მე რომ გავიცანი, უკვე ვარსკვლავი
იყო. მას და ნიკა ტაბატაძეს "კურიერის" "ცხრიანი" მიჰყავდათ. მაშინ,
"რუსთავი 2" "დელისის" მეტროსთან, მრავალსართულიან შენობაში იყო და იმ
შენობაში ფეხი რომ შევადგი, ირგვლივ ცნობილი სახეები მხვდებოდნენ.
ჟურნალისტიკის "ოქროს ხანის" "ოქროს გუნდი" იყო, ნამდვილად. მათი
სახელების ხსენებას გვარების მიმატება არ სჭირდებოდა. მთელ ქვეყანას
აზანზარებდნენ და გრგვინავდნენ. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
ნათია ამ გუნდის მთავარი შემადგენელი იყო.
გარეგნულად, ჩემთვის ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახლა. შინაგანად და
ხასიათით - ძლიერ თავისებური: მისმა პენელოპა კრუსისეულმა ღიმილმა
შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ, ძალიან მაგარი, პრინციპული და ძლიერი
გოგოა. უკან არ დაიხევს, სულ რომ ქვეყანა გადატრიალდეს. არ ვიცი,
მოყოლილი მაქვს თუ არა ერთი ამბავი. "ფორტ ბოიარდზე" მივდივართ,
წინასწარი შესარჩევი ტურია. მე, ნათია და დიმა ობოლაძე "ლაგუნას"
აუზის ტრამპლინიდან უნდა გადმოვხტეთ. გადმოვხტეთ? კი ბატონო, რა
პრობლემაა. ავდივართ, ავდივართ და აღარ სრულდება ეს კიბე. ავედით იმ
სიმაღლეზე, რომ აუზიც და ქვემოდან მაცქერალი აუდიტორიაც ჭიანჭველების
ზომისაა. ღმერთო, მოვკვდები - გავიფიქრე. ნათიამ, ალბათ, იგრძნო.
ჩემზე წინ მიდიოდა. გამომხედა უკან და მითხრა: "შანსი არაა, უნდა
გადავხტეთ, მაგას ვერ ვალაპარაკებთ, "რუსთავი 2-მა" უკან დაიხიაო."
გადახტა - გადავხტი. მერე ერთი კვირა მესიზმრებოდა კოშმარები, ან რას
ვხტებოდი, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციოს ხელმძღვანელი ვიყავი, ვინ არ
წამიყვანდა ან მე, ან ჩემს ვარსკვლავ ლაზოს.
ეგეთია. ხასიათიანი და ეს თავისი პრინციპულობა წლებით დაამტკიცა. რომ
დაბრუნდა "რუსთავი 2-ზე", გამორთული ტელევიზორი ჩავრთე. გული მიცემდა,
რას იზამს-მეთქი... წაიყვანა და, როგორც ჩვენი საყვარელი დათო დვალი
იტყოდა, გაცურა ოკეანეში. ჩემთვის, დღესაც ნომერ პირველი წამყვანია
საინფორმაციო გამოშვების და ერთად გატარებული წლები ამ მოსაზრებაში
მარწმუნებს. თავისი სტილი აქვს, მკვეთრად გამოხატული და წლების
მანძილზე ჩამოყალიბებული.
ჩვენი ბოლო ინტერვიუ წლების წინ, "სითის" ფურცლებზე შედგა.
მეუბნებიან, ინტერვიუს მხოლოდ შენ გაძლევს-ხოლმეო, ხუმრობით ვპასუხობ,
აბა, სხვას ვის უნდა მისცეს-მეთქი. მაშინ ერთმანეთს ერთი დათქმით
დავშორდით, კვლავ შევხვდებოდით, როცა რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა.
ეს მნიშვნელოვანი მოხდა: ნათია კვლავ 9 საათიანი `კურიერის"
წამყვანია. მე - აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი. ამ
ყდით, ერთგვარად, ვემშვიდობები "სითის". ეს ყდა ჩემთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი იყო. ეს ყდა მე ნათია ლაზაშვილს გადავაბარე!
ეკა ხოფერია