City News
ირაკლი შამათავა
მე ვარ ირაკლი შამათავა. ის, ვინც სინამდვილეში ნებისმიერ დროს მზად არის ახალი ავტობიოგრაფიის დასაწერად. ვინც სიცოცხლეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ სამისამართო რეესტრში მისი გვარ-სახელის გასწვრივ, ერთადერთი ჩანაწერი გაჩნდეს: იურიდიული და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქალაქი გალი, სოფელი რეფი-შეშელეთი.


ბებია, ტაბლა

- ჭასთან, საცრით ხელში, დგას შუქჩამქრალი ბებია. ღერღილს საგულდაგულოდ რეცხავს, ღომის მოსახარშად ემზადება. ეს ყოველდღიური რიტუალი მისთვის უკვე უსაგნო ჩვევა და ფუსფუსია. უფრო კი, ალბათ, დროის გაყვანა. შემჭიდროებულად შლის სუფრას. თვითონ კი მოკუნტული, განმარტოებით ჯდება ბუხართან, თითქოს შვილებთან ერთად სავახშმოდ სამყოფი ადგილი არ იყოს ცარიელ ოდაში. თუმცა სხვანაირად ვერ მოიქცევა. იცის, რომ ასეა სწორი (ალღოს, სინდისს და სიბრძნეს არასოდეს უღალატია მისთვის!). ტაბლაზე "სახელობით" ღომს "აგებს": - "ეს ჟორას, ეს ლუდმილას, ეს ნიაზის, ეს... მცირე ხნით ყოვნდება შვილების სახელების წარმოთქმისას, რომლებიც ახლა, ალბათ, ზუგდიდში, ფოთსა და თბილისში რიგში დგანან დევნილთა სარეგისტრაციო სამსახურებში და უბადრუკი სტატუსის შენარჩუნებას ცდილობენ.

ბინდდება. ბებია მოთქმით იწყებს ტირილს და სათითაოდ, სახელებით უხმობს ომში დაღუპულ შვილებს. ოდის წინ ჩემი და ბიძია ჟორჟის დამწვარი სახლებია. გაუდაბურებულ მიწაზე ერთ ლეღვის ხეს მაინც უმძლავრია და გაუხარია.

ნორჩი ფოთლების შრიალი ექოსავით ეხმიანება ჩემი დარიჩინისფერი ბებიის ხმას: "მოდით, შვილებო, მოდით, ნუ გამიცივებთ ღომს!"

ორი ფუტი სიმინდი

- ომისდროინდელი ისტორიაა, ისევ ბებიას ამბავი: დევნილის სტატუსის ასაღებად აღრიცხვაზე მიუყვანიათ ბებია. ნახევარ დღეზე მეტი მდგარა რიგში. იქიდან გამოსულს უკითხავს, რამდენი ფუტი სიმინდი მოგვივა ამ დახმარებითო. მამაჩემს მორიდებით უპასუხია,-- დახმარება თოთხმეტი ლარია და ალბათ, ორი ფუტი სიმინდიო. შეუცხადებია ბებიას: იქეთ დასახმარებელი ყოფილა ჩემი საწყალი ქვეყანა და მე რა სინდისით ვექცე ტვირთადო. ნუღარ გამაწვალებთ საბუთების გამო, მირჩევნია, დაურეგისტრირებელი დევნილი ვიყო, ათჯერ მეტ სიმინდს მოვიყვან ტყვიების ზუზუნში. სიმინდი მაინც არ გექნებათ საყიდელი. თქვენ მარტო ავტობუსს დახვდით ენგურზე გვიან შემოდგომითო.

ჩანაცვლება

- ჩვენი სოფლის ეზოში, მსხლის ხის ქვეშ, ბიძაშვილები ვართ შეკრებილი და ვცდილობთ, გვირილის ფურცვლით გავიგოთ ჩვენ მიმართ მეზობლის გოგოს, მშვენიერი სოფიას გრძნობები. არ გასულა დიდი დრო და, გვირილის ფურცელთან ჩვენი მიამიტური ბავშვური გამოთქმა: "ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ...", მტკივნეული "დავბრუნდებით, არ დავბრუნდებით..." ჩანაცვლდა. თუმცა, ისევ ბავშვები ვიყავით. ალბათ ახლაც, დიდებიც, ისევ ბავშვებად ვჩანვართ სხვის თვალში, ჩვენი გულუბრყვილო მოლოდინის გამო.

შეგონება

- ბებიასთან ვარ. ეზოში, ოდასთან მდგარი, ქათმებს საკენკს ვუყრი. ასობით ფრთა ფრინველს შორის ინდაურებიც გაფხორილან! ზურგიდან მესმის ფრთხილად, დაყვავებით ნათქვამი შეგონება: ნურასდროს გაიბღინძები ასე. უბრალო იყავი და შენს ფესვებს არ დაშორდე... ამ პირობის შესრულება ყველაზე უფრო მიჭირს, რადგან შიგადაშიგ, როგორც ყველას, მეც მებრძვის ეს ოხერი ამპარტავნება.

ერთწინადადებიანი ლოცვა

- მერე რა იყო? მერე დაიწყო ქრონიკული დევნილობა. დევნილის სტატუსით, ჩემოდნებით წოწიალი ქალაქიდან ქალაქში, დევნილისავე მწირი დახმარების ამარა დარჩენილი ოჯახი და სხვა ოთხმოცდაათიანელებივით პურისა და ნავთის რიგებში დგომა. ეს სტატუსი, როგორც მარადიული სასჯელი, რომელსაც არც ანი აქვს და არც ჰოე, არასოდეს გტოვებს, მუდამ შენთანაა: სკოლაში, სასწავლებელში, დაკრძალვაზე, სტუმრად ყოფნის დროს. დაუწერია ვინმეს მზა რეცეპტი, ომგამოვლილმა ბავშვმა როგორ შეძლოს წამოდგომა? - მე დავწერე, გავკადნიერდი და დავწერე, თანაც - ლოცვა. ერთწინადადებიანი ლოცვაა: "ფეხმობარბაცე კაცს ნუ წააქცევ, უფალო!". და წამოვდექი. თუმცა წინ ბევრი დამარცხება იყო, ბევრი წაქცევა... არ ვიცი, იქნებ ვინმე სხვასაც გამოადგეს ეს ლოცვა, ბედნიერი ვიქნები.

გზაგასაყარზე

- მერე იყო ამოთქმა, გულში ვერდატეულის ფურცელზე გადმოტანა - ჩემი თუ სხვათა: "ბავშვობადაკარგული თაობა", "გამშვები პუნქტი", "ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე". იყო გადასახადის არქონის გამო შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი, იყო ჯილდოები და ხარისხები, უმეტესად - ფსევდო, იშვიათად ნაღდიც გამოერეოდა ხოლმე... იყო სამუშაოს საძიებლად გასაუბრებებზე უშედეგო წანწალი და გზადაგზა დამოკლებული ბიოგრაფია, რომლის თავფურცელი იწყებოდა დაბადების ადგილით: ქალაქი გალი, სოფელი რეფი-შეშელეთი. ბიოგრაფია - იგივე, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები კი ყველა სამ თვეში ერთხელ იცვლებოდა ხან გადაუხდელი ქირის მოტივით, ხანაც, განსახლების გამო. იყო ცხოვრების რამდენჯერმე თავიდან დაწყება, იმედგაცრუება, იყო შიში - დაბრუნებაზე მეტად არდაბრუნების. ისევ გზაგასაყარზე დგომა...

ტრადიციები

- გრძელი, თითქოს სტაბილური ხანა დადგა, ცხოვრების უსასრულო მარათონი, დროდადრო კვლავ კადრებად გაცოცხლებული ომით, უამრავი ახლობლის გარდაცვალებით, ტრადიციების დაცვით, რიტუალით... ორმოცი დღე მე ახლაც შავი სამოსით და მოშვებული წვერით ვგლოვობ გარდაცვლილ ნათესავ-მეგობრებს. თუმცა აქაც "ფეხმობარბაცე" კაცი ვარ - ტრადიციულობასა და თანამედროვეობას შორის გახიდული. ვერ ვიტყვი, რომ არ ვცდილობ შეცვლას, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ იქ ვბრუნდები - შინ - საიდანაც წამოვედი, რომელ ფესვებზეც ამოვიზარდე. ვაღიარებ, ვმარცხდები ხოლმე ჩემს აფხაზურ ტრადიციებთან, მაგრამ ეს ერთადერთი დამარცხებაა, რომელიც მახარებს.

დევნილობა დამღაა

- კიდევ რა იყო... ჰო, ვინმე რომ გარდაიცვლებოდა (თუმცა რატომ იყო, ახლაც ასეა) თავს ზევით რომ ძალა არ ეყო, გადასვლას რომ ვერცერთი მხარე ვეღარ ახერხებდა და ენგურის ხიდთან რომ იკვეთებოდა ორი მხრიდან წამოსული ტირილის ექო. იყო მდინარის გადაცურვისას გახშირებული ტრაგედიები. იყო ჩაბნელებული ოთახები და დაგმანული ფანჯრები, ხმაგაკმენდილი, მბჟუტავი ტელევიზორის მონიტორის ნათება რომ არ დაენახა მეზობელს.

ხშირად ვფიქრობ, რომ არა ეს ყველაფერი, ვინ ვიქნებოდი, მაქცია კი ომმა ძლიერ ადამიანად?! დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ომმა მიმახვედრა, რომ დევნილობის დამღა იმდენად ძლიერი და მტკივნეული ყოფილა, რომ სანამ ცოცხალი ვარ, აღარ წაიშლება. ის ყველგან ჩარჩა – ყველა ჩემს საბუთს, ყველა ჩემს დროებით ადგილ-სამყოფელს, ყველა ჩემს სიხარულს თუ სამწუხარო ამბავს შეენივთა. აგერ უკვე ოცდარვა წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ჩემი ოჯახი დიდი ხანია ქალაქ ფოთში ცხოვრობს და, დღესაც, ქალაქში რომ იკითხოთ ირაკლი შამათავა, ასე გაიხსენებენ: "ააა, ის დევნილი ბიჭი, აფხაზეთზე წიგნებს რომ წერს?"

გადის დღეები, თვეები, წლები, მე და ჩემი აფხაზეთელები კი ისევ დევნილის დამღით დავიარებით. დიახ, დევნილობა დამღაა!..

34-ე ამბავი

- ბეწვის ხიდზე მიდის (ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ - დგას) ქართულ-აფხაზური ურთიერთობა. 5 წლის ვიყავი, იძულებით რომ დაგვატოვებინეს სახლი, მაგრამ დღემდე უხილავი ძაფებით ვინარჩუნებ კავშირს ბიძებთან, ბიძაშვილებთან, იქ დარჩენილ სანათესაოსთან. ხანდახან მეუბნებიან, რომ მე, ირაკლი, 34-ე ამბავი ვარ წიგნისა, რომელიც გასულ წელს "33 აფხაზური ამბის" სახელით გამოვიდა და თავი მოუყარა ომამდელ, ომისდროინდელ და ომისშემდგომ ქართულ-აფხაზურ ისტორიებს. შინდაბრუნების სურვილი ლიტერატურული პოლიტიკითა და აფხაზური ენერგეტიკით გააღვივა. კი ბატონო, არ ვიუარებ, ბებიის დანაბარებსაც გვერდს ავუქცევ, ვიტრაბახებ და ქვეყანას მოვდებ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი მე, რიგითი გალელი ბიჭი, რეალური "დაბრუნების ამბავი" და მისი ცოცხალი პერსონაჟი ვიქნები.

მონატრება, კადრები

- მშვიდი ცხოვრება მენატრება. მაგნოლიები, აკაციის ყვავილობა, ფეიხოას სეზონი, ციტრუსების ბრდღვიალა ბაღი, ჩემი ეზოს ტანწერწეტა ნაძვი, როგორც ჩემი აფხაზური სახლის მცველი, როგორც ჩემი ოჯახის მეკვლე.

ვაპირებ, კინემატოგრაფია საფუძვლიანად შევისწავლო, კამერა მოვიმარჯვო, ჩავიდე მშობლიურ კუთხეში (ფეხით, ცხენით, მანქანით, ცურვით, ფრენით... სულ ერთია, ნებისმიერი საშუალებით), გადავიღო ათასობით კადრი (უკვე ვიცი, რომ კადრების უმრავლესობა შავ-თეთრი იქნება, აქა-იქ ფერადსაც გამოვურევ), და გიამბოთ ახალ, სულ სხვა აფხაზეთზე.

საცხოვრებელი ადგილი

მე ვარ ირაკლი შამათავა. ის, ვინც სინამდვილეში ნებისმიერ დროს მზად არის ახალი ავტობიოგრაფიის დასაწერად. ვინც სიცოცხლეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ სამისამართო რეესტრში მისი გვარ-სახელის გასწვრივ, ერთადერთი ჩანაწერი გაჩნდეს:
იურიდიული და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქალაქი გალი, სოფელი რეფი-შეშელეთი.


ირაკლი შამათავა, მწერალი, იურისტი
ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
სამშენებლო კომპანიის მართვა
ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი
პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
07:12 / 09.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა