City News
ქეთევან ქართველიშვილის წარმატების ისტორია
განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩვენს მკითხველს ვუყვები ისტორიას ძლიერ, ნიჭიერ და წარმატებულ ქალებზე, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, მის ფარგლებს გარეთ ასახელებენ. ქართველი პიანისტი, ქეთევან ქართველიშვილი უკვე 13 წელია ამერიკაში ცხოვრობს. საქართველოდან წასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, ცხოვრება თავიდან დაიწყო. ხელმეორე სტუდენტობა, უცხო გარემო, ახალი გამოწვევები... ბუნებრივია, ამ დროის განმავლობაში იყო ბევრი სირთულე თუმცა, მალევე მოვიდა კიდევ უფრო მეტი წარმატება.

ქეთევან, გახსოვთ პირველი შეხება პიანინოსთან? როდის ჩნდება ეს მუსიკალური ინსტრუმენტი თქვენს მეხსიერებაში?

სხვათა შორის, ეს შეგრძნება დღესაც ცხადად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი და პიანინოს ძლივს ვწვდებოდი. როგორც მიყვებიან, ბავშვობაში, გაგონილ მელოდიებს სმენით ვაწყობდი. მახსოვს, მე-8 მუსიკალურ სასწავლებელში მისაღები გამოცდაც. მაშინ 7 წლის ვიყავი. საგამოცდო პროგრამის შესრულებას რომ მოვრჩი, ვითხოვე, - ჩემი სურვილით შევასრულებ ერთ ნაწარმოებს-მეთქი... სხვათა შორის, გაუკვირდათ, იმდენად პატარა ვიყავი.
ჩემი მშობლები ფიზიკოსები არიან. მათთვის წარმოუდგენელი იყო ჩემი პიანისტობა. თუმცა, პატარაობიდან იმდენად დიდი ინტერესი და სიყვარული მქონდა ამ სფეროს მიმართ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი აღარ მიფიქრია.

შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ერთ-ერთი პირველი კონცერტი?

განსაკუთრებული ემოციებით მახსენდება 12 წლის ასაკში, ორკესტრთან ერთად შესრულებული მენდელსონის პირველი საფორტეპიანო კონცერტი, ბატონი რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, თუმცა ეს შთაბეჭდილებები დღემდე მახსოვს. ამ პერიოდში "ნიჭიერთა ათწლედში" ვსწავლობდი, სადაც ჩემი პედაგოგი უნიჭიერესი, რუსუდან ბეგიშვილი იყო.

პირველი საერთაშორისო აღიარება

19 წლის ვიყავი, როცა საბერძნეთში კონკურსზე გავემგზავრე. მაშინ საქართველოში საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მახსოვს, სიბნელეში აფრინდა თვითმფრინავი და ჩაფრინდა განათებულ საბერძნეთში. ამ კონკურსში მესამე პრემია და ლაურეატის წოდება მივიღე. მალევე იყო რამდენიმე კონკურსი და კონცერტი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც.

ცხოვრების ახალი ეტაპი, სახელად - ამერიკა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ასპირანტურის სრული კურსი გავიარე. ჩემი პროფესორი ბატონი თენგიზ ამირეჯიბი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ ლეგენდარული პიანისტის, ბატონი ლექსო თორაძისგან მივიღე შემოთავაზება მესწავლა მის სტუდიაში, ინდიანას უნივერსიტეტში. სრული დაფინანსება მოვიპოვე და 2009 წელს, სრულიად მარტო, გავემგზავრე ამერიკაში.

იქნებოდა სირთულეებიც...

პირველი წელი განსაკუთრებით სტრესული იყო. სტუდენტობისას მუშაობის უფლება არ მქონდა. ამიტომ, იყო ფინანსური პრობლემები, ენის ბარიერიც მქონდა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად რთული იყო ოჯახის მონატრებაც.
დავიწყე სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა. უმეტესობაში გავიმარჯვე და სწორედ ეს დამეხმარა ფინანსური კუთხით. კონკურსებში გამარჯვების შემდეგ, მალევე, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა აგენტი, რომელიც ჩაერთო ჩემს საქმიანობაში. გეგმავდა კონცერტებსა და სხვადასხვა აქტივობას. ნელ-ნელა გამოჩნდნენ სპონსორებიც. სწორედ ისინი დამეხმარნენ პირველი დისკის ჩაწერაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დადგა სამეცადინო სივრცის პრობლემა. "იაკობ ფლიერის საერთაშორისო კონკურსზე" გამარჯვების შემდეგ, ამავე კონკურსის ჟიურის წევრი, კომპოზიტორი, პიანისტი და ჟურნალისტი, პოლ ჰარვი უმცროსი გავიცანი. მან საჩუქრად როიალი გადმომცა. სხვათა შორის, ამ ადამიანმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში. ამჟამად, პანდემიიდან გამომდინარე, კონცერტების რაოდენობა შემცირებულია. 2020 წელს ჩავწერეთ მეორე დისკი. ახლა ვასრულებთ მასზე მუშაობას, სამუშაოების ბოლო ეტაპი გვაქვს.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი წარმატება?

ალბათ, გამიჭირდება გამოვყო რომელიმე კონკურსში გამარჯვება. ჩემთვის ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვიტყვი, რომ მთავარ წარმატებად მაინც, ამერიკაში ცხოვრების ნულიდან დაწყება მიმაჩნია. ფაქტობრივად, საქართველოში უკვე შემდგარი კარიერა დავტოვე და აქ ყველაფერი თავიდან დავიწყე.

ნაწარმოები, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ, რომელმაც გარდატეხა მოახდინა თქვენს კარიერაში.

რახმანინოვის მესამე კონცერტი განსაკუთრებით მიყვარს. "უილიამ ბერდის საერთაშორისო კონკურსზე" სწორედ ამ კონცერტით გავიმარჯვე. თუმცა, არსებობს რეპერტუარი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა ჩემს კარიერაში და უდიდესი როლი ითამაშა ყველა ეტაპზე, დიდი წარმატება მოჰყვა კონკურსებსა და კონცერტებზე. ესაა - ლისტის "მეფისტო ვალსი", პროკოფიევის მეშვიდე სონატა, ლისტის სი მინორული სონატა და ა.შ.

როგორია თქვენი, როგორც პიანისტის სტილი?

ვირტუოზული სტილი მკვეთრი ინდივიდუალურობით და აკადემიური მიდგომა დახვეწილი ლირიკით - ასეთია პროფესიონალების შეფასება. ზოგადად, ვთვლი, რომ ძალიან გულწრფელად ვუკრავ. ვცდილობ გავიგო რისი გადმოცემა სურდა კომპოზიტორს და სწორედ ეს გადმოვცე.

ვიცი, რომ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით...

კი, კერძო მოსწავლეები მყავს. პანდემიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდია გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში გვაქვს. წარმოიდგინეთ რა რთულია მუსიკის გაკვეთილის ონლაინ რეჟიმში ჩატარება... იმედია მალე დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების სტილს...

მომიყევით თქვენს ოჯახზეც...

ჩემი მშობლები და შვილი, მარიამი თბილისში ცხოვრობენ. მარიამი 13 წლისაა, ხატვითაა დაინტერესებული. ბოლო დროს მუსიკის მიმართაც გაუჩნდა ინტერესი და დაკვრა დაიწყო. ამჯერად ისიც ონლაინ მეცადინეობს. სხვათა შორის, ჩემს პედაგოგთან, რუსუდან ბეგიშვილთნ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

პანდემიიდან გამომდინარე რთულია გეგმები დასახო... უახლოესი გეგმა მესამე დისკის ჩაწერა და რამდენიმე კონცერტია. ბევრი საინტერესო პროექტის იდეა მაქვს, თუმცა, ამ ეტაპზე მათი გაჟღერებისგან თავს შევიკავებ.

საქართველოში დაბრუნებას თუ გეგმავთ?

დიდი ხანია საქართველოში არ დამიკრავს. ძალიან მინდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გავმართო კონცერტები. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ სურვილია... იმედია, მომავალში ეს ყველაფერი განხორციელდება.


ავტორი: ანა არაბიძე


Print