ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
2005 წელს, ზამთარში, "ინტერნიუს საქართველოს" ორგანიზებით, სამუშაო
ვიზიტით, პირველად ჩავედი კიევში. არასოდეს დამავიწყდება ჩემი
შთაბეჭდილება უკრაინელებზე, დედაქალაქზე. კიევის ქუჩებში ბევრს
ვსეირნობდი. ყველაფერი მომწონდა. ადგილობრივები კი მეუბნებოდნენ - შენ
არ იცი რა ლამაზია კიევი, წაბლის ხეები რომ ყვავის, მაშინო.
მეორეჯერაც წავედით კიევში, უკვე ივნისში. ჩვენი მასპინძელი
"ინტერნიუს უკრაინა" იყო. კოლეგებს ვუმალავდი, რომ ჩემს მეორე შვილზე,
ნატალიაზე ვიყავი ფეხმძიმედ. არ მინდოდა შემეწუხებინა ისინი. რა თქმა
უნდა, ორსულობასთან დაკავშირებული ტოქსიკოზის გამო, დიდხანს ვერ
შევინახე საიდუმლო. ხშირად მინდებოდა ჰაერზე გასვლა და ულამაზესი,
აყვავებული წაბლის ხეების ქვეშ სეირნობა. ჩემი ორსულობის ამბავი
"ინტერნიუსის" ქართველმა და უკრაინელმა თანამშრომლებმა, დიდი
სიხარულით მიიღეს. ჩემი გათამამება და ჩემზე ზრუნვაც დაიწყეს, როგორც
შეეძლოთ.
აი, ასეთია ჩემი უკრაინასთან დაკავშირებული პირველი მოგონებები:
აყვავავებული ბუნების სილამაზით დამტკბარი, თბილი, ლამაზი, ბედნიერი
და მომავლის იმედით სავსე.
მინდა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს, მალე არსად ჰქონოდეთ საომარი
ვითარება. ლტოლვილმა ხალხმა შეძლოს მშვიდობიანად დაბრუნება სამშობლოში
და ვერასოდეს გაბედოს ვერავინ მათ სახელმწიფოზე თავდასხმა. რაც
მთავარია, გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს საყვარელ
უკრაინას.
"სითის" აპრილის ნომერი უკრაინას და უკრაინელებს ეძღვნება და ყველა იმ
ადამიანს, ვისთვისაც თავისუფლება და მშვიდობა ერთად,
უმთავრესია.
თეა ხოფერია
ფოტო: ლიზა
გაბუნია
მაკიაჟი: კრისტი ვეკუა