City News
მე, დონ დრეიპერი, ეთერო და ფოლკნერი...
შემოდგომის ერთ თბილ დღეს "მზიურის" პარკს ფეხით დავუყევი. მუსიკის მოსმენა და ბუნებასთან ახლოს ყოფნა მინდოდა. ყურსასმენებში ბუნდოვნად მომესმა ჩემი სახელი. მოვიხსენი, წინ დიდი ხნის უნახავი, ძველი მეგობარი იდგა. მასთან საუბარი ძალიან მიყვარს. ცოტა დრო ორივეს აღმოგვაჩნდა და იქვე, კაფეში, ყავაზე დავსხედით.

- აღარ მინდა პანდემიაზე, გლობალურ მოვლენებზე და მიმდინარე პოლიტიკურ ამბებზე ლაპარაკი. მომიყევი ზაფხულის ამბები. რამე კარგი წიგნი ხომ არ წაგიკითხავს? ფილმებზე და სერიალებზეც მითხარი ორიოდე სიტყვა. დიდი ხანია ვერაფერი წავიკითხე და ვნახე. ხანადახან მგონია, რუტინა გვჭამს. - მითხრა მან და მივხვდი, რომ სწორედ წიგნები, სერიალები და მუსიკა გახდებოდა ჩემი ახალი ბლოგის თემა. იქნებ ამ პოლიტიკურ ქარცეცხლს, ნეგატიურ ამბებს, პანდემიაზე ამაო დარდსა და ქაოტურ დღეებს ოდნავ მოგწყვიტოთ. ხანდახან შველის. მით უფრო, წინ კიდევ გვაქვს შემოდგომის დღეებით ტკბობის საშუალება, მთელი თავისი დიდებულებით, ბევრი ფერით და სიახლეების სურვილით.

ბავშვობდან, ზაფხული ჩემთვის შთამბეჭდავი თავგადასავლების დაწყების ან მათი ხელახლა გამეორების დროა. ალბათ, ყველა ჩვენგანს გვაქვს თაროზე შემოდებული რამდენიმე წიგნი ან კინო, რომელთანაც წარუშლელი ემოციები გვაკავშირებს. დიახ, მათ შეძლეს და ისეთ მოგზაურობაში წაგვიყვანეს, რომ პერიოდულად გვინდა ისევ შევავლოთ თვალი და იქ დავბრუნდეთ. და, არასოდეს ვტოვებთ ბოლომდე არც ჩვენ მათ და არც ისინი ჩვენ. ზუსტად ამ ემოციებში დასაბრუნებლად ამ ზაფხულს მეორედ დავუბრუნდი ჩემთვის ყველაზე დიდ და შთამბეჭდავ სერიალს - mad men. ოჰ, როგორ მშურს იმ ხალხის, ვინც ახლა გაიგეთ ამის შესახებ პირველად და ნახვის სურვილითაც დაიმუხტეთ. სერიალში მოქმედება 1960-იანი წლების ამერიკაში ხდება. იქ ყველაფერი იმდენად გულწრფელი და ნამდვილია, ისე ზედმიწევნით არის გადმოცემული დიალოგები, საქმისადმი დამოკიდებულება, კარიერული აღმასვლები და დანარცხებები, სასიყვარულო ისტორიები, რომ ეს სინამდვილე და გულწრფელობა ხან სიძულვილს, ხან სიყვარულს, ხან გაგიჟებას და ხანაც, უბრალოდ, ცრემლების კორიანტელს მოგგვრით. აქ თქვენ შეხვდებით დონ დრეიპერს, მთავარი როლის შემსრულებელს. სინამდვილეში მისი სახელი და გვარი ჯონ ჰემია. მინდა კარგად დაიმახსოვროთ ის. ძნელად მახსენდება ასეთი ზუსტი, ასეთი ნამდვილი და ადამიანური სევდით გაჯერებული პერსონაჟი კინემატოგრაფიის სამყაროში. მისი სამსახიობო ოსტატობის წყალობით დარწმუნდებით, რომ მშვიდად, სადად, მოზომილად და ამასთანავე ყველაფრით სავსემ, შესაძლოა საუკეთესო როლი შექმნა და მთელი ცხოვრება გაჰყვე სხვის მეხსიერებას. ამ სერიალზე წერას აქ დავასრულებ, რადგან წერტილის დასმა mad men-ზე საუბრისას ყოველთვის მიჭირს და მხოლოდ მთელი გულით გირჩევთ რომ ნახოთ.

წიგნზე, რომელზეც ახლა მოგიყვებით, იმდენი დაიწერა, რომ უხერხულიცაა ამდენჯერ მისი ხსენება. თუმცა შეუძლებელიც, რადგან ამ ავტორმა და მისმა ტექსტმა ჩემში რაღაც ნამდვილად შეცვალა. ჩემთვის წლის პერსონაჟი ქალი - ეთეროა, თამთა მელაშვილის წიგნიდან - "შაშვი შაშვი მაყვალი". ეთეროს საშუალებით ისევ დამიბრუნდა პერსონაჟისადმი სიყვარულის განცდა. ტექსტი იმდენად ნაღდია, ისეთი ნატურალური, რომ პაუზებს გთხოვთ, დაფიქრებას გთხოვთ. რა ბედნიერებაა, რომ დღეს ასეთი თანამედროვე ქალი ავტორები გვყავს, რომლებიც არ გვიტოვებენ ხელოვნურობის, თამაშის განცდას და უბრალოდ, ძალიან ნამდვილები არიან. ამ ორასგვერდიან ტექსტში არცერთი წამი არა ხართ მარტო. ხვდებით, რომ არაფრის უნდა შეგეშინდეთ და ეს შეგრძნებები ძალიან ქალურია და ალბათ ისეთიც, რაც ჩვენ ყველას გამოგვიცდია. მეტი რა უნდა ქნას ავტორმა, მართლა არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ერთი : "შაშვი შაშვი მაყვალი" ჩემი მეხსიერების თაროზე დევს და ხშირად დავუბრუნდები და რა თქმა უნდა, ამ სიამოვნების არგამოტოვებას თქვენც გირჩევთ.

ვინც სექტემბრის დასაწყისში ვენეციის 78-ე კინოფესტივალს თვალს ადევნებდით, ყურადღების მიღმა არ დაგრჩებოდათ ის დაუვიწყარი კადრები, როცა წითელ ხალიჩაზე მსახიობები, ჯესიკა ჩესტეინი და ოსკარ აიზეკი გამოჩნდნენ. მთელი სოციალური მედია მათ შორის არსებულ "ქიმიაზე" წერდა. არ ვიცი რა ხდება რეალურად მათ პირად ცხოვრებაში, თუმცა, რამდენიმე სიტყვას იმ ახალი სერიალის შესახებ დავწერ, რომელიც HBO-მ ამ მსახიობების მონაწილეობით, სულ რაღაც ერთი თვეა რაც შემოგვთავაზა. ეს გახლავთ გენიალური შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ფილმის, "სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან" რიმეიკი და ზუსტად იმავე სახელწოდებას ატარებს. ჯეჯრობით, მინისერიალის სულ რამდენიმე სერია დაიდო, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ოსკარ აიზეკის დაუჯერებლად კარგი შესრულების მანერა. ყველა სცენა, წარმოუდგენლად საინტერესო და ერთი ამოსუნთქვით სანახავია. ეს არის ამბავი ერთი წარუმატებელი ურთიერთობისა, განშორების ტკივილის, განცდების და თანაცხოვრების დროს დაშვებული შეცდომების გაანალიზების შესახებ. ერთი სიტყვით, ეს არის სერიალი, რომელიც, ჩემი აზრით, არამხოლოდ დაშორებულმა ან ერთად მყოფმა წყვილმა უნდა ნახოს, არამედ ის უნდა ნახოს ყველამ, ვისაც საკუთარ თავში ჩახედვა და სასიყვარულო მოვლენების სხვა პერსპექტივიდან და კიდევ უფრო ხელშესახებად დანახვა უნდა.

ვენეციის კინოფესტივალიდან ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადმოვალ, რადგან ძალიან მიხარია რომ კინო საქართველოში ისე ვითარდება, როგორც ხელოვნების ცოტა დარგი ამ ქვეყანაში. ამიტომ ვთვლი, რომ ყბადაღებული კინოდაფინანსების თემა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს და კინოხელოვანებს მიეცეთ საშუალება სრულფასოვნად და წელში გამართულად გააკეთონ თავიანთი საქმე. თანაც იმ ფონზე, როცა სულ მცირედითაც ასეთ მასშტაბურ წარმატებებს აღწევენ. წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ალექსანდრე კობერიძის ფილმმა - "რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?" მიიღო. ამ ფილმის ნახვას აღარ ვიცი უკვე რამდენი თვეა ველოდები და იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში ეს სურათი თბილისის კინოდარბაზებშიც გამოვა და შემდეგ უფრო დაწვრილებით მოვყვები მის შესახებ. თუმცა, ვინც ნახა, მათი შთაბეჭდილებებით უკვე მონუსხული ვარ. ამავე ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დასახელდა ნუცა კუხიანიძე იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში, "ოთარის სიკვდილი". ამ ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე მოვასწარი და მე ასეთი ნუცა არსად, არასდროს, არცერთ კინოში მინახავს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე გენიალური შესრულება მის კინოკარიერაში. ამ ზაფხულშივე ვნახე კიდევ ორი, ძალიან საინტერესო ქართული ფილმი - დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი" და უტა ბერაიას "უარყოფითი რიცხვები". ფაქტია, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი ქართველი რეჟისორებისთვის მაინც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა და ქართული კინო ნამდვილად არის ის, რასაც მთელი გულით ვგულშემატკივრობ.

აბა როგორ დავასრულო წერა, თუ მუსიკის შესახებ რამეს არ ვიტყვი. ჩემთვის მუსიკა ისეთივე განუყოფელი და აუცილებელია, როგორიც ჭამა და ძილი. შესაბამისად, უყურადღებოდ და ოვაციის გარეშე ვერ დავტოვებ იმ ამბავს, რაც რამდენიმე დღის წინ მიკ ჯაგერმა სცენაზე დაატრიალა. 26 სექტემბერს, ჯგუფმა პანდემიის გამო გადადებული ამერიკული ტურნე გახსნა. ტურნე სევდიანად და დიდი ემოციით დაიწყო. წელს მათთან ერთად აღარაა "როლინგების" ლეგენდარული დრამერი, ჩარლი უოტსი. კონცერტი სწორედ მისი ვიდეოებით გაიხსნა და დასაწყისში მთელ სტადიონზე უოტსის დრამის ხმა ისმოდა. ამის შემდეგ, სცენაზე ჯაგერი გამოჩნდა და დაუვიწყარი წუთების ათვლა დაიწყო. წარმოგიდგენიათ, 78 წლის ადამიანი ასე იდგეს სცენაზე, ასეთ ენერგიას ასხივებდეს და ისე იხარჯებოდეს, რომ გიქრობდეთ ასაკის, დროის შეგრძნებას და უბრალოდ, თანამონაწილედ გხდიდეთ იმ სიგიჟის, რასაც წლებია ჯგუფი "როლინგ სტოუნზი" სცენაზე ჩადის. ეს, ალბათ, მართლა ერთეულების ხვედრია და თუ რამე მენატრება ყველაზე მეტად მთელ ამ პანდემიურ და გაუგებარ ეპოქაში, ეს კარგ კონცერტზე დასწრებაა.

უკვე საღამოა. გარეთ გაწვიმდა. ხელის მარტივი მოძრაობით "იუთუბზე" ვძვრები და ნინა სიმონეს ორსაათიან მუსიკალურ სეტს ვრთავ. Nina Simone the best part one - აი, ასე შეგიძლიათ უადვილესად იპოვოთ და უცბად აღმოჩნდეთ ისეთ ხის სახლში, ყველას რომ გვიოცნებია. განსაკუთრებით, მოახლოებული ზამთრის დღეებში. სადღაც ნინა უკრავს პიანინოზე და ისე მტკიცე ხმით მღერის, რომ იმაზე მყარი შეგრძნებებით დგახართ ფეხზე, ვიდრე ოდესმე. წინ მიდევს უილიამ ფოლკნერის "ხმაური და მძვინვარება". 10 წლის შემდეგ ისევ დავუბრუნდი. ფოლკნერის კითხვა ხო არაა ადვილი? ხო, უნდა დაგაფიქროს და შეგძრას ყველა ფრაზამ. მე კი მთელი ათი წელი ამ წიგნიდან ტვინში გაჭედილი ეს სიტყვები მახსოვს და მიყვარს: "წვიმიანი ხეების სუნი აქვს კედის" - აბა ასე ვინ დაწერდა და იტყოდა, ვინ შემოვიდოდა გონებაში ასე შეუმჩნევლად. გარეთ ისევ პანდემიაა, სიცივე იწყება. მართლა "ხმაურობს და მძვინვარებს" გარშემო ყველაფერი და მე ისევ მუსიკის ფონზე ამ წიგნში მინდა დარჩენა. რა დაშავდება, თუ ორი საათი მაინც დავივიწყებ რა ხდება ჩემი ფანჯრებს მიღმა? მე მგონი - არაფერი.


ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა