City News
გახდი მთავარი გმირი!
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც, ერთ ისეთ კოცნად არა ღირს, კინოში რომ კოცნიან ქალი და კაცი ერთმანეთს!" რეზო ინანიშვილი. "ძველი ქართველი ქალი".

საოცარი ბებიები მყავდა - ნამდვილი ძველი ქართველი ქალები.

დედის დედამ, მარგალიტამ 9 შვილი გააჩინა. მათგან ორი გაჩენისთანავე დაეღუპა და 7 შვილი გაზარდა. შვიდივე ქალაქს გადაცხოვრდა. თავად კი მაღალმთიანი იმერეთის სოფელში ამაყად წამოჭიმული საგვარეულო სახლი არასდროს მიუტოვებია. იმ სოფლის ნაცვლად ახლა ნასოფლარია. მახსოვს ბებიის დაკრძალვაზე რომ ჩავედი (მას შემდეგ იქ აღარასდროს ვყოფილვარ) შორი-შორს მდგარ სახლებში სულ რამდენიმე ქვრივიღა ცხოვრობდა. ეს მობუზული შაოსანი ქალები ცივ ზამთარში გმირულად შემორჩენილ ბეღურებს ჰგავდნენ. იდგა მთელი ეს ოთხქალიანი სამეზობლო ბებიის თავთან და ბებრული, მაგრამ ტკბილი ხმით გალობდა საგალობელს. დროდადრო ცრემლს იწმენდნენ ნაშრომ და დანაოჭებულ ხელისგულებში ჩამალული ხელსახოცებით. ასე აცილებდნენ უკანასკნელ გზაზე რთული ცხოვრების იშვიათ მეგობარს. თან საკუთარ მომავალსაც უჭვრეტდნენ. მომავალი ცნობილი იყო - წინ ყველაზე მნიშვნელოვანი პაემანი ელოდათ - მთავარანგელოზთან შეხვედრა. წარსული კი მათი შავი თავსაფრებივით დაბურული იყო და უცნობი. არავინ იცოდა რა სურვილები და ფიქრები ჰქონდათ. როგორ უყვარდათ, რას განიცდიდნენ.. ან უყვარდათ კი საერთოდ? ძველ დროში ხომ ყველაფერს თავისი წესი და რიგი ჰქონდა. გარიგებით გათხოვება, ოჯახი, შვილები, სულ საქმე, სულ საქმე. სულ სხვაზე ფიქრი და არასდროს საკუთარ თავზე...

ბებიაჩემი მარგალიტა ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი მითოლოგი იყო. გასაოცარი მთხრობელი. ისეთ ისტორიებს მიყვებოდა, რომელსაც გაბრიელ გარსია მარკესს უყვებოდა მისი ასევე მისტიური ბებია. და თან ისეთი დამაჯერებლობით, რომ ახლაც თვალწინ მაქვს იმ ამბების დროს წარმოსახული სურათები - ეფუთი (ეს წიგნი იყო სამყაროს დასარულზე), ცეცხლზე დამწვარი წმინდანები, სოფელში შემოსული ზღვა და ამ ზღვაზე მცურავ გემზე აგებული თეთრგუმბათიანი ეკლესია..

მაგრამ ახლა ბებიის იმ ზღაპრებზე კი არ ვყვები, არამედ იმაზე, რომ ბებიაჩემიც მწერალი იყო, თუმცა არასდროს მისცემია საშუალება ეს გაეაზრებინა. ფიქრადაც კი არ მოსვლია, საკუთარი ნიჭი ფურცელზე გადაეტანა. ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფოდა, რამე ასეთი რომ ვინმეს ეთქვა. მთელ დღეებს მუხლჩაუხრელ შრომაში ატარებდა და ერთადერთი თავშესაფარი ჰქონდა - სოფლის ბოლოს მდებარე, რა თქმა უნდა, მიწაზე აშენებული მიტოვებული ეკლესია და საოცარი ამბები, რომლებშიც ყველაზე სისხლსავსედ ცხოვრობდა.

"ჩვენ არ ვიცით ჩვენი ნამდვილი სიმაღლე, სანამ ფეხზე არ წამოვდგებით", - უთქვამს ემილი დიკინსონს. ჩემი მეორე, ქალაქელი ბებიის, ნინას საყვარელ პოეტს. დიკინსონი და დები ბრონტეები მისი გამორჩეული ავტორები იყვნენ. შტეფან ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა" კი საყვარელი ნაწარმოები. ამ რომანის გმირთან განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა, რადგან ედიტის მსგავსად არც თვითონ ტოვებდა სახლს, არასდროს გადიოდა ქუჩაში, ეზოშიც კი არ ჩადიოდა, რადგან გარეთ ყავარჯნით სიარული ღირსების შელახვად მიაჩნდა, ისევე, როგორც 24 წლის ასაკში დაქვრივებულს მიაჩნდა წარმოუდგენლად მეორედ გათხოვება. ნინაც, ისევე როგორც უამრავი მისი თაობის ქალი, არ წამომდგარა ფეხზე, რათა დაენახა საკუთარი სიმაღლე, დაეფასებინა ის ძალა, მოთმინება და სიმამაცე, რომელიც ყველა კაცზე მეტად გააჩნდა. იცხოვრო სხვებისთვის. მხოლოდ სხვებისთვის, მართალია ახლობლებისთვის, ძვირფასი ადამიანებისთვის, მაგრამ არა შენთვის. იცხოვრო ქმრისთვის, შვილებისთვის, ნათესავებისთვის, საზოგადეობრივი აზრისთვის - ხომ ეს იყო ჩვენი ბებიების, ჩვენი ძველი ქართველი ქალების დაუწერელი წესი და კანონი.

საღამოობით ნინას დები ეწვეოდნენ - ვენერა და დომნა. ჩაის დალევდნენ, ლაპარაკობდნენ, "გახსოვს. ის ბიჭი, ნოდარი? სკოლაში რომ ვუყვარდი.. ერთხელ კონსულტაციაზე მოვიდა ჩემთან თვალის კაბინეტში და ვერ მიცნო, გოგო", - ყვებოდა ნინა. "მართლა დაბრმავებულა მაგ საცოდავი" - პატარა გოგოსავით კისკისებდა ვენერა, რომელიც მერე ფორტეპიანოს მიუჯდებოდა. "შორი გზიდან სატრფოს ველიი", - დაიწყებდა ნინა მშვენიერი პირველით, "სხვა მოდის და ის კი არაა," - აყვებოდა ვენერა მანერული მეორეთი და მეც, ჯერ კიდევ ბავშვი, გაოცებული ვუყურებდი მათ გარდასახვას. მიკვირდა - თურმე რა ბრჭყვიალა თვალები ჰქონიათ, თურმე რა ახალგაზრდები ყოფილან, რა მხიარულები... სანამ ისევ დაბერდებოდნენ ვუყურებდი და ვტკბებოდი. რადგან ეს მხოლოდ ჩემთან იყვნენ ასეთები, ასე სხივიანები და სხვანაირები. აბა დიდთან და უცხოსთან როგორ იმღერებდნენ, დასაცინები რომ გამხდარიყვნენ?

ჰოდა გაქრეს ის ძველი დრო! გაქრეს! როგორც ინანიშვილის მოთხრობის უსახელო პერსონაჟი ქალი იტყოდა. გაქრეს! თუ იმ დროში სიყვარულის ადგილი არ იყო, თუ ქალებს თავისი ნიჭის, ძალის, სიმაღლის აღმოჩენა არ შეეძლოთ, საკუთარი თავის რეალიზება, ხელოვნების, მეცნიერების თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მინდორზე საკუთარი კვალის დატოვება...

არათუ ცხოვრებაში, ქართულ ლიტერატურაში პერსონაჟი ქალებიც კი უსახელოები გვყავდა, "ძველი ქართველი ქალი", "თავსაფრიანი დედაკაცი", "ოთარაანთ ქვრივი"... და ეს უსახელო თუ სახელიანი პერსონაჟი ყველა გმირი დედა იყო. ოჯახსა და სამშობლოს შეწირული დედა, რაც იდეალურია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თან ძალიან სევდიანია. რადგან არსად ჩანს ამ ქალების პირადი ცხოვრება და ისტორია, არსად ჩანს მათი ნამდვილი გრძნობები, განცდები, ვნებები.. არავინ მოგვიყვა მათ სიყვარულზე, ან თუნდაც, სიძულვილზე.. და საერთოდ, რატომ შემოვსვით ქართველი ქალები კვარცხლბეკზე უტყვი ძეგლებივით, რატომ დავხატეთ პლაკატებად, რატომ ვაქციეთ გრძელი პათეტიკური სადღეგრძელოების ადრესატებად მაშინ, როდესაც წამით გამოყოფდნენ თავს სამზარეულოდან "მადლობა, დიდი მადლობას" - სათქმელად. რატომ ვაქციეთ სიმბოლოებად და ქართლის დედის საოჯახო მინი-მოდელებად? იმიტომ, რომ ეს კაცების ნება იყო. მათ მიერ დადგენილი კანონი, რომელიც ასე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ცხოვრებას, სადაც ქალს არ ჰქონდა შეცდომის დაშვების უფლება და თუ შეცდომას დაუშვებდა ან თუნდაც ძალით დააშვებინებდნენ, ის "ის თამრო აღარ იყო". კეთროვანი იყო, მოკვეთილი, სიყვარულისა და ადამიანად ყოფნის უფლებაჩამორთმეული.

არადა, ქართული ლიტერატურის პირველი და უძველესი ძეგლის გმირი შუშანიკი ყველაზე მაგარი მეამბოხე ქალია. რწმენის გამო ქმრის წინააღმდეგ წასული და ნაწამები. და სწორედ ეს ჟინი, ეს ძალა, ეს მეამბოხეობა დააკლდათ ჩვენს თანამედროვე თუ გასული თაობის ქალებს, თავისუფლება დააკლდათ! რადგან საზოგადეობრივმა აზრმა გამოკეტა ისინი თავის ცხრაკლიტულში, მოახვია ათასი კლიშე და სტერეოტიპი. უთხრა, რომ რადგან გოგოა და გვარის გამგრძელებელი არაა, მშობლების ქონებაც მხოლოდ ვაჟს ეკუთვნის. უთხრა, რომ გათხოვდება და პატრონს ჩაბარდება. უთხრა, რომ მარტო დიპლომია საჭირო (უმჯობესია ექიმის ან მასწავლებლის) , ხოლო სწავლა დიდად არა, რადგან მაინც სახლში უნდა იჯდეს და ქმარ-შვილს მოუაროს. ისიც უთხრა, რომ თუ ვერ გათხოვდება და შვილს ვერ გააჩენს, სრულფასოვან ადამიანად აღარ ჩაითვლება.. რომ ჭკვიანი ქალი კაცს აშინებს და უმჯობესია შტერი იყოს. უთხრა, რომ მთავარია "ხალხი რას ილაპარაკებს" და არა ის, თუ რას განიცდი შენ. უთხრა, რომ პოლიტიკაში და ქვეყნის მართვაში მისი ადგილი არაა, რადგან ამის ტვინი არ აქვს და თუ სამსახური ექნება, ყოველთვის კაცზე ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს, რადგან ქალის შრომა გაცილებით ნაკლებად ფასობს და ქალის აზრიც არ ფასდება. მეტიც, მას არავინ უსმენს...

ჰო, კიდევ რამდენიმე დამამშვიდებელი ფრთიანი ფრაზაც უთხრა, მაგალითად "კაცი თავია, ქალი კი კისერი, საითაც უნდა იქით მიატრიალებს." ჰოდა, თუ ეს მართლა ასეა, დროა, ქალებო, კაცებს თავები თქვენი თავისკენ მოატრიალებინოთ. დაანახოთ რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ და როგორ კარგად. მათზე არანაკლებად, მეტიც, უკეთესად! დაანახოთ, რომ ამ პატრიარქალურ სამყაროში დიდი ძალა ხართ. რომ თქვენ ხართ სიცოცხლის საწყისი და შესაბამისად, ანიც და ჰოეც. თქვენ შეგიძლიათ იყოთ უკეთესი პოლიტიკოსები, რადგან შეგიძლიათ მართოთ უფრო მშვიდობიანად და გონივრულად. იყოთ კომპანიის მმართველები, მეწარმეები, იურისტები, მენეჯერები, მწერლები, მეცნიერები, ჩემპიონები.. რადგან როგორც ანაის ნინი ამბობდა, "ცხოვრება ფართოვდება ან იკლებს იმის პროპორციულად, რამდენად მამაცი ხარ". ჰოდა, გააფართოვეთ ცხოვრება, გახსენით სივრცე, შექმენით თქვენი თავისგან გმირი, ამ ცხოვრების მთავარი მოქმედი პირი და ჭეშმარიტი გმირი, რომელსაც თქვენი სახელი ჰქვია. თქვენ თავად შემოდექით კვარცხლბეკზე, მაგრამ ყალბზე კი არა, ნამდვილზე, პასიურ ძეგლად კი არა, აქტიურ და ცოცხალ სახედ, და რაც მთავარია, ცხოვრების შუაგულსა და ორომტრიალში თქვენივე ხელით აგებულ კვარცხლბეკზე.

ტექსტი: თეონა დოლენჯაშვილი
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021
ამ პროექტით
ამ პროექტით "სითიში" ანას დებიუტი შედგა. მის საქმიანობაზე რაღა უნდა ვთქვა. ფაქტია, რომ 10 წელია თითქმის ყველა ოჯახში ელოდებიან ეკრანზე მის გამოჩენას.
09:13 / 10.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა