აფხაზეთზე ჩემი ყველა მოგონება
ძალიან ცხადია. გარდა იმისა, რომ ეს მოგონებები ჩემთვის საკმაოდ
მნიშვნელოვანია, ასაკიც ისეთი მქონდა, რომ ყველაფერი ცხადად მახსოვს.
სკოლა სოხუმში დავამთავრე, "სოხუმის უნივერსიტეტში" ჩაბარებაც
მოვასწარი. სხვათა შორის, ხშირად, ჩემზე სულ რაღაც 2-3 წლის
უმცროსებისთვის, აფხაზეთი მაინც ბავშვურ მოგონებებთან ასოცირდება.
გამიმართლა, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები იქ გავატარე და
ჩემთვის აფხაზეთი არ არის მხოლოდ ბავშვობის მოგონებები...
სოხუმში ვცხოვრობდით, ქალაქის შუაგულში. უბანში, რომელსაც ერქვა
"ტურბაზა". ამ უბანში იყო რამდენიმე სანატორიუმი და განსაკუთრებულად
ლამაზი სანაპირო. ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო კლასელებთან,
მეგობრებთან ერთად ამ სანაპიროზე სეირნობა. ნოსტალგია არა ადგილის,
არამედ დროის მონატრებაა. რა თქმა უნდა, მენატრება ეს მართლაც
განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული ადგილები. მაგრამ, ალბათ,
ყველაზე მეტად მაინც ის დრო მენატრება, რომელსაც ვერასდროს
დავაბრუნებთ.
დღემდე ვერ ვხვდები რა სუნი ჰქონდა სოხუმს... ალბათ ეს იყო მიქსი -
უნიკალური კლიმატის, ზღვის, მცენარეების... მახსოვს ცხოვრებაში
რამდენჯერმე მიგრძვნია მსგავსი სუნი. რამდენიმე წლის წინ იყო, ფოთიდან
თბილისისკენ მოვდიოდი. ერთ-ერთ ხეივანში ვიგრძენი მიმსგავსებული სუნი.
მანქანაც კი გავაჩერე. უცხოეთში, რამდენიმე ადგილასაც მქონდა მსგავსი
შემთხვევა. ასეთ მომენტებში ისეთი შეგრძნება მეუფლება, რთულია ამის
სიტყვებით გადმოცემა.
პროფესიით ფინანსისტი ვარ. დაარსების დღიდან ვმუშაობ "სილქ როუდ
ჯგუფში". ვამაყობ, რომ ამდენი წელია ერთ კომპანიაში ვარ, რომელიც ასე
მრავალმხრივ ვითარდება. ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?"
ჩემს ცხოვრებაში გამოჩენაც სოხუმის დამსახურებაა. "სოხუმის
უნივერსიტეტში" ჯგუფელებმა შევქმენით გუნდი და დავიწყეთ თამაში.
დღემდე, ათასობით სხვა გუნდთან ერთად, არასატელევიზიო სივრცეში
"სოხუმის გუნდის" სახელით ვთამაშობთ. გუნდის სამი წევრი სოხუმიდან
ვართ. მეამაყება, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზეც სწორედ "სოხუმის გუნდის"
სახელით ვასპარეზობთ.
დავით რაფავა, ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?"
მაგისტრი
ფოტო: ლიზა
გაბუნია