ჩემი ისტორია იწყება აფხაზეთით...
არასდროს შევეგუო "არაფრის კეთების" პოლიტიკას! არის ჩემი შინაგანი
ხმა... ხმა, რომელიც მოტივაციას მაძლევს დღეს საქმე ვაკეთო უკეთ,
ვიდრე გუშინ.
14 წლის ასაკში, დევნილის სტატუსის
მიღებისთანავე, დასრულდა ლაღი ბავშვობა... ოკუპაციის რკალში გახვეული
ჩემი სახლი დღესაც მელოდება აფხაზეთში...
ათზე მეტი შეცვლილი სკოლა, უცნაური და
ამავდროულად, ძალიან თბილი რამდენიმე წელი საერთო საცხოვრებელში...
დაუსრულებელი რიგები ჰუმანიტარული დახმარების, საკვებისა და
ტანსაცმლის მოლოდინში... კარგად მახსოვს ამერიკელი ხალხის სახელით
ჩვენი ოჯახისთვის გადმოცემული პირველი ქვაბი და ჭურჭელი 5
პერსონაზე...
მეუღლეც აფხაზეთიდანაა. 18 წლიდან ჩაერთო საომარ მოქმედებებში. ის
დღემდე ქვეყნის ერთგული ჯარისკაცია და დგას სამშობლოს
სადარაჯოზე.
ერთად ვცდილობთ ყოველდღე გავაცნოთ და
შევაყვაროთ აფხაზეთი შვილებს!
გავუზიაროთ გულში ღრმად შემონახული მონატრება... ჯანსაღი
ურთიერთობები... მშობლიური სახლის სურნელი, რომელიც არცერთს არ
ჰგავს... იქ, აფხაზეთში, მათი სახლია და ეს მათ იციან...
ყოველ დევნილ ოჯახს საკუთარი ისტორია და განსაკუთრებული აფხაზეთი აქვს
გულში შემონახული... შემონახული შთამომავლობისთვის, რომელიც ერთ
დღესაც აუცილებლად ლაღად დაადგამს ფეხს მშობლიურ
მიწაზე...
გვაქვს ტრადიცია - აფხაზეთის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ოჯახი
სრული შემადგენლობით პატივს მივაგებთ გმირებს გმირთა მოედანზე...
ჩვენთვის, ერთგვარად, სიმბოლური თარიღია, რადგან სწორედ 1993 წლის 27
სექტემბრიდან იწყება ცხოვრების ახალი ფურცელი...
ურთულესი წლები გამოვიარეთ მთელმა ქვეყანამ და განსაკუთრებით
დევნილებმა...
აქ, პირველად, საჯაროდ ვეტყვი მადლობას მშობლებს!
მშობლებს, რომლებიც მაინც არ გატყდნენ.. ჩააშენეს ჩვენში მთავარი
ღირებულებები... მასწავლეს შრომის და განათლების ფასი... ნებისმიერ
გარემოებაში როგორ უნდა დავრჩე კეთილსინდისიერ, სოლიდარულ
ადამიანად... საქმე ვაკეთო ყოველთვის, მთელი გულით!
დღეს, უკვე 22 წლიან გამოცდილებას ვითვლი საჯარო სამსახურში...
ვფიქრობ, განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა და ღირსებაა საკუთარი
ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში ყოფნა.
უმაგრეს გუნდთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვატარებთ
რეფორმას "უკეთესი საჯარო მმართველობისთვის", სადაც ადგილი არ ექნება
კორუფციას... ნეპოტიზმს... კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებებზე
დაფუძნებით მივიღებთ საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან მართვას და ჩვენი
მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას!
გავიხსენებ ათეული წლის წინ, აფხაზეთის სამთავრობო უწყებებში
მუშაობისას, პირველ ინიცირებულ პროექტს - ნატოს საინფორმაციო ცენტრის
გახსნა ზემო აფხაზეთში. ასობით საერთაშორისო სტუმარი. განსაკუთრებული
ემოციებით დატვირთული დღე იყო, რადგან დევნილობისას პირველად ვიყავი
ასე ახლოს ჩემს აფხაზეთთან... სამწუხაროდ, დღეს იმ ადგილებშიც ვეღარ
ჩავდივართ...
ძირითად სამსახურთან ერთად, აქტიურად ვარ ჩართული სოციალურ
აქტივობებში, საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერებისა და
დემოგრაფიული პოლიტიკის გაუმჯობესების პროცესში საკანონმდებლო დონეზე.
უმნიშვნელოვანესია თანაბარი შესაძლებლობების არსებობა მრავალშვილიანი
ოჯახებისთვის როგორც ოკუპირებულ, ისე საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე.
მთელი გულით მჯერა, რომ დაუღალავი შრომით და კეთილსინდისიერი
გადაწყვეტილებებით შევძლებთ ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ
`განვითარებადი ქვეყნის" ტვირთიდან!
იცით, მძაფრი მიჯაჭვულობა ყოველწლიურად ნელდება და ვიდრე მეხსიერება
წაშლის გონებიდან, უმნიშვნელოვანესია აქტიური პროექტების ინიცირება
აფხაზეთისთვის...
სტუდენტებთან ლექციებზე თუ სამსახურში სტაჟიორებთან, ვცდილობ
გავუღვივო მუხტი... გაბედულად იბრძოლონ სოციალური წარმატებისთვის!
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის ახალგაზრდების
იდენტიფიცირება, მათი პოზიციონირება და მხარდაჭრა... მივცეთ
მაგალითი... არ შევეგუოთ დევნილობას... არ შევეგუოთ ტერიტორიების
მიტაცებას.
დაბოლოს, მინდა გამორჩეულად გავუსვა ხაზი ძლიერ ძალას - ქალებს
აფხაზეთიდან, რომელთაც განსაკუთრებული მისია და როლი აქვთ მშვიდობიანი
პროცესის გაღვივების საქმეში!
არსებობს მთავარი მოტივატორი, რომელიც მეტად გამბედავს
მხდის...
ველოდები დღეს, როდესაც ყველა ჩემს მეგობარს, კოლეგას, სოციალურ
კონტაქტს, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებასთან ერთად,
მობილიზებას გავუკეთებთ, ჩავიტანთ სოხუმში, გამოტოვებული წლების
შესავსებად, აფხაზეთში კარგი მმართველობის ასაშენებლად!
მე კი, ამ დღის დადგომამდე, ყოველდღე მოვუწოდებ ჩემს მეხსიერებას არ
წამიშალოს კადრები... კადრები ჩემი ბავშვობის
აფხაზეთიდან!
ირმა გელანტია-ახვლედიანი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის
დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე
ფოტო: ლიზა გაბუნია