დავიბადე სოხუმში. ლაღი და
ბედნიერი ბავშვობა მქონდა. 1992 წლის 24 აგვისტოს დაიწყო აფხაზეთის
ომი და 1993 წლის 27 სექტემბერს იძულებით, ოჯახთან ერთად დავტოვე ჩემი
მშობლიური ქალაქი.
მახსოვს, მხოლოდ, განსაკუთრებულად მშვიდი ზღვა, სასოწარკვეთილი
ადამიანების სახეები და ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი. არ მიყვარს
წარსულზე საუბარი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დევნილობის ძალიან რთული
10 წელი გავიარეთ ღირსეულად. ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა.
უფრო მეტიც, გამიმართლა რომ დავიბადე დასავლური ღირებულებების მქონე
ოჯახში, სადაც განათლება ყოველთვის პრიორიტეტია. მიუხედავად მძიმე
პირობებისა, მათ მომცეს შესაძლებლობა მიმეღო კარგი განათლება,
მესწავლა უცხო ენები.
გაცნობიერებული მქონდა, რომ მხოლოდ ხარისხიანი განათლებით და
თავდაუზოგავი შრომით შევძლებდი წარმატების მიღწევას. "ამ წუთისოფელში
ბედი იმისია, ვინც ძლიერია. და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია" - ილია
ჭავჭავაძე.
ჩავაბარე თსუ-ს სოხუმის ფილიალში, სადაც დავეუფლე იურისტის პროფესიას.
შემდეგ, მიზნად დავისახე საზღვარგარეთ სწავლა. კარგად ვიცოდი, რომ
ჩემს ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩემი სწავლა სრულად
დაეფინანსებინა. ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პრეზიდენტთან
არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდის სტიპენდია მივიღე და
გავემგზავრე გერმანიაში. 2007 წელს, საჯარო სამართლის მაგისტრის
ხარისხით დავბრუნდი საქართველოში.
არ ვგეგმავდი საქართველოში დარჩენას, ვინაიდან უკვე მოპოვებული მქონდა
სტიპენდია და ავსტრიაში, დოქტორანტურაში ვაპირებდი სწავლის
გაგრძელებას. ორი საბედისწერო გასაუბრების შემდეგ, რადიკალურად
შეიცვალა ჩემი გეგმები და სულ რაღაც 25 წლის ასაკში საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ,
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად, საფინანსო აკადემიის
რექტორად, 2010 წელს კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ
დავინიშნე.
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან სამინისტროში მუშაობა
ჩემი ცოდნის და გამოცდილების რეალიზების უნიკალური შესაძლებლობა
გახლდათ. ამასთანავე, საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება ნაკლებად
მქონდა. ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დათანხმება, ჩემი მხრიდან
საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო.
მოგეხსენებათ, ქვეყანამ 90-იანი წლების შემდეგ ეკონომიკური, სოციალური
და პოლიტიკური კოლაფსიდან ნელ-ნელა დაიწო გამოსვლა. საქართველო
რეფორმების განხორციელების ფაზაში იმყოფებოდა და რეალურად, სახელმწიფო
ინსტიტუტების ჩამოყალიბება სწორედ ამ დროს ხდებოდა. ძალიან მოკლე
დროში სისტემური ცვლილებები უნდა განგვეხორციელებინა, რათა
საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაწყებულიყო. საჯარო
მოხელეებისთვის მუშაობა იყო learning by doing
პროცესი. ბევრი რაღაცის პრაქტიკაში სწავლა გვიწევდა, რის გამოც
შეცდომებიც იქნა დაშვებული. თუმცა, განხორციელდა ძირეული რეფორმები.
მათ შორის, საგადასახადო რეფორმა. მივიღეთ ახალი, უფრო გამარტივებული
საგადასახადო კოდექსი (2011). შემოღებულ იქნა წინასწარი
გადაწყვეტილების მექანიზმი, რაც, პირველ რიგში, საგადასახადო ორგანოსა
და გადამხდელს შორის არსებული ბარიერის აღმოფხვრას ემსახურება.
საგრძნობლად შემცირდა საგადასახადო წნეხი. საერთაშორისო დაბეგვრის
მიმართულებით გაფორმდა არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება.
საგადასახადო ბაზის შენარჩუნებისა და გადასახადების თავიდან არიდების
აღმოფხვრის მიზნით შემოღებულ იქნა ფასწარმოქმნის წესები
(Transfer Pricing Rules).
განხორციელდა საგადასახადო დავების საბჭოს რეფორმირებაც, რომელიც
მყიფე სასამართლოს მქონე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას
ასრულებდა. ეს ინსტიტუტი, დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით, იყო
სასამართლოზე ბევრად უფრო ეფექტური და კვალიფიციურიც კი.
2013 წლიდან "ათასწლეულის გამოწვევის ფონდში" გახლდით დირექტორი
იურიდიულ საკითხებში. უშუალოდ ვმონაწილეობდი ათასწლეულის გამოწვევის
კორპორაციასთან საქართველოს მთავრობის სახელით განხორციელებულ
მოლაპარაკებებში $140 მილიონიანი საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების
მიზნით. ეს კომპაქტი გახლდათ საქართველოს განათლების სექტორში
განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია.
საჯარო სექტორში მიღებულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ საჭირო იყო
მეტი ცოდნა მიმეღო საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. 2017 წელს
ჩავირიცხე ოქსფორდის უნივერსიტეტში და მოვიპოვე ოქსფორდის
უნივერსიტეტის სრული დაფინანსება. 2018 წელს საჯარო პოლიტიკის
მაგისტრის ხარისხი მომენიჭა და დავბრუნდი საქართველოში.
ამჟამად საფრანგეთში ვმოღვაწეობ. რომ არა მეუღლის დიდი მხარდაჭერა,
ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. 2019
წელს OECD-ში დავინიშნე მთავარ საგადასახადო
მრჩეველად, ხოლო 2020 წლის 27 სექტემბერს, გაეროს გენერალური
ასამბლეის 75-ე სესიაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის (OECD) გენერალურმა მდივანმა, ანხელ
გურიამ ორგანიზაციის "საგადასახადო ინპექტორები საზღვრების გარეშე"
(TIWB) სამდივნოს უფროსის პოზიციაზე წარმადგინა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ვახორციელებ საგადასახადო აუდიტის პროგრამებს
60-ზე მეტ ქვეყანაში. ეს ჩემთვის მორიგი გამოწვევა და ახალი
შესაძლებლობების ეტაპია.
არ მიყვარს საკუთარ მიღწევებზე საუბარი. უფრო მეტიც, ვფიქრობ ყველა
ადამიანს საკუთარი წარმატების ფორმულა აქვს. მინდა განსაკუთრებით
ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამქვეყნად არაფერია შეუძლებელი. მთავარია
საკუთარი თავის რწმენა და დაუღალავი შრომა მიზნის მისაღწევად. "მე
არასდროს ვნერვიულობ, როცა რამეს ვაკეთებ, ვნერვიულობ მაშინ, როცა
უმოქმედოდ მიწევს ყოფნა." - უინსტონ ჩერჩილი. ნუ გაჩერდებით,
იმოქმედეთ.
რუსუდან კემულარია, ორგანიზაციების - ეკონომიკური თანამშრომლობა და
განვითარება (OECD) და საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე
(TIWB) სამდივნოს უფროსი
ფოტო: ლიზა გაბუნია