1987 წლის თოვლიანი და ძალიან
ლამაზი ახალი წელი დგებოდა.
მაშინ 8 წლის ვიყავი. ოჯახი თბილისში შევხვდით დღესასწაულს და მეორე
დღეს, 1 იანვარს, მატარებლით დაიგეგმა ჩვენი გაგრაში წასვლა. მამა
სახლში რჩებოდა. თბილისიდან გაგრამდე მატარებელს, არ მახსოვს რამდენი
საათი უწევდა, მაგრამ საღამოს 8-სთვის წასულები დილის 10 საათისთვის
ადგილზე უნდა ვყოფილიყავით. გზაში იმდენად დიდი თოვლი დაიდო, რომ
მატარებელი რიკოთზე დაახლოებით 8 საათით გაჩერდა. ზინა და გულია
ბებიების უგემრიელესი კერძების ნაცვლად, რასაც სულმოუთქმელად
ველოდებოდი, ახალი წლის 1 იანვარს მშიერი ვატარებდი და ვერ ვხვდებოდი,
ეს თამაში იყო თუ რეალობა. გართობის ერთადერთი საშუალება,
მატარებლიდან პირდაპირ თავამდე თოვლში ჩახტომა იყო, რაზეც დედა
მიბრაზდებოდა და სულ დათოვლილი, უკან ძლივს ამოვყავდი. დედაჩემი და
ჩემი დები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, მაგრამ ვატყობდი, რომ
ნერვიულობდნენ. ამ დროს, ხომ იცით, ყველაფერს აკვირდები და ყველაფერს
ისმენ, უნებლიედ. ხოდა, გვერდზე კუპეში, გულმა უგრძნო თუ სხვა რამეში
იყო საქმე არ ვიცი, ოჯახის დედას მთელი სუფრა წამოეღო და გვესმოდა
როგორ უნაწილებდა საახალწლო კერძებს ოჯახის წევრებს. ძალიან უხერხულად
ვგრძნობდი თავს, რადგან მიწევდა მათი საუბრის მოსმენა და ვფიქრობდი, -
ჩემი ბებიები ამაზე უკეთეს კერძებს მახვედრებენ და ეს რა ჯანდაბა
ხდება, რა გაუგებრობაში ვარ-მეთქი. როგორც იქნა, მატარებელი დაიძრა და
წავედით. ბუნდოვნად მხსოვს, რასაკვირველია, მაგრამ არასდროს
დამავიწყდება ის შეგრძნება, რაც მაშინ დამეუფლა. მატარებელი დაიძრა,
რომელსაც ჩემს უსაყვარლეს გაგრაში, ჩემს ბებიებთან, ბიძასთან,
დეიდასთან, ბიცოლასთან და პატარა ბიძაშვილთან უნდა ჩავეყვანე.
მატარებელი ცოტა ხანს სოხუმშიც გაჩერდა და დედამ რაც მოასწრო, პური
გვიყიდა და უკვე დამშვიდებულ-დაპურებულები საყვარელ, ასევე დათოვლილ
გაგრაში ჩაგვიყვანა.
ეს ჩემთვის ახალი წლის საუკეთესო დღეები იყო. საღამოს, ლერმონტოვის 9
ნომერში ჩასულებს, ყველა გვეხუტებოდა. გაგრის მთებიდან ჩამოტანილი
ნაძვის ხე, უძველესი საახალწლო სათამაშოებით, განსაკუთრებულად
ჯადოსნური მეჩვენებოდა და საჭმელზეც აღარ ვფიქრობდი. მიუხედავად
იმისა, რომ ბებიები ყოველ წამს მთხოვდნენ რამე კერძი დამეგემოვნებინა.
ეზოში დაკრეფილი მანდარინებიც იქვე ეწყო ლამაზად და ისინი უფრო
მიზიდავდა.
ახლა 2022 წელი დგება. მე პირველად მაქვს შესაძლებლობა "სითის"
საახალწლო სარედაქტორო სვეტი დავწერო. ამ ნომერშიც არის მანდარინები
და აფხაზეთი. White Studio-ს მიერ შექმნილი
მანდარინის პატარა ქანდაკებები ჯილდოდ გადაეცემა აფხაზეთიდან დევნილ
ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ აფხაზეთის მთავრობის მიერ უკვე
ტრადიციადქცეულ პროექტში "მე - აფხაზეთისთვის 2021". დარწმუნებული
ვარ, როგორც გაგრაში ჩასული იმ 8 წლის გოგოსთვის, ასევე პროექტის
მონაწილეებისთვის, ყველა დევნილისთვის და მთელი საქართველოსთვის,
ყველაზე მიმზიდველი გაგრის მთების ულამაზესი ნაძვის ხეეების ხილვა და
იქაური მანდარინების ადგილზე, ბედნიერად დაგემოვნება
იქნება.
ვისურვებდი, როგორც მაშინ, 1987 წელს, ჩემი გაჩერებული მატარებელი
მაინც დაიძრა დათოვლილი რიკოთიდან აფხაზეთისკენ, ახლაც, ამ 2022 წელს,
წავიდეს წინ ჩვენი, ყველასთვის სანატრელი მატარებელი და სულ მალე
ჩაგვიყვანოს ჩვენი საქართველოს ულამაზეს მხარეში. იყოს ეს ჩვენი
საერთო სურვილი, "სითისაც", რასაკვირველია.
თეა ხოფერია
ფოტო:LIG Studo