი, სტუდიის განათება, კამერების წერტილები, მითუმეტეს, რომ არხი ახლაც კი უმძიმეს ტექნიკურ მდგომარეობაშია და სტუდიაში უძველესი კამერებით მუშაობს.

ამიტომ, როდესაც ჩემს გარდერობს ვათვალიერებდი, შემხვდა პიჯაკი, რომლითაც მაყურებელს "რუსთავი 2-ში" დავემშვიდობე. ჩავთვალე, რომ ეს არ იქნებოდა ცუდი იდეა. ეს გზავნილიც იყო: დავბრუნდი იმ პიჯაკით, რომლითაც წავედი. იმ დღეს, ეს იმის ნიშანი იყო, რომ "კურიერი" უბრუნდება სხვა სტანდარტებს
.

- როგორია "9-იანი" ნათია ლაზაშვილისგან? როგორ იგება ის? აძლევ თუ არა საკუთარ თავს უფლებას, რიგ შემთხვევებში, პოზიცია გამოხატო?

იგეგმება ისე, როგორი ტრადიციაც გვქონდა. საინფორმაციოს უფროსი, პროდიუსერები და წამყვანი ერთად ვგეგმავთ რა არის იმ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და რომელი ამბავია "ღირსი" რომ მოხვდეს მთავარ გამოშვებაში.

ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი პირობა ესეც იყო: საავტორო "9". საავტორო იმდენად, რამდენადაც შეიძლება ახალი ამბები საავტორო იყოს. ეს სტილია ჩემი. ასე იყო "იბერვიზიაში", ასე ვიყავი ძველ "რუსთავი 2-ში", შემდეგ, "მე-9 არხზე" და ასე ვარ ახლაც.
დიახ, მე ვაძლევ თავს უფლებას, რიგ შემთხვევაში, გამოვხატო ჩემი ემოცია ან პოზიცია. თუმცა, ეს ბეწვის ხიდია და მე მიყვარს ამ ბეწვის ხიდზე სიარული. საინფორმაციოს ასე წაყვანას არა გარე ფაქტორები, არამედ შინაგანი ცენზორი სჭირდება, რისი თქმის უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს და რისი არა. მხოლოდ პოლიტიკის ცოდნა და გამოცდილება არ არის საკმარისი.

ჩემი პოზიცია არ არის მხოლოდ ჩემი ემოცია. მას მე გამოვხატავ, როდესაც ის ფაქტებით გამყარებულ სიმართლეს ემთხვევა. სიმართლის თქმა კი, ჩვენს პროფესიაში მთავარია.

ოღონდ, ხაზგასმით ვამბობ - ეს არ არის სტანდარტი და არც იმას ნიშნავს, რომ ყველამ წაყვანის ეს სტილი უნდა აირჩიოს. მე ახალი ამბების მოყოლის ჩემი ხელწერა მაქვს და ის, რის უფლებასაც მე ვაძლევ საკუთარ თავს, არ არის საჭირო, რომ ყველამ სცადოს. მაგალითად, ვიღაც უფრო თეატრალურია, ვიღაც კარგად ხუმრობს, ვიღაც საერთოდ არ თვლის საჭიროდ ზედმეტ მოძრაობას და მხოლოდ ცივად კითხულობს ახალ ამბებს... მთავარია იპოვო შენი სტილი და ამით გახდე უნიკალური.
- ძველი ე.წ. "ოქროს ხანის" "რუსთავი 2" და დღევანდელი, რა განასხვავებს, რა აქვს საერთო?

განსხვავება იმდროინდელ და დღევანდელ ჟურნალისტიკაშია. და ეს ძალიან თვალსაჩინოა. მაინც მგონია, რომ რეგრესია. რაღაც ძალიან მთავარი დააკლდა ახალ თაობას. წლების წინ, წამყვან არხებზე ამოქოლილ თავისუფალ სიტყვას მძიმე შედეგი მოჰყვა.
დრომ, როდესაც ტელევიზიების დიდი ნაწილი პროპაგანდის საშუალებად აქციეს, დიდი დარტყმა მიაყენა ქართულ ჟურნალისტიკას. არ მოხდა განვითარება, არ გაჩნდნენ ახალი სახეები, რომლებიც მაყურებლისთვის ავტორიტეტები იქნებოდნენ. დარეკილი და დაწერილი კითხვების დასმამ, ჩვენი პროფესიის ხარისხზე ძალიან იმოქმედა. ის, რაც დღეს ხდება, არის ამის შედეგი.

ვფიქრობ, რომ როგორც "რუსთავი 2-ის" ე.წ. "ოქროს ხანის" დროს შეძლო მაშინდელმა შემადგენლობამ ქათულ ჟურნალისტიკაში ახალი სტანდარტის დაწესება, ახლაც "რუსთავი 2-ია" ის არხი, რომელიც ცდილობს ახლიდან შემოიტანოს და დაამკვიდროს ეს სტანდარტი. მაგრამ, ეს სწრაფად არ ხდება, ამას დრო სჭირდება. ამ ერთ წელიწადში, ვფიქრობ, ნდობა დავიბრუნეთ. ახლა მეტი ხარისხი და უფრო მეტად ღრმა ჟურნალისტური პროდუქტი გვჭირდება.

- მესმის, ძალიან რთულია შედარება, მაგრამ რატომ დაიკარგა ინდივიდუალიზმი თუნდაც, რეპორტაჟებში? რატომ გადაიქცა რეპორტაჟები, თითქოს, ერთნაირი ჩართვების ერთ გრძელ ჯაჭვად? მე ვერ ვხედავ "სთენდაფებს" სიუჟეტებში, განსაკუთრებულად საინტერესო კადრს, რომლითაც იწყება სიუჟეტი... რაღაც ყველა ერთგვაროვნი ჩანს მაყურებლის თვალით.

მართალი ხარ. სწორედ ინდივიდუალიზმი მაკლია ყველაზე მეტად.

"სთენდაფზე" მეტად უფრო სიღრმისეული რეპორტაჟი და ანალიზი, ცოდნა და მოძიება იმისა, რაც ხელის გულზე არ დევს.

არც მე, როგორც წამყვანს, და არც, ალბათ, მაყურებელს, არ უნდა მხოლოდ იმის ნახვა, რა თქვა ერთმა პოლიტიკოსმა და რით უპასუხა მეორემ. ასეთ ჟურნალისტიკაზე ადვილი არაფერია. როდესაც ხარ არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რეპორტიორი, მაყურებელი შენი ხელწერით უნდა გცნობდეს და, წამყვანთან ერთად, შენც უნდა გელოდებოდეს - რა მოიძია, როგორ გააკეთა განსხვავებულად ის თემა, რომელსაც შენ გარდა, კიდევ ათობით საინფორმაციო გადაცემა აშუქებს.

"კურიერში" არიან ასეთი ჟურნალისტები: მკვეთრად გამორჩეული საკუთარი სტილით, სიღრმით, უნარებით. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მათი გვარებიც მალე ზუსტად ისეთ ემოციებს იწვევდეს, როგორც ის თაობა, რომელთა გვარები დღესაც ცნობადი და პოპულარულია.

- დრო, როდესაც შენს ცხოვრებაში არ იყო ტელევიზია. ბევრი თემა იყო: იყო პოლიტიკური პერიპეტიები, ურთულესი დრო... იყო დრო პოლიტიკური პიარის კეთებისაც... ეს საინტერესო იყო? რა მოგცა ამ დრომ?

ეს ძალიან საინტერესოა. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი პოლიტიკური წიგნია. ყველა პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრში მომიწია ყოფნა და ხშირად მისი უშუალო მონაწილე ვიყავი. ამიტომ, ძალიან კარგად ვიცი ყველა პოლიტიკური მოთამაშე, მათი შესაძლებლობები, მათი ინტერესები. ეს ძალიან დიდი "სიმდიდრეა" ჟურნალისტისთვის. პოლიტიკურ პიარშიც კი, სწორედ იქ ვიყავი, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა. ეს საპირისპირო მხარეა იმ ამბების, რაც საღამოს მედიამ უნდა გააშუქოს.

ეს არის უაღრესად საინტერესო და, მე ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო პროფესია.

სწორ ადგილზე მოხვედრილ სწორ ადამიანებს შეუძლიათ ბევრი კარგის გაკეთება და ასევე, ცუდის პრევენცია, ხელისუფალთა ან პოლიტიკოსთა დაზღვევა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან.
ისიც კარგი "პიარია", როცა ყველაფერი "პიარს" ბრალდება.

- გჯეროდა, რომ დაბრუნდებოდი ტელევიზიაში, ამაზე ფიქრობდი?

ყველა ჟურნალისტი, მით უფრო ტელეჟურნალისტი, ფიქრობს ეთერში დაბრუნებაზე. ალბათ, ასე ხარ შენც. ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელიც, პერიოდულად, რემისიაში გადადის. შეიძლება სხვაგან იპოვო თვითგამოხატვის საშუალება, მაგრამ ტელევიზიაზე მაინც სულ ფიქრობ. სხვა საკითხია, როდის და რა პირობებში ბრუნდები. სულერთი არ უნდა იყოს და ეს სწორ დროს უნდა გააკეთო.

ხშირად მეკითხებიან: - არ გინდა წაიყვანო თოქ შოუ? ან გააკეთო მეტად საავტორო ანალიტიკური გადაცემა? არა, არ მინდა. და ამის მთავარი მიზეზი ქართული პოლიტიკაა. მე არ მაინტერესებს იმ პოლიტიკოსთა უმეტესი ნაწილი, რომლის პასუხიც წინასწარ ვიცი, მეც და მაყურებელმაც. ვიცი რა მიზანი აქვს და რატომ ამბობს დღეს ერთს და ხვალ მეორეს. არ მაინტერესებს ადამიანი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ არის გულწრფელი. ასეთი გადაცემის წამყვანი მხოლოდ ისეთ ქვეყანაში ვიქნებოდი, სადაც მართლა კეთდება პოლიტიკა, პოლიტიკოსები კი, ერთმანეთის ლანძღვის გარდა, ქვეყნის განვითარების ან პრობლემების გადაჭრის რეალურ გეგმებს დებენ.

ამიტომ, "ნიუსი" ჩემთვის უფრო მეტი სიმართლეა, უფრო დინამიკური და ყოველ წუთს განახლებადი. უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს. ახალი ამბები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, სხვანაირ დაბრუნებაზე არც მიფიქრია.

- რა ქმნის კარგი წამყვანის წინაპირობას? რისგან იქმნება ის?

ალბათ, ყველაფერი ერთად. კარგი მეტყველების უნარი არ ნიშნავს კარგ წამყვანობას.

ცოდნა, სტილი, პროფესიონალიზმი, წერის და გადმოცემის, ადამინებთან ახლოს მისვლის უნარი, ნდობის დამსახურება, წაყვანის მანერა და, რაც მთავარია - არ მოატყუო შენი მაყურებელი. ის, ვინც ყოველ საღამოს შენგან ელოდება ამბების მოსმენას. უნდა გრძნობდე შენს მაყურებელს, ადამიანებს უნდა ელაპარაკებოდა და არა კამერას. კამერა ჩვენს პროფესიაში ყველაზე კარგი რენტგენია: საკუთარი თავის ფალსიფიცირება და სიყალბე ეგრევე იგრძნობა. ვფიქრობ, რომ ემოციური ინტელექტია მთავარი. ასეთი წამყვანები კარგად ხვდებიან, ეკრანის მიღმა მყოფი ადამიანების განწყობებს და საჭიროებებს.

- ნათია, აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ შენს სტილზე. იმაზეც, თუ როგორ ინარჩუნებ ფორმას. ჩემი ხედვით, თუკი ფორმაზე ვილაპარაკებთ, ერთი გრამი არ გაქვს მომატებული, მართალი ვარ? როგორ? რამე განსაკუთრებული რეჟიმის შედეგია თუ გენეტიკის?

რეჟიმი, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე ჯანსაღი მაქვს.

ყველამ იცის, გვიან ვიძინებ და გვიან ვიღვიძებ. ყველანაირ სამსახურში ასე ვიყავი და ასე ვარ დღესაც. არც ჯანსაღი კვებით გამოვირჩევი, არც დიდი გურმანი ვარ და ხშირად ვერც ვიცლი ამისთვის. ფორმის შენარჩუნებაზე არასდროს მიფიქრია და შესაბამისად, არც დიეტა ვიცი რა არის, ეს პრობლემა არასდროს მქონია. ისიც კი ვერ წარმომიდგენია, რატომ არ უნდა ჭამო გვიან, იმის შიშით, რომ შეიძლება წონაში მოიმატო. ამიტომ, ყველაფერი, ალბათ უფრო, გენეტიკაა ვიდრე ჩემი დამსახურება.

- სტილი - ვფიქრობ, არც სტილი შეცვლილა დიდად. მაინც რა არის შენთვის, წამყვანის კონტექსტში, ყველაზე ოპტიმალური სტილი.

სტილი მხოლოდ ჩაცმულობა არ არის. ყველაფერი ერთად ქმნის წამყვანის იმიჯს.

როდესაც მეუბნებიან, რომ ვიღაც მბაძავს, ამაზე მხოლოდ მეღიმება. ე.ი სტილი ნაპოვნია.

შეიძლება მიბაძო ნათია ლაზაშვილს, ეკა ხოფერიას, ირაკლი იმნაიშვილს, ან ვინმეს - ბევრად პოპულარულ ცნობილ წამყვანს "ბი-ბი-სი-ზე" ან "ფოქს ნიუსზე", მაგრამ მაშინ, შენ ვერასოდეს გახდები შენი სახელი და გვარი.

როცა ცდილობ დაემსგავსო სხვას, მიბაძო საუბრის მანერაში, მოძრაობაში, ჩაცმულობაში ან თუნდაც, ვარცხნილობაში, შენ კარგავ ინდივიდუალიზმს და კარგავ შანსს, რომ ოპოვო საკუთარი სტილი.

ამიტომ, ოპტიმალური, ეთერშიც და ცხოვრებაშიც, არის ის სტილი, რომელიც შენია და სადაც თავს გრძნობ თავისუფლად და კომფორტულად, როდესაც არ ფიქრობ: "ახლა ასე უნდა გავაკეთო" და როცა ყველაფერი შენია და ბუნებრივი. ეს არის სწორი გზა.
მაყურებელი ყალბს არ მიგიღებს.

- დღეს ამბობენ, მეტ თავისუფლებას იღებს მაყურებელი წამყვანისგან; შენ მაინც აკადემიურობის მომხრე ხარ, თუ აძლევ თავს ერთგვარ თავისუფლებას სტილში?

ჩემი არჩევანი ეთერში, კლასიკური სტილია, ჩაცმულობაშიც და მაკიაჟშიც. ზედმეტად ვერც პომადას და ვერც თვალის ჩრდილს ვერ ვიტან.

თუმცა, ისევე როგორც ეთერში საუბრის დროს, ვცდილობ "დავანგრიო" ახალი ამბების მიწოდების ტრადიციული, ემოციისგან დაცლილი, "ეს მოხდა და ამან ეს თქვა" სტილი. ჩაცმულობაშიც მაქვს თავისუფალი "ამოვარდნები" და ესეც ჩემი გამიზნული ქმედებაა. შემიძლია სტუდიაში დავჯდე ე.წ. "როლინგით", კაბით ან, უბრალოდ, მაისურით. მთავარია იმ წუთას თავი კომფორტულად ვიგრძნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმ დღეს ჩემს ეთერზე აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს პიჯაკები და მთელი ჩემი ცხოვრება მაღაზიაში თვალი, პირველ რიგში, სწორედ პიჯაკებისკენ გამირბის, აუცილებლად მოვახერხებ ახალი ამბების წაყვანის სტილის გადაყვანას უფრო თავისუფალი სტილისკენ, ოღონდ, გონივრული დოზებით.
- როგორ გგონია, აქვს ასაკი ტელეწამყვანობას?

ასაკი ყველაფერს აქვს, ყველა პროფესიას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ყველა პროფესიაში, ტელევიზიაშიც სანამ ადამიანი საჭიროა, სანამ მოთხოვნადია და სანამ შეუძლია, მან უნდა აკეთოს ის საქმე, რაც კარგად გამოსდის. ეს "ახალგაზრდული" ჟურნალისტიკა ჩვენი თაობის დამკვიდრებულია საქართველოში. როდესაც მე "იბერვიზიის" "ნიუსი" პირდაპირ ეთერში გავიყვანე, 20 წლის ვიყავი. მაშინ, უბრალოდ, ეპოქა შეიცვალა და ჩვენ მოგვიწია ახალ რეალობაში, ახალი სატელევიზიო სტანდარტების დაწესება.

ყველა ქვეყანაში ეკრანებამდე, მით უფრო მთავარ გადაცემებამდე, არავინ უშვებს 20 წლის ახალგაზრდებს. მათ ჟურნალისტიკაში ჯერ საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიარონ - შტატივის დამჭერიდან რეპორტიორობამდე.

რატომ არის დღესაც ყველაზე მოთხოვნადი საქართველოში ის ე. წ. "ოქროს თაობა"? იმიტომ, რომ მათ უკან წლები, ჟურნალისტური გამოცდილება და ჟურნალისტური გამოცდებია.

თუ სადმე ასაკი მეორეხარისხოვანია, ეს სწორედ ჟურნალისტიკაა. რადგან, თუ არ გაქვს სერიოზული შეცდომები დაშვებული კარიერის მანძილზე, სწორედ ასაკი გხდის ავტორიტეტულს ამ პროფესიაში.

- გაქვს თუ არა შენთვის დაწესებული ლიმიტი, თუნდაც ასაკობრივი ლიმიტი, რომ აი, ამის მერე უკვე ეს ეტაპი მორჩება.

არა, არანაირი ლიმიტი არ მაქვს საერთოდ ცხოვრებაში ჩემი თავისთვის დაწესებული. ხანდახან ვხუმრობ: - ჯერ არ ვიცი რა უნდა გამოვიდე-მეთქი.

როცა მორჩება - მორჩება. რაღაც იწყება, შემდეგ აუცილებლად მთავრდება და შემდეგ ისევ ახლიდან იწყება. ეს ჩემს ცხოვრებაში უკვე რამდენჯერმე მოხდა. ზოგადად, არა თუ არ მეშინია, პირიქით, მიყვარს სიახლეები. ეს, ალბათ, ჩვენი პროფესიის გვერდითი ეფექტიც არის. როდესაც რამე ხდება, ცუდიც რომ იყოს, რაღაც შინაგანი შფოთვა გვეწყება, სიახლის შეგრძნების, კმაყოფილების იმპულსებით.

ამას ალბათ მხოლოდ ჟურნალისტები გაიგებენ. ეს არის "ახალი ამბავი" და არა აქვს მნიშვნელობა როგორი. ამის გამო, "ცივსისხლიანებსაც" გვიწოდებენ ხოლმე.
- მახსოვს, ერთმანეთს დავშორდით წიგნის თემითაც... თუ სწორად მახსოვს, დეტექტივ-რომანი იყო... რა ხდება ამ წიგნზე?

არაფერი. მაშინაც ვთქვი, ჩემგან ყველა პოლიტიკურ მემუარებს და კულისებს მიღმა მომხდარ ისტორიებს ელოდება. თითქმის 30 წელი ან აქტიურ ჟურნალისტიკაში ან აქტიურ პოლიტიკაში, სწორედ ამას ითხოვს ჩემგან. მე კი, ჯერჯერობით, ამ ყველაფრის თავმოყრა მეზარება. თუმცა, როდესაც ვუყურებ ცნობილ პოლიტიკურ სერიალებს და რა ხდება, მაგალითად, თეთრი სახლის მიღმა, მიფიქრია რომ დავწერო ტელესერიალის სცენარი ქართულ პოლიტიკაზე, რომელიც, მერწმუნეთ, არანაკლებ საინტერესოა, თავისი პერსონებით, ინტრიგებით და ისტორიებით...

რაც შეეხება უკვე დაწერილ რომანს, ის ისევე დევს, როგორც იდო, არ შევხებივარ. ზოგი რამ, იმ 15 წლის წინ დაწერილ წიგნში, წინასწარმეტყველურიც არის და ცოტა მეშინია.

- დრო ტელევიზიის მიღმა - ის ბევრია და რაზე ნაწილდება?

არც ისე ბევრია ეს დრო. რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობები გვეკისრება ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ. ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ, ისევე, როგორც შენ. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მზრუნველი ნიშანი, თუმცა ყველაზე ცვალებადი ხასიათით. ამიტომ, სულ მგონია, რომ მე მაკისრია პასუხიმსგებლობები ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე.

არ გამოვხატავ, მაგრამ მუდმივად მაქვს შინაგანი შფოთვა მათზე.

სახლში ყოფნისას, თავისუფალ დროს არქიტექტურისა და დიზაინის სიახლეეებით ვტკბები. გონებაში ვაშენებ ჩემი ოცნების სახლს. ხანდახან ონლაინ შოფინგითაც ვირთობ თავს, მაგრამ იქვე მუდამ "ვარეფრეშებ" ახალი ამბების გვერდებს: მოხდა თუ არა რამე ახალი მსოფლიოში. ასე რომ, ტვინი მაინც სულ "ნიუსის" მიმართულებით მუშაობს.

- ლეკოზე მინდა მომიყვე, სად არის, რა გეგმები აქვს?

უკვე თბილისშია, რამდენიმე წელია. ახალი, მაგრამ უკვე საკმაოდ წარმატებული და ექიმების ძალიან მაგარი გუნდისგან შექმნილი სამედიცინო კლინიკის, "თიმის" ერთ-ერთი დირექტორია. თუმცა, ის პროფესიით ექიმი არ არის. ბრიტანეთში, ექსეტერის უნივერსიტეტი ბიზნესის განხრით აქვს დამთავრებული და კლინიკაშიც ამ მიმართულებით მუშაობს.

- რა იცვლება ურთიერთობაში შვილთან, როდესაც ის იზრდება... სირთულე სადაა? თუ პირიქით, უკვე გადალახულია სირთულეები და გადადის სხვა ეტაპზე.

არ ვიცი, ლეკო არასდროს იყო რთული ბავშვი, თუ მე არ ვიყავი მკაცრი და მომთხოვნი დედა, მაგრამ ჩვენ შორის დიდ სირთულეებს ვერ ვიხსენებ. ვცდილობდი ყოველთვის თავისუფლება მიმეცა და არც არასდროს შემიზღუდავს მის გადაწყვეტილებებში. თუ ვჭირდები - ვეხმარები, დიდად არ ვაწუხებ კითხვებით. რაც შეეხება ცვლილებებს ურთიერთობაში, ის უკვე ზრდასრული ადამიანია და შესაბამისად, სულ უფრო მეტად მაქვს მისი იმედი. ჩვენი ოჯახის რამდენიმე წევრს და ახლობელს მოუწია მის კლინკიაში მოხვედრა და მივხვდი, რომ ამასობაში ჩვენი დასაყრდენიც გახდა. ადრე, როგორც ყველა, ჩვენც ოჯახის ახლობელ ექიმებს ვურეკავდით, ახლა ლეკოა ჩვენი ადრესატი.

- გოგიტა, შენი მეუღლე, შენი წარმატებების და ზოგადად, ბრენდის "ნათია ლაზაშვილი" ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი მგონია. თქვენმა პარტნიორობამ, ოჯახმა, სიყვარულმა მართლა ამდენ წელს გაუძლო. როგორ? რაზეა ის დაფუძნებული? რა არის მთავარი, როდესაც ურთიერთობა ამდენ წელს გრძელდება?

27 წელი გახდება ივლისში. ის ჩემი ყველაზე საიმედო ადამიანია, მყარი ზურგი. შეიძლება ყველა ქალს ასე ჰგონია, მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესო ქმარია დედამიწაზე. ყოველთვის ხელს მიწყობდა და მიწყობს ყველაფერში. მეტიც, თუ საჭირო ხდება, პირველ რიგში ჩემს ინტერესებს ითვალისწინებს. მაშინაც კი, როდესაც ჩემი "რუსთავი 2-დან" წასვლით, მისი კარიერა დადგა საფრთხის ქვეშ, პირდაპირ მითხრა, რომ მე ისე უნდა მოვიქცე, როგორც ვთვლი რომ სწორია. ახლაც, მისი დიდი დამსახურებაა რომ დავბრუნდი. მან დამარწმუნა, რომ მე მხოლოდ ერთი პროფესია მაქვს და ინტერესთა კონფლიქტის გამო არ უნდა დავზარალდე. ის კი მუშაობას სხვაგანაც შეძლებს. ის არასდროს მავალდებულებდა ან ითხოვდა ჩემგან იმას, რაც არ მინდა, არ მიყვარს ან არ ვიცი. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში არის რთული პერიოდები. ჩვენც ვჩხუბობთ ხოლმე, მით უმეტეს, რომ მე ჯიუტი ვარ და გაბუტვა ვიცი. ვფიქრობ, რომ იოლი ხასიათი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ პრეტენზიული. ამიტომ, ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო უფრო გოგიტაა. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელშიც გოგიტა დადებით ემოციებს არ იწვევს და არ უყვარს, რასაც ალბათ ვერ ვიტყვი ჩემზე. მე ადამიანებს ბევრად ცივი ვგონივარ, ვიდრე რეალურად ვარ.

- მე ვფიქრობ, რომ არა ჟურნალისტიკა, სადღაც არქიტექტურასა და დიზაინში იქნებოდი, ასეა?

არ ვიცი. ხან მწერალი, ხან ინტერიერის დიზაინერი. თუ იმასაც დავუშვებთ, რომ საქართველოში არ დავიბადებოდი, შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, პოლიტტექნოლოგი ვყოფილიყავი, ბრიტანეთში _ სპეცსამსახურის,
MI 6-ის აგენტი, არაბულ სამყაროში - ქალების უფლებების დამცველი. ამ ყველაფერზე მიფიქრია და იმაზეც მიფიქრია, რომ აქ მასშტაბები არ მყოფნის.

- მთაწმინდის სახლიც და ესეც,შენი მშობლების სახლი, შენი დაპროექტებულია, არა? რა ქვია ამ სტილს, როგორ ქმნი სახლის დიზაინს, რა არის ინსპირაცია?

მე სადაც გავიზარდე, ის ქვედა სართულია. ეს ჩვენ დავაშენეთ, მოგვიანებით.

ყველა სახლი მე მგავს. არსად არ არის ერთი მიმართულება. ჩემთვის მოსაწყენია მხოლოდ კლასიკური ან მხოლოდ თანამედროვე სტილი. აქ ყველაფერია, ლოფტიც და სიძველეებიც. რკინა-ბეტონის ფაქტურა და ვინტაჟური ჭაღიც. დიზაინშიც უპირატესობას თავისუფლებას ვანიჭებ და არ ვცდილობ რომელიმე სტილის ჩარჩოებში მოვიქციო თავი. იმდენად მომწონს ეს საქმე, რომ ვფიქრობდი კიდეც, უფრო სერიოზულად მომეკიდა ხელი. თუმცა, იმასაც მივხვდი, რომ დამკვეთის სურვილებს ვერ გავითვალისწინებ. ახლა საგურამოს სახლზე ვარ გადართული. იქ ყველაფერი უფრო იაპონურად სადა და მარტივი იქნება.

- მოდი, მითხარი შენთვის იდეალური თანაწამყვანი ვინ არის? ვინ იყო? გამოყოფდი ერთს?

კი, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნიკა ტაბატაძეა. ერთადერთი თანაწამყვანი, რომელთანაც არასდროს მიგრძნია დისკომფორტი. ის მაშველი რგოლიც იყო. არასდროს ისე შეწყობილად არ მიმუშავია ვინმესთან, როგორც ნიკასთან. ჩვენ ერთი სტილი, ერთი ენა, ერთი ტემპი და ერთნაირი გემოვნება გვქონდა. ამიტომაც, რამდენიმე სხვაგვარი გამოცდილების შემდეგ, ჩემი "მე-9 არხზე" მისვლის და "რუსთავი 2-ზე" დაბრუნების წინაპირობა ესეც იყო: გადაცემის მარტო წაყვანა. სხვა შემთხვევაში, მე ვვარდები ჩემი სტილიდან.

- ჩვენი ბოლო ინტერვიუ დასრულდა დათქმით, რომ ერთმანეთს შევხვდებოდით მაშინ, როდესაც მოხდებოდა რაღაც განსაკუთრებული. მაშინ იგულისხმებოდა, "რუსთავი 2-ში" დაბრუნება... რა დათქმა შეიძლება გავაკეთოთ დღეს, კვლავ შევხვდებით ერთმანეთეს, როდესაც...

შეგვიძლია როლები გავცვალოთ და მე ავიღო ინტერვიუ შენგან. იმავე "სითის" ფარგლებში. მით უმეტეს, რომ შენ უკვე მინისტრი ხარ და დღეიდან აღარ იქნები ჟურნალის რედაქტორი. რაც შეეხება ჩემს რესპონდენტობას, შენ ის იშვიათი გამონაკლისი ხარ, ვისაც ყოველთვის ვაძლევ ინტერვიუს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რესპონდენტ - ინტერვიუერის ამპლუაში კიდევ ბევრჯერ შევხვდებით...

და მოდი, არც ტელევიზიაში ერთად მუშაობა გამოვრიცხოთ.



ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
მაკიაჟი: ნინი სოხაშვილი
თმა: თამარ ყამბარაშვილი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა