ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ
გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც
მინდოდა ყოფნა.
მოვუსმინე ყველა იმ მელოდიას, რომელიც შთამაგონებს ხოლმე ან, უბრალოდ,
კარგ საცეკვაო ხასიათზე მაყენებს. ფილმების საყურებლად არ მეცალა,
რადგან წიგნების და ჟურნალების კითხვა ვარჩიე. სისტემატურად ვეცნობოდი
ჩემთვის საინტერესო ყველა ამბავს ინსტაგრამიდან და მაინც, გამომეპარა
ზაფხულის ნამდვილი დასვენება, რადგან ეს ყველაფერი, კითხვას და
მელოდიების მოსმენას თუ არ ჩავთვლით ონლაინ ხდებოდა.
რეალურ ცხოვრებაში, ჩემი დასვენება შემოიფარგლა
თბილისში და აგარაკზე ყოფნით, ჩემს სახლში. რადგან ვერაფრით გადავლახე
კორონას შეყრის შიში. ან, რატომ უნდა გადამელახა?! ველოდებოდი ორივე
აცრის შემდგომი პერიოდის სრულყოფილად გასვლას. არ ვნანობ ჩემს
სიფრთხილეს. პირიქით, ვინც აზრს მეკითხებოდა ვაქცინაციასთან
დაკავშირებით, ყველას ვუხსნიდი მის უპირობო დადებით მხარეს. ვიცი, რომ
ბევრი არ ფიქრობთ ასე და ე.წ. ანტივაქსერებად ყოფნას არჩევთ. თქვენი
უფლებაა, რასაკვირველია, მაგრამ ვფიქრობ, არ უნდა მიიღოთ ასე მწვავედ
ამაზე კრიტიკა.
ახლა ოქტომბერია. ზაფხულის ვირტუალური
დასვენებიდან შემოდგომის რეალურ საქმიანობზე გადმოვერთე და მოგიმზადეთ
ძალიან მუსიკალური და ლამაზი "სითი".
თქვენ აქ, სხვა საინტერესო მასალებთან ერთად, რამდენიმე პროექტს
ნახავთ უნიჭიერეს ქართველ მუსიკოსებზე, რომლებმაც სხვადასხვა
მიმართულებით მსოფლიო წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს საამაყო
ხელოვანები არიან.
ვიმედოვნებ, ჩვენი მელოდიური "სითი" ამ შუა შემოდგომას, ძალიან ბევრ
კარგ საქმეს დაგაგეგმინებთ და კარგ განწყობას შეგიქმნით.
წარმატებები და გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას!
თეა ხოფერია