ეშბას #191, ეს ბევრისთვის
არაფრისმთქმელი მისამართია, მაგრამ ჩემთვის, ჩემი ცხოვრების
აღმოსავლეთია, ჩემი უდარდელი ბავშვობა და ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ეტაპი.
ეშბას #191, "ლექტორების სახლი" ადგილი, სადაც სამეზობლო ცხოვრობდა
როგორც ერთიანი დიდი ოჯახი სიყვარულით, თანადგომით, სითბოთი და
სილაღით. იქ, სადაც ზრდილობის, განათლების, სტუმართმოყვარეობის და
სიყვარულის ჰარმონიული კულტი სუფევდა. ადგილი, სადაც ბავშვობა და
ურთიერთობა იყო ნამდვილი. ეშბას #191 არის პატარა მაკეტი სოხუმისა.
ზუსტად ასეთი იყო სოხუმი. სიყვარულით და სილაღით სავსე. ქალაქი, სადაც
ჩემი "მე" დაიბადა და სადაც ჩემი ფასეულობები ჩამოყალიბდა.
დღესაც ვფიქრობ, რომ არ არსებობს მოგებული და წაგებული ომი. ომში
ყველა წაგებულია. ომში ყოველთვის ნადგურდება მშვიდობა. იქ, სადაც
მშვიდობა კვდება, არავინ იგებს. მართალი გითხრათ, ხშირად არ ვფიქრობდი
სოხუმზე და ჩემს წარსულზე. ადამიანს ფსიქიკაში გააჩნია უამრავი
თავდაცვითი მექანიზმი და ერთ-ერთ მათგანს ჰქვია "განდევნა". ეს
მექანიზმი ხშირად ირთვება იმის დასათრგუნად, რაც ძალიან დიდ შფოთვას
განიჭებს. ომით მოყენებული ტკივილი იმდენად მძიმე იყო ჩემთვის, რომ
თითქოს გავიხადე ჩემი ბავშვობა და სადღაც, გულის რომელიღაც შორეულ
ოთახში დავტოვე. მის კართან მისვლაც მეშინოდა, წარსულის გასახსენებელ
ყველა გზას ვიკლავდი, ტკბილი მოგონების გამოყოფა ვერ შევძელი, ძალიან
მჭიდროდ მიეკრო მწარეს. ბოლოს კი, მოვიჭერი და ჩავკეტე. და ასე,
ცარიელმა, ბავშვობის გარეშე დავიწყე ახალი ზრდასრულობა. არ მეკუთვნოდა
ეგეც ასაკით, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ჩემი მშობლების თვალები სხვა
გზას არ მიტოვებდნენ. მკლავდა მამის თვალში სასოწარკვეთილება,
რომელსაც თითქოს ოსტატურად მალავდა და დედას თვალზე კი ცრემლი,
რომელიც არ დაუმსახურებია. მაშინ შევპირდი, რომ მე "დავიწყები!" და
მათ არასდროს გაუჭირდებათ.
შარშან დათომ ლეღვი მოიტანა. ძალიან უყვარს ლეღვი. სოხუმის შემდეგ არც
მქონდა რატომღაც, ნაჭამი. ისე გემრიელად შეექცა, რომ მეც წამიცდა
ხელი. ჩავიდე ლუკმა და უეცრად საშინელი ქვითინი ამომხდა. ვტიროდი
ისტერიულად, თან გაოგნებული ვიყავი, რა მჭირდა ვერ მივხვდი. ლეღვის
გემომ, შეიძლება ითქვას, ჩემი საგულდაგულოდ ჩარაზული წარსულის კარი
შეანგრია და სრულიად ყველაფერი ამოაფრქვია, რაც შიგნით იყო დამალული.
ჩემი ბებია და ბაბუა სოფელ მოქვში ცხოვრობდნენ და ლეღვის ხე ედგათ
ეზოში, სადაც ძალიან მიყვარდა მოკალათება, წიგნის კითხვა და ლეღვის
დაგემოვნება. აი, იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა" გამახსენდა,
ზუსტად იავნანას ეფექტი ჰქონდა ლეღვს. ამ მოგონებამ დაამსხვრია ჩემი
ამდენი წლის ნამალავი წარსული და გადმოცვივდა ყველაფერი _ სოხუმის
მუდამ მზიანი ამინდები, ზღვა, თოლიები, პინგვინი, კარუსელები, სკოლა,
ბავშვებთან ერთად "დროშას" თამაში, ლათინური ცეკვების წრე, მეგობრები,
სოფელი და მრავალი სხვა მოგონება. უეცრად გავიაზრე რა ბედნიერებაა,
როდესაც შეგიძლია მიხვიდე იმ ადგილას, სადაც ეს ფრაგმენტები გაიარე.
ვიღაცას ხომ შეუძლია და მე - არა. რა ბედნიერებაა, ალბათ, იმ ქუჩაზე
გავლა, სადაც გაიზარდე, ან თუნდაც, იმ საკლასო ოთახში შეჭყეტა, სადაც
პირველ კლასში იჯექი. იმ დღის შემდეგ კვლავ დავიბრუნე ბავშვობა,
ჩავეხუტე დიდი ხნის წინ მიტოვებულ პატარა "მეს" და შევპირდი მასაც,
რომ აღარ მივატოვებ. სოხუმი ჩემი ნაწილია და ჩემს სულში სოხუმი
ჩქეფს.
რაც შეეხება ჩემს უფრო გვიანდელ რეალობას, განუწყვეტელი განვითარებისა
და სწავლის გზა ავირჩიე. ჩემთვის უზარმაზარი ბედნიერებაა ცოდნის
მიღება და განათლება. ის კი არა, ადამიანებს ფიზიკურად ვერ
აღვიქვამდი. ინტელექტი იყო ჩემთვის შეფასების მთავარი კრიტერიუმი.
დავამთავრე საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი, მაგრამ ვინაიდან
90-იანებში სწავლა არ იყო სრულყოფილი, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ
რაღაც მაკლდა. შემდგომ, ლონდონში გავაგრძელე სწავლა მარკეტინგის
მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, დავიწყე მუშაობა
საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის კომპანიაში "სილქ როუდ
ჯგუფი", სადაც გადადგმული თითოეული ნაბიჯი მეამაყება, ვინაიდან ეს
არის უნიკალური კომპანია, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა
საქართველოს განვითარებაში. ამჟამად, "სილქ ჰოსფითალითის"
კორპორაციული მარკეტინგის ხელმძღვანელი ვარ. სულ ცოტა ხნის წინ,
მარკეტინგული განხრით, ჩავერთე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან
კომპანიაში, რომელიც საქართველოში არა მხოლოდ დიაგნოსტიკურ, არამედ
სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო ძლიერ პლატფორმას ქმნის და
ხელს უწყობს საქართველოს სამედიცინო დიაგნოსტიკის უფრო მაღალ
სტანდარტებზე გადასვლას. ამავდროულად, შეფილდის უნივერსიტეტში MBA-ს
ვაკეთებ და ვსწავლობ დიმიტრი უზნაძის სახელობის გეშტალტ ინსტიტუტში.
კოვიდ რეალობაში ცოტა დრო გამითავისუფლდა და ყველაფერი, რისი
განხორციელებაც მინდოდა, ერთდროულად დავიწყე. ახლა კი ვხვდები, რომ
ძალიან ბევრია, მაგრამ იმდენად საინტერესოა, რომ ვერ ვწყდები
ვერცერთს.
დათოც ერთ-ერთ ინტელექტუალურ ღონისძიებაზე გავიცანი, თამაშზე "რა?
სად? როდის?". დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, ღვთის
უზარმაზარი წყალობის ხელი ერია. ისე მოხდა, რომ სპონტანურად შექმნილი
გუნდის კაპიტანი აღმოვჩნდი და დათოს უკვე გამოცდილ გუნდს მოვუგე. ცოტა
გაოგნებულ-გაბრაზებული მომადგა და გამეცნო. ვერ მალავდა აღშფოთებას.
მას შემდეგ ერთად ვართ, უკვე 22 წელია.
თამუნა ფოფხაძე, "სილქ ჰოსფითალითის" კორპორაციული მარკეტინგის
ხელმძღვანელი; მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკის"
მარკეტინგის ხელმძღვანელ-ედვაიზერი; კომპანია "ინერის"
თანადამფუძნებელი.
ფოტო: ლიზა
გაბუნია