აფხაზეთი ჩემთვის ის ემოციაა,
რომელიც ცოცხლად არადროს განმიცდია.
ის მიწაა, სადაც ფეხი არასდროს დამიდგამს და ის მოგონებაა, რომელსაც
წარსულში არც არასდროს უარსებია, მაგრამ იმაზე უფრო რეალურია, ვიდრე
ბევრი სხვა რამ ამ ცხოვრებაში.
მე იმ თაობის შვილი ვარ, რომლის მშობლები და ბებია-ბაბუები ომის
შემდეგ ახალ ცხოვრებას შეუდგნენ და თავიანთ ტკივილს შვილებთან და
შვილიშვილებთან აწ უკვე გარდასული მოგონებების გაცოცხლებით
იამებდნენ.
დღეს უკვე 23 წლის ვარ და აფხაზეთის სიყვარულს, რაც თავი მახსოვს,
ყოველთვის გულით დავატარებ. სულ პატარა ვიყავი, ლექსების წერა რომ
დავიწყე და აფხაზეთისადმი სიყვარულის გამოხატვა კალმითა და ფურცლით
გადავწყვიტე. 10 წლის ასაკში დაწერილი ლექსი "აფხაზეთი" შემდეგი
სიტყვებით სრულდებოდა:
"აქ სანაპიროს მაგნოლიის სურნელი
ატკბობს,
და ამ სამყაროს ახლა სხვაგვარად
ათოვს".
ნელ-ნელა, დაუსწრებლად განცდილ ტკივილს პოზიტიური ხედვა ანაცვლებდა და
უკვე 11 წლის ასაკში დაწერილი ლექსის დასასრულიც შესაბამისად
გამომეძერწა:
"რა ლამაზად მოეფინა ცას შვიდივე
ფერი,
და სიცოცხლე კვლავ დაიწყო, კვლავ აფრინდა
მტრედი".
ისევე, როგორც ამ ლექსის დასასრული, ჩემი აზროვნებაც მუდმივად
პოზიტიურისა და უკეთესობისკენ იყო და დღემდე არის
მიმართული.
მჯერა ადამიანების უსაზღვრო შესაძლებლობების და მსიამოვნებს ხალხთან,
ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მენტორობა, ქოუჩინგი და ყველაფერი, რაც
საკუთარი თავისა და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლასთანაა
დაკავშირებული.
მთელი ცხოვრება ვცდილობ საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდას
და მუდმივად ახლის ძიებისა და სწავლის პროცესში ვარ. ადრეული
ასაკიდანვე აქტიური ახალგაზრდა ვიყავი. წარჩინებით დავამთავრე
თბილისის კლასიკური გიმნაზია. პარალელურად კი, ჩართული ვიყავი
სხვადასხვა აქტივობასა და ორგანიზაციულ საქმიანობაში. დავამთავრე
ბაკალავრიატი სამართლის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში. ამავდროულად, ვიყავი მსოფლიოში ყველაზე დიდი
საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის პრეზიდენტი საქართველოში. ამ
ორგანიზაციის მთავარი მისია მშვიდობისკენ სწრაფვა და ადამიანური
პოტენციალის სრულყოფაა. ჩემი პროფესია და სხვა ნებისმიერი საქმიანობა
ერთგვარ სიმბიოზურ კავშირშია ერთმანეთთან. სამართალი, სამართლიანობა
და მშვიდობა უმთავრეს ღირებულებებად მიმაჩნია და სწორედ ამ ყველაფერმა
გამიკაფა გზა გაერომდე და დღეს პირველი დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ვინც
გახდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. გაეროში
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლობასთან ერთად, თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაში ვსწავლობ სახელმწიფო
მართვისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამაზე. ასევე ვარ "დიასპორების
ალიანსი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ თავად არასდროს
ვყოფილვარ აფხაზეთში, გავიზარდე ამ ადგილისადმი უსაზღვრო სიყვარულითა
და იმ რწმენით, რომ ჩემი თაობა შეძლებს საკუთარი მშობლებისა და
ბებია-ბაბუების მიწაზე მშვიდობიანად დაბრუნებას.
დღეს ნინო არის 23 წლის "პაიკი" — ასე აღვიქვამ საკუთარ თავს. თუმცა,
პაიკში ვგულისხმობ ყველაზე პატარა ფიგურას ყველაზე დიდი პოტენციალით —
დაფის ბოლოში გადაიქცეს ნებისმიერ იმ ფიგურად, რომელიც საჭირო იქნება
მოცემული პოზიციისთვის. ალბათ სიმბოლურიცაა ეს ყველაფერი, რადგან
ჭადრაკს პროფესიონალურად ვთამაშობდი ადრეულ წლებში და ოსტატობის
კანდიდატის წოდებაც მაქვს. ამასთანავე, აფხაზეთის ჩემპიონიც
ვარ.
ამგვარად, მე, როგორც ერთმა პატარა პაიკმა აფხაზეთიდან,
საქართველოდან, მსურს ჩემი წვლილი შევიტანო უკეთესი სამყაროს შენებაში
და მჯერა იმის, რომ როდესაც რაღაც მთელი გულით გწამს, სამყარო
აუცილებლად დაგეხმარება მის მიღწევაში.
ნინო გოგოხია, საქართველოს
ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში
ფოტო: ლიზა გაბუნია