City News
Baby ბუმი 2021
ანა შელია და ელი ლომიძე.  ელი 2020 წლის 13 ნოემბერს დაიბადა. განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩვენი პირველი შეხვედრა ელისთან. ძალიან ტკბილი და თბილი იყო თავიდანვე. პირველად რომ ჩავიხუტე, მას მერე სულ ჩახუტებული მყავს. სახელი მე შევურჩიე. მინდოდა მოკლე და უცხო სახელი. ძალიან ბევრი ვარიანტი გვქონდა და ბოლოს ელიზე შევჯერდით. მთელი 9 თვე ვფიქრობდით. როდესაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი, თვითიზოლაციაში ვიყავით. ამ სიახლემ ეს პერიოდი ძალიან გაგვიმხიარულა. ამ დროს მაქსიმალურად ვიკავებდი თავს ხალხმრავლობისგან.

ორსულობის პირველი 7 თვე საქართველოში გავატარე, ძირითადად, იზოლაციაში. მხოლოდ მშობლებს ვსტუმრობდით. ლაშაც არ მუშაობდა, რადგანაც შეჩერებული იყო სეზონი. ძალიან რთული იყო. 7 თვის ორსული ვიყავი, როცა, ლაშას კარიერიდან გამომდინარე, გავფრინდით საფრანგეთში და იქ დაიბადა ელი. იმ ქალაქში მკაცრი კარანტინი იყო. 18:00-ზე კომენდანტი იწყებოდა. ჩვენც ვფრთხილობდით და ძირითადად, სახლში ვიყავი. ორსულობის დროს ვერ ვვარჯიშობდი, უბრალოდ, სწორად ვიკვებებოდი. ვცდილობდი მაქსიმალურად მეთქვა უარი ტკბილეულსა და ცომზე. ვსეირნობდი ფეხით.

პირველ პერიოდში ვერავინ გვეხმარებოდა, რადგან საზღვრები ჩაიკეტა და საქართველოდან ვერავინ ჩამოვიდა. ვერც საფრანგეთში მყოფი ჩვენი მეგობრები, რადგან ჩაკეტილი იყო საქალაქთაშორისო მიმოსვლა. პირველი 3 თვე გაზები აწუხებდა და შედარებით რთული პერიოდი იყო. ნორმალურად არ ეძინა, სულ ხელში გვყავდა. სამი თვის მერე ყველაფერი შედარებით გამარტივდა, დღე და ღამეც კარგად ძინავს.

ელი ძალიან წყნარი და მხიარულია. აქვს თავისი რეჟიმი, რომელსაც ყველა ვერგებით. ძალიან მოსწონს ბოსტნეულის პიურეები. განსაკუთრებით ყაბაყი, სტაფილო, გოგრა. მოსწონს ყველანაირი აქტივობა და სხვათა შორის, მარტოც ძალიან კარგად ირთობს თავს. სიმღერებიდან, ძალიან უყვარს aladdin-ის whole new World.

საქართველოში ახლახანს ჩამოვედით. ბებია-ბაბუები განსაკუთრებით ელოდებოდნენ ელის ჩამოსვლას. 6 თვის ასაკში ნახეს პირველად და ეს შეხვედრა ძალიან ემოციური იყო.

ანკა ვასაძე და ანასტასია (ტუსია) თოფურიძე

ანასტასია პირველად რომ ხელში ავიყვანე, ბედნიერებისგან ვიტირე. მთელი ორსულობა ვფიქრობდით სახელზე. ბიჭის სახელი ბევრად ადვილი ასარჩევი იყო ჩვენთვის. ყველა სახელი განვიხილეთ - ხშირი, იშვიათი... თავიდანვე ვიცოდით, რომ უცნაურ სახელს არ დავარქმევდით, მაგრამ ვერაფრით გადავწყვიტეთ. დაბადებიდან ორი საათი უსახელო გოგო იყო. როცა მამამ გაიცნო, ვუთხარი - ანასტასია მოუხდება-მეთქი და ასე გადაწყდა.

როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი, გავიფიქრე, როგორ გავახარებდი ჩემი ოჯახის წევრებს. ორსულობის პირველი თვიდან ვმუშაობდი გადაცემაზე "დიდი ამბავი". ვერ ვიტყვი, რომ ამ მდგომარეობამ ხელი შემიშალა. 4 თვის ვიყავი, როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" დადგმული ვენური ვალსი ვიცეკვე და 5 თვის ორსულმა - ქუიქსტეპი. ითვლება, რომ აქტიური ორსულობა მქონდა. თუმცა, ეს ყველაზე თავისუფალი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. თეატრის გარეშე ცხოვრებას, ალბათ, ასე ვერ გადავიტანდი, ჩემი გონება ცხოვრების მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი "პროექტით" რომ არ ყოფილიყო დაკავებული.

მეშვიდე თვეში ვიყავი, როცა ინსტაგრამზე დავიწყე ლაივ ვარჯიშები ორსულებისთვის. მოვძებნე ყველაზე უსაფრთხო ვარჯიშები, რაშიც, მიხარია რომ სხვა ორსულებიც ამყვნენ. პანდემიამ შემიშალა ხელი. მინდოდა ორსულთა იოგაზე მევლო. ზოგადად, პანდემიის მიუხედავად, აქტიური ორსული ვიყავი. რეგულაციების დაცვით ვმოძრაობდი ყველგან. ორსულობის გარეშეც ავარიდებდი თავს ხალხმრავალ სიტუაციებს. ნეგატიური ინფორმაცია, რაც ტელევიზიით და სოციალური ქსელით გვსტრესავს, აღარ შემეძლო. ამიტომ, უკვე არ ვითვლი სტატისტიკას და ტელევიზორსაც არ ვუყურებ.

ძიძის აყვანას შემოდგომამდე არ ვაპირებ. ბავშვის მოვლაში არც მჭირდება დახმარება. პირველ და მეორე შვილსაც პირველი დღიდან თვითონ ვუკეთებ ყველაფერს. ზოგადად, ყველაზე დიდი დამხმარე ჩემი დედამთილია, წლების მანძილზე. თუმცა, ახლა დედაჩემია ჩართული ყველაზე აქტიურად და ჩემი და. ყველა ქალს სჭირდება, ალბათ, ასეთ დროს დედის დახმარება. ტუსიას ხასიათზე საუბარი ადრეა. ჯერ ერთი თვისაა. თუმცა, უძილო ღამეები ნიკოლოზის დროს უფრო მქონდა. ითვლება, რომ არ მაწვალებს, მაგრამ ღამე ორჯერ იღვიძებს საჭმელად. ბუნებრივ კვებაზე მყავს და ეს ძალიან კომფორტულია. ყველაზე მეტად ხელში აყვანა და სიარული მოსწონს, რითაც მამა ანებივრებს საღამოობით. ჯერ ზღაპრებს არ ვუყვებით, ოთხი თვიდან უნდა დავიწყოთ. საყვარელი სიმღერა "იავნანაა". ასევე, მოსწონს შოპენი, მოცარტი და შუბერტი.

გვანცა ჩხეიძე, ირაკლი და მარიამ ურუმაშვილები

არ მგონია არსებობდეს იმ გრძნობაზე მეტად სასიხარულო რამ, რომელიც ყველა დედას უჩნდება თავისი პატარას დანახვისას. ასევე, წარმოუდგენელია იმ მომენტის და განცდის გადმოცემა ან აღწერა, როდესაც შენს პატარას პირველად იხუტებ გულში, როდესაც ერთიანად შეიგრძნობ იმ დიდ სიხარულს, სიყვარულს და უსაზღვრო პასუხისმგებლობას, რაც დედად გახდომას ახლავს თან. ბავშვის სახელის შერჩევა არ გამჭირვებია, რადგან ვიცოდი, თუ ბიჭი იქნებოდა მამის სახელი, ირაკლი უნდა დამერქმია. თავდაპირველად, როდესაც ფეხმძიმობის შესახებ გავიგე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. გამიხარდა, რომ ჩემს მარიამს დედმამიშვილი ეყოლებოდა. ვთვლი, რომ ეს არის დიდი საჩუქარი, ბედნიერება, როცა მარტო არ ხარ და გყავს საყვარელი და ყველაზე შენიანი ადამიანი, დის ან ძმის სახით.

ამჟამად, გახლავართ კომუნიკაციების ომბუდსმენი. როგორც მარიამზე, ასევე, რა თქმა უნდა იკაზეც, მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში სრული დატვირთვით ვმუშაობდი. ასევე, დამატებით, სტუდენტებისთვის ვატარებდი ლექციებს. თუმცა, მარიამისგან განსხვავებით, იკას ფეხმძიმობაზე, პანდემიიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის კეთება დისტანციურად, ონლინ რეჟიმში მომიწია რაც, დამეთანხმებით, რომ ძალზე რთული პროცესია.

რთული ჟამი დგას. კოვიდ პანდემიაა და რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან რთულია. ორსულთათვის კი, ორმაგად რთული ასატანი, რისკიანი და გაუსაძლისია. პანდემიის გამო, იძულებული გავხდი შემეცვალა ცხოვრების წესი, რომელიც იყო საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობით, იქნებოდა ეს სტუდენტებით დატვირთული აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზები თუ უბრალოდ, მეგობრებთან ერთად შეკრება. შესაბამისად, მომიხდა ამ ყველაფრის გვერდზე გადადება და შეგუება ცხოვრების ახალ წესთან, რომელიც იყო სრულიად იზოლირებული გარე სამყაროსგან და ხალხისგან. ამ პერიოდში ხალხთან ურთიერთობის ერთადერთ წყაროდ ელექტრონული გაჯეტები იქცა. ასევე, ეს ყველაფერი რთული აღმოჩნდა ჩემი 3 წლის შვილისთვის, რომლის ასაკშიც აუცილებელია ბავშვებთან ურთიერთობა და გართობა.

იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, ვთვლი, რომ დღევანდელ დღეს აუცილებელია ინფორმაციის მიღება სხვადასხვა წყაროდან. შესაბამისად, პანდემიის საწყის ეტაპზე საკმაოდ ბევრ ინფორმაცაის ვეცნობოდი Covid-19-თან დაკავშირებით. მინდოდა მცოდნოდა რასთან მომიწევდა გამკლავება საჭირო დროს. იყო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, მაგალითად, იზრდებოდა თუ არა ორსულობისას Covid-19-ის გართულებების ალბათობა, გადაეცემოდა თუ არა ვირუსი ნაყოფს, უნდა შემემცირებინა თუ არა კლინიკაში ექიმთან ვიზიტების რაოდენობა და ა.შ. რაც, მუდმივ რეჟიმში, ჩემი შფოთვის საგანს წარმოადგენდა.

ვთვლი, რომ საკმაოდ გამიმართლა ძიძაში. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩემი მარიამი ძალიან უყვარს, რაც უმნიშვნელოვანესია ბავშვისა და ძიძის ურთიერთობაში. რაც შეეხება პანდემიას, იზოლაციას და, შესაბამისად, ძიძის ტრანსპორტირებისა და გადაადგილების საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვქმნია, ვინაიდან იგი, პირველი კარანტინის პერიოდიდან დაწყებული, ზაფხულის ბოლომდე, ჩემი და ჩემი შვილის გვერდით იდგა და არცერთი დღე არ მივუტოვებივართ მარტო.

რაც შეეხება ჩემს შვილებს და მათ ხასიათს, მარიამი არის ძალიან კეთილი, მხიარული და მოსიყვარულე ბავშვი. როგორც აღვნიშნე, პანდემიის პერიოდში გამუდმებით სახლში გვიწევდა ყოფნა და სრულიად იზოლირებული ვიყავით გარე სამყაროსგან, რაც მარტივი არც ბავშვისთვის ყოფილა. თუმცა, თავს მაინც ძალიან მხიარულად გრძნობდა, ვინაიდან დედა სულ სახლში ჰყავდა და ეს მისი ბედნიერებისთვის საკმარისი იყო. პატარა ირაკლის, ისევე როგორც ყველა ბავშვს, დედასთან ყოფნა და ჩახუტება ყველაფერს ურჩევნია. იგი არის ძალიან მხიარული და მშვიდი, მხოლოდ მაშინ, როდესაც არ შია. არის ხელოვნურ კვებაზე, რითაც ძალიან კმაყოფილია. უყვარს ჰაერზე სეირნობა, თამაში, თავის დაიკოსთან ლაპარაკი და ურთიერთობა.

ელენე ქორიძე და კირა ნაჭყებია

რთულია სიტყვებით ავხსნა რა გრძნობა მქონდა, როდესაც კირა პირველად ავიყვანე ხელში. ეს სახელი ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონდა. ჩემი მეგობრის ბებიას ჰქვია და ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ამ სახელზე. როდესაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი, პირველი გავიფიქრე _ ღმერთო, ნეტა გოგო იყოს-მეთქი და ამისრულდა კიდეც. ძალიან მინდოდა გოგო.

ორსულობის პერიოდში აქტიურად ვმუშაობდი ვაკის პარკში, "შუმბა ლენდში". საერთოდ, ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბავშვებთან ურთიერთობა და ვთვლი, რომ საჩემო სამსახური მაქვს. ორსულობის პერიოდში მეორე პროექტზეც ვმუშაობდი. ორბელიანის მოედანზე, ძალიან საინტერესო და ლამაზ სივრცეში, გავაკეთე საბავშვო კუთხე, გასართობი და კვების ობიექტები. ასევე, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა. მოკლედ, მეცხრე თვემდე აქტიურად ვმუშაობდი.

სხვათა შორის, პანდემიის პერიოდი ჩემთვის არ იყო რთული. ვთვლი, რომ პანდემია, გარკვეულწილად, დამეხმარა კიდეც. საწყის პერიოდში, როდესაც ისედაც სუსტად ხარ, მხოლოდ ჰაერზე თუ გავიდოდი სასეირნოდ. შემდეგ, მშობიარობამდე დრო მცხეთაში, აგარაკზე გავატარე.

დამხმარე არ მყავს. ქმარი და უფროსი შვილი, 9 წლის ნიკოლოზი მეხმარებიან ძალიან. ძიძა არც პირველ შვილზე მყოლია. გვინდა რომ შვილები ჩვენით გავზარდოთ. თუ მჭირდება, ბავშვის დამტოვებელი მყავს. ამ მხრივ ოჯახის წევრები ძალიან მეხმარებიან.

ჯერ-ჯერობით კირას გადასარევი ხასიათი აქვს და ვნახოთ... რეჟიმი კარგი აქვს, ღამეც ნორმალურად სძინავს. ჭამისთვის იღვიძებს და აგრძელებს ძილს. ყველაზე მეტად მოსწონს ბანაობა, სეირნობა, თამაში. გიჟდება ზღაპრებზე, ყურადღებით გვისმენს ხოლმე. ძალიან მოსწონს გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლების" მელოდია. სათამაშოც გვაქვს, რომელიც ამ მელოდიას უკრავს. ძალიან მოსწონს მოცარტის მუსიკაც. ძილის წინ ვუმღერი სხვადასხვა სიმღერას, მათ შორის, "იავნანას".

თათია ჯანუაშვილი და გიორგი ასაშვილი

გიორგი 2019 წლის 12 აგვისტოს დაიბადა. როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი, მოულოდნელობისგან დავიბენი. თუმცა, იმწუთასვე გავიაზრე, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყებოდა. სქესი როცა გავიგე, უკვე ვიცოდი რაც უნდა დამერქმია. მყავს მეგობრის შვილი გიორგი, რომელიც გამორჩეულად მიყვარს და სულ ვამბობდი, რომ თუ ბიჭი მეყოლებოდა, მის სახელს დავარქმევდი.

გამიმართლა რომ კარგი ორსულობა მქონდა და ბოლო დღემდე ვმუშაობდი. ფორმის შესანარჩუნებლად ბევრს ვსეირნობდი და ვცდილობდი ჩემი რაციონი ჯანსაღი პროდუქტებით შემევსო.

7 თვის იყო გიორგი, როდესაც პანდემია დაიწყო. შემეშინდა და ქალაქგარეთ, მეგობრის აგარაკზე გავატარეთ რთული პერიოდი. სულ ვადევნებდი თვალს ოფიციალურ მონაცემებს და ვიცავდი რეკომენდაციებს, მაგრამ თავს ვარიდებდი ზედმეტი ნეგატიური ინფორმაციის მიღებას. ჩაკეტილობის პერიოდში ძალიან მეხმარებოდა ძიძა, რომელიც თითქმის ოჯახის წევრივით მყავს. ყველაზე კრიტიკულ პერიოდში ჩვენთან ცხოვრობდა. გიორგის საკმაოდ მშვიდი ხასიათი აქვს. ერთი დღეც არ ჰქონია რეჟიმი დარღვეული. მისი კვების რაციონიც ჯანსაღია, უყვარს ხილი და ბოსტნეული. დისციპლინირებული და პოზიტიურია, რაც ძალიან მიმარტივებს მის აღზრდას. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კონტაქტურია, სათამაშოებზე მეტად უყვარს ბავშვებთან თამაში. რამდენიმე დღის იყო, როდესაც ნათლიამ მოუტანა საწოლის თავზე დასაკიდებელი მუსიკალური სათამაშო გია ყანჩელის მელოდიებით, რომლითაც იძინებდა და ახლაც ძალიან უყვარს. მისი საყვარელი ზღაპარი კი სამი გოჭის ამბავია.

მანანა უგულავა, თამარ და მაია ადეიშვილები

თამარი 30 მაისს დაიბადა. პირველად ხელში რომ ავიყვანე, ჭკვიანი თვალებით შემომხედა და მივხვდი, რომ უკვე ძალიან მიყვარდა. სახელზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან თამარი დედას სახელია. მიჭირს გადმოვცე ის შეგრძნება, რომელიც დამეუფლა როცა ორსულობის შესახებ გავიგე. საოცარი ემოციაა, რთულად ასახსნელი... ძალიან გამიხარდა.

ძალიან აქტიური ორსული ვიყავი. ვმუშაობდი ბოლო დღემდე. სწორედ ამ დროს, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომლებიც უკვე განხორციელების ფაზაში გადადის. ფიზიკურადაც აქტიური ვყავი. ვვარჯიშობდი პირველი დღიდან ბოლო დღემდე და მაქსიმალურად ვცდილობდი ფორმის შენარჩუნებას. მგონი გამომივიდა.

ვირუსთან დაკავშირებულ ყველა რეგულაციას მაქსიმალურად ვიცავდი. გამომივიდა კიდეც და ძალიან მშვიდად გავიარეთ ეს დრო. დავიცავი თავი ნეგატიური ინფორმაციისგანაც. სოციალური ქსელიც დროებით გავაუქმე.

თამარი ძალიან მშვიდი გოგოა. რეჟიმიც მოწესრიგებული აქვს და საერთოდ არ გვაქვს უძილო ღამეები. ჩემი მეგობრის დახმარებით, არაჩვეულებრივი დამხმარე მყავს. ბავშვთა ექთანია, კოვიდმოხდილი და ორჯერ აცრილი. აი, ასეთი მეგობრებიც არსებობენ.

მარი დაშნიანი, ანიკა და ლილე ახოიშვილები

ანიკა და ლილე 2020 წლის 23 ოქტომბერს დაიბადნენ. გამომდინარე იქიდან, რომ გოგოები დღენაკლულები დაიბადნენ, გარკვეული პერიოდი ინკუბატორში მოუწიათ გამოზრდა. ლილე იყო ის პატარა ბედნიერება, რომელიც პირველად ხელში ავიყვანე 29 დეკემბერს. ის უკვე 2 თვეზე მეტის იყო. ახლაც კი სუნთქვა მეკვრება ის ემოცია რომ მახსენდება. თუ ცოცხალ ადამიანს გამოუცდია გულის გაჩერება, მეც მათ რიგებში ჩავეწერე. ანიკას ხელში აყვანას კი, სულ სხვა ემოცია ჰქონდა. წარმოგიდგენიათ, ბავშვს რომ გააჩენ და 4 თვე თვალით არ გყავს ნანახი? არა, ეს თუ არ გამოსცადე, ამას ვერავინ მიხვდება და ახლა წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის შემდეგ რომ ხელში აიყვან! არ შემიძლია არ აღვნიშნო - რომ არა ქნ. ნანა ბარათელი, გოგოების მთავარი ნეონატოლოგი, მე დღეს ასეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, რისთვისაც მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.

ყოველთვის ძალიან მომწონდა სახელი ანიკა და ამიტომაც, ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ-ერთს დავარქმევდით. რაც შეეხება ლილეს, ჩემი მეუღლის, ლაშას სურვილი იყო. ორივეს ისე უხდება საკუთარი სახელი, უკეთესს ვერც მოვიფიქრებდით.

როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი, პირველი აზრი, რამაც გაიელვა თავში, იყო - ტყუპებია! ასე დარწმუნებული ჩემს ცხოვრებაში არაფერში ვყოფილვარ.
ორსულბის პირველი 4 თვე ვმუშაობდი შეუზღუდავად, მაგრამ შემდეგ, მომიწია შესვენების აღება. ვერ ვვარჯიშობდი, მაგრამ კვებით ძალიან ვუწყობდი ხელს საკუთარ თავს, რომ შემენარჩუნებინა ფორმა.

ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ნატალიკო, ჩვენი პირველი შვილი, აბიტურიენტი იყო, მუდმივად უწევდა მასწავლებლებთან სიარული. მეუღლეც სულ სამსახურში იყო, მუდმივი შეხვედრები და ა.შ. ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან ინფიცირებული ორსულების სტატისტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობდა და არ ვიცოდით რა შედეგამდე შეეძლო მივეყვანე. ამიტომ, მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით თავს მთელი ოჯახი.

ამ პერიოდში, ფაქტობრივად, არ არსებობდა რაიმე სხვა თემა. რომელ სოც. ქსელშიც არ უნდა შესულიყავი, ყველგან გლოვა იყო და ტელევიზორზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. ამიტომ ვკითხულობდი, ვუყურებდი ფილმებს და ასე გამყავდა მთელი დღეები.

გამომდინარე იქიდან, რომ გაჩენიდან ცოტა გვიან მოვაბრძანეთ გოგოები სახლში, უკვე შედარებით დამშვიდებული იყო კოვიდმდგომარეობა. ამიტომ, ჯერ დედა მეხმარებოდა, დედამთილი და შემდეგ უკვე, ძიძებიც შემოგვეშველნენ, რომლებსაც, ტრანსპორტის არარსებობის პერიოდში, ვუზრუნველვყოფდით გადაადგილებით, რადგან მე უკვე სამსახურში გავედი და ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა ძიძის გარეშე არსებობა.

ლილე იყო სიმშვიდის დედოფალი. ანიკას კი, შევარქვით ანიკა-პანიკა. ალბათ ზედმეტსახელიდანაც მიხვდებით მის ხასიათს. მაგრამ, როგორც კი გახდნენ 5 თვის, გადაწყვიტეს როლების გაცვლა და ანიკა გვყავს ახლა სიმშვიდის დედოფალი. ლილე გახდა ღიმილის დედოფალი, მაგრამ თუ ყურადღების ცენტრში არ გახლავთ, ჩხუბობს როგორც დიდი ადამიანი. ჰაერზე ყოფნა მათთვის არის ყველაზე დიდი სიამოვნება. როგორც კი ჩავაწვენთ ეტლში და კარს გავაღებთ, უკვე ხვდებიან რომ გადიან გარეთ და იწყებენ განცხრომას. ვოკალური მონაცემებით მე დიდად არ გამოვირჩევი, მაგრამ ყოველთვის ვუმღერი ვახტანგ კახიძის "იავნანას", რომელიც ჩემთვის შეუდარებელია. ვერ ვიტყვი რომ რთულად აღსაზრდელი ბავშვები არიან, მაგრამ რაც არ უნდა კარგი გოგოები იყვნენ, ორნი არიან. წარმოუდგენლად დიდი შრომაა ტყუპების აღზრდა, მაგრამ, ამავდროულად, ორმაგი ბედნიერებაც.

მარიამ ნანეიშვილი და ნიკუშა ასანიშვილი

ნიკუშა ჩემი პირველი შვილია. 2020 წლის 14 მაისს, ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს დაიბადა. უკვე წლის და ერთი თვის არის და ყველაფერი აინტერესებს, რაც მის ირგვლივ ხდება. სულ აღმოჩენებშია. პირველად ხელში რომ ავიყვანე, ამაზე საოცარი და დაუვიწყარი განცდა დედისთვის, ალბათ, არ არსებობს. ეს არის უსაზღვრო მადლიერება და ყველაზე დიდი საჩუქარი.

მისთვის სახელს რომ ვარჩევდით, ბევრი ვერსია არ გვქონია, ნიკუშა ერთხმად შევურჩიეთ მშობლებმა. როდესაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი, პირველი განცდა იყო სიხარული, შემდეგ კი დავიწყე გეგმების დაწყობა, როგორ ვიზრუნებდი მასზე ამ განსაკუთრებული 9 თვის განმავლობაში.

ჩემი ორსულობის პერიოდი ძალიან აქტიურ ეტაპს დაემთხვა ჩემს სამსახურში. "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში" ვმუშაობ და ვემზადებოდით ამ განსაკუთრებული უნივერსიტეტის გახსნისთვის. ორსულობის პერიოდში ვერ ვიტყვი, რომ ფიზიკურად ძალიან აქტიური ვიყავი. ძირითადად, მოსვენებითი რეჟიმი იყო ექიმების რეკომენდაცია.

ორსულობა პანდემიის პერიოდში, არ იყო მარტივი. იზოლაციაში გავატარე ეს თვეები. მაქსიმალურად ვერიდებოდი დახურულ სივრცეებს, ვინარჩუნებდი ფიზიკურ დისტანციას. ნიკუშა რომ დაიბადა, იმ პერიოდში შეზღუდვები ძალიან მკაცრი იყო, ქუჩაში სამ ადამიანზე მეტის ერთად დგომაც არ შეიძლებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ვერიდებოდი საინფორმაციო გამოშვებებში ან სოციალურ ქსელებში კოვიდინფექციის შესახებ ინფორმაციის გაცნობას. პირიქით, მინდოდა მცოდნოდა ჩემ ირგვლივ რა მდგომარეობაა, რომ უკეთ მომეხერხებინა თავის დაცვა.

მე და ნიკუშას მამას დატვირთული სამსახურები გვაქვს. მის გაზრდაში საოცარი ძიძა, მაია გვეხმარება, რომელიც ნიკუშას ძალიან უყვარს. პანდემიის აქტიური ფაზების დროს, როდესაც ტრანსპორტიც აღარ მოძრაობდა, კერძო ტრანსპორტირებით გადავჭერით ეს პრობლემა. ასე ყველა უფრო მშვიდად და დაცულად ვგრძნობდით თავს ვირუსისგან.

ნიკუშა კარგი ხასიათის, მხიარული, თბილი ბავშვია. თუ რაიმე არ აწუხებს, ძირითადად, სულ მხიარული განწყობით არის. არც ღამეების თენება დაგვჭირდა, მხოლოდ რამდენიმე ასეთი ღამე მახსენდება კბილების ამოსვლის აქტიურ პერიოდში. განსაკუთრებით, დილის ძილი უყვარს.

რაც შეეხება კვებას, პირველი სამი თვე შერეულ კვებაზე იყო. ახლა მხოლოდ ხელოვნური და დამატებითი კვება. ძალიან ვცდილობ ჯანსაღი და მაღალი ხარისხის პროდუქტებით იკვებოს. საუკეთესო პედიატრი ჰყავს ნიკუშას და შესაბამისად, გაწერილია მისი ყველა კვება, თითოეული ინგრედიენტი თუ ხილის რიგითობა დღის განმავლობაში.

ძალიან უყვარს სეირნობა. კარი რომ იღება, გარბის გარეთ გასასვლელად. სულ მზად არის, რომ სასეირნოდ წავიდეს. მის საყვარელ თამაშს "ჭიტა" დავარქვით. დაემალები ან თვითონ იმალება და უცებ რომ დაგინახავს, ეუბნები "ჭიტას" და ეს ისე მოსწონს, რომ გაუჩერებლად იცინის. მისი საყვარელი მელოდიაა ჯანსუღ კახიძის "იავნანა".

სოფო სულაძე და ანდრია სამხარაძე

ზუსტად 6 თვის წინ, 18 დეკემბერს გაჩნდა დედას მეორე სიყვარული - ანდრია სამხარაძე. სახელზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან, როგორც კი გავიგე რომ ბიჭს ველოდები, მაშინვე წარმოვიდგინე რომ ანდრია უნდა დამერქმია. ამას ისიც დაემატა, რომ მშობიარობის სავარაუდო თარიღი ანდრიაობას ემთხვეოდა. ჩემი არჩევანი ანდრიას დაიკომ, ბარბარემაც მოიწონა და მთელი 9 თვე ერთად ვემზადებოდით პატარასთან შესახვედრად.

ძალიან რთულ, პანდემიის პერიოდში გავიგე რომ ორსულად ვიყავი. შესაბამისად, პირველივე წამიდან დავიწყე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ორ საკითხზე ზრუნვა. რაც ბარბარე გავაჩინე, 2 წელია ყველგან ერთად ვართ (სახლი,სამსახური,მეგობრები...) არ მინდოდა, რომ მეორე პატარას გამოჩენას მისი ყოველდღიურობა შეეცვალა. ამიტომ, მთელი ეს პერიოდი ვუხსნიდი და ველაპარაკებოდი ჩემს მდგომარეობაზე და შედეგებზე, რაც 9 თვეში დადგებოდა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მომზადებული შეხვდა ანდრიას, რაც მის მზრუნველობაში და ყურადღებაში ყოველდღიურად გამოიხატება. ანდრიას მეტსახელი "ბუბიც" სწორედ ბარბარეს შერჩეულია. მას შემდეგ კი, მთელი ოჯახი ბუბის ვეძახით.

Covid-19 - სგან თავის დაცვა ორმაგი პასუხისმგებლობა იყო ორსულობის პერიოდში. საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო პანდემიის პერიოდში შეზღუდვებთან გამკლავება. თუმცა, დედობრივი ინსტინქტი სირთულეების გადალახვაში ყოველთვის მეხმარება. მაქსიმალურად ვცდილობდი ნეგატიური ინფორმაციისთავის თავი ამერიდებინა და შექმნილ სიტუაციაშიც კი, დადებითი განწყობა შემენარჩუნებინა.

რეჟიმი, ვფიქრობ, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუბის შემთხვევაში კი, მისი ხასიათი ძალიან დამეხმარა სწორი კვებისა და ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებაში, რადგან ძალიან მშვიდი, წყნარი და კომუნიკაბელურია.

არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, რაც ბარბარეს და ანდრიას პირველი შეხვედრისას დამეუფლა. ზუსტად ერთ წამში მივხვდი, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები იქნებოდნენ.

ანა არაბიძე

ანა შელია და ელი ლომიძე
ანკა ვასაძე, ანასტასია (ტუსია) თოფურიძე
გვანცა ჩეიძე, ირაკლი და მარიამ ურუმაშვილები
ელენე ქორიზე და კირა ნაჭყებია
თათია ჯანუაშვილი და გიორგი ასანიშვილი
მანანა უგულავა, თამარ და მაია ადეიშვილები
მარი დაშნიანი, ანიკა და ლილე ახოშვილები
მარიამ ნანეიშვილი და ნიკუშა ასანიშვილი
სოფო სულაძე და ანდრია სამხარაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მარტივი წასახემსებელი ნინო
ცქიტიშვილისგან.
მარტივი წასახემსებელი ნინო ცქიტიშვილისგან.
17:22 / 23.08.2021
ზუსტად 10 წლის წინ, ქართულ
ბაზარზე გაჩნდა კომპანია, სახელად iTechnics. ამ
წლების განმავლობაში, მან მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული და,
რაც მთავარია, ნდობა დაიმსახურა.
ზუსტად 10 წლის წინ, ქართულ ბაზარზე გაჩნდა კომპანია, სახელად iTechnics. ამ წლების განმავლობაში, მან მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული და, რაც მთავარია, ნდობა დაიმსახურა.
07:01 / 07.08.2021
პროფესიით რესტავრატორმა ანი
შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის
ნივთების სახელოსნო
პროფესიით რესტავრატორმა ანი შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის ნივთების სახელოსნო "აზურიტი" დააფუძნა.
07:00 / 30.07.2021
უკვე 10 წელია,
iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
უკვე 10 წელია, iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
16:34 / 28.07.2021
ვისაც 90-იანი წლები ახსოვს, ისიც
ემახსოვრება როგორი იყო მაშინდელი თბილისი, ნაომარი, პარაფინის
სანთლებით განათებული, უცნაურად მძიმე და უცნაურად საინტერესოც.
ვისაც 90-იანი წლები ახსოვს, ისიც ემახსოვრება როგორი იყო მაშინდელი თბილისი, ნაომარი, პარაფინის სანთლებით განათებული, უცნაურად მძიმე და უცნაურად საინტერესოც.
07:05 / 27.07.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ნიკორას" რეცეპტები
მარტივი წასახემსებელი ნინო ცქიტიშვილისგან.
17:22 / 23.08.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2021 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6653
TRY
TRY
1
0.3615
USD
USD
1
3.1112
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
გამოწერა