City Story
მიხეილ ტარახჩევის გზა მთავარი მიზნისკენ

პროფესიით იურისტი დღეს წარმატებული ბიზნესმენია და რამდენიმე განსხვავებული პროფილის მქონე კომპანიას ხელმძღვანელობს. როგორც უფროსი, უშუალო და მეგობრულია, სტანდარტებს არ ემორჩილება - აქვს კონკრეტული გეგმა და თამამად მიიწევს მიზნისკენ.

ჩვენი შეხვედრა ლესია უკრაინკის ქუჩაზე, რადიო "ჯაკოს" ოფისში დაიგეგმა. კომპანიის ხელმძღვანელმა მიხეილ ტარახჩევმა ჯერ ნიუსრუმი, შემდეგ - ხმის ჩამწერი სტუდია დამათვალიერებინა. როგორც თავად ამბობს, თითოეულ დეტალს აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კაბინეტში უამრავი სუვენირი აქვს, მათ შორის, ბობ მარლის სურათიც, რომელიც მისმა 8 წლის გოგონამ უსახსოვრა.

- მეხუთე თაობის თბილისელი ვარ, მაგრამ ფესვები სომხური მაქვს, ამაზე გვარიც მეტყველებს. თბილისი ჩემთვის მშობლიური ქალაქია, ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ვთვლი, რომ მისი ნაწილი ვარ...

- ბიზნესისკენ მისწრაფება ბავშვობიდან გქონდათ?

- 64-ე სკოლაში ვსწავლობდი. მისი დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. პროფესიით იურისტი ვარ, სამართალმცოდნეობა კარიერაშიც გამომადგა. ეს არის პროფესია, რომელიც ადამიანს ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის უნარს უვითარებს, თუმცა ფინანსები და კომერცია მაშინაც მაინტერესებდა - მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა და ცხოვრება ამით უფრო საინტერესოდ მექცია.

- პირველი საპასუხისმგებლო სამსახური;

- 21 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის ცენტრალური ფილიალის დირექტორად დავინიშნე. ეს პოზიცია ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, რადგან ამ კომპანიაში მამაჩემიც მუშაობდა. მართალია, მან კარიერაში ერთგვარი ბიძგი მომცა, თუმცა თითოეულ ჩემს წარმატებას და წინ გადადგმულ ნაბიჯს დიდი შრომა უძღვოდა წინ.

- ამბობენ, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ფეხის აწყობა რთულია, თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ამ საქმეში ყველაზე მთავარი?

- ვფიქრობ, დღეს ბიზნესის წარმოებისთვის საქართველოში ყველანაირი პირობაა შექმნილი. ის, რომ კარგ პროდუქტს ვქმნით, სახელმწიფოს დამსახურებაც არის; სამი წლის განმავლობაში MS GROUP-მა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, 3 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა, შექმნა სამუშაო ადგილები და სამაუწყებლო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და წარმატებული კომპანიის იმიჯიც დაიმკვიდრა.

- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევთ ?

- პირველ რიგში, იღბლიანი ადამიანი ვარ. ვამაყობ, რომ კომპანიებმა ჩემი ხელმძღვანელობით ბაზარზე ღირებული პროდუქტი შექმნეს. გვყავს ძლიერი გუნდი, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე და ერთგულად ემსახურება მას. წარმატებისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. თუ ადამიანს ჟინი აქვს, იცის, რა სურს და ისწრაფვის მიზნის მიღწევისკენ, ყველაფერი გამოუვა, მთავარია, სწორად დაგეგმოს და არასდროს დაიხიოს უკან.

- ხელზე საინტერესო ბეჭედი გიკეთიათ, რამე დატვირთვა აქვს?

- მიყვარს აქსესუარები. ამ ბეჭედსაც საინტერესო ისტორია აქვს. სპარტის მეფის ლეონიდასის ჩაფხუტია, ჩემთვის ის წარმატების და სიძლიერის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც ბოროტებისგან მიცავს.

- რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში ოჯახს ?

- მყავს ქალიშვილი, ნატალი, რომელიც 23 თებერვალს 8 წლის გახდა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მოგზაურობა, თუმცა სულ ვცდილობ, თავისუფალი დრო მასთან გავატარო. ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას ძალიან ვუფრთხილდები. ბობ მარლის სურათი, რომელსაც ჩემს სამუშო ოთახში საპატიო ადგილი უჭირავს, სწორედ მისი ნაჩუქარია.

- MS GROUP რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სპორტულ რადიო JAKO FM-ს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია; როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამ პოპულარობას?

- როგორც წესი, წარმატებას რამდენიმე ფაქტორი უძღვის წინ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი სტრატეგია და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. JAKO FM-ის შემთხვევაშიც ასე მოხდა. დღეს მას წამყვანი რადიოსადგურების დონის ტექნიკური უზრუნველყოფა აქვს და ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს სიმღერების ჩაწერას და მათ პოპულარიზაციას სთავაზობს; ხშირად ვართ სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ორგანიზატორები და მედიაპარტნიორები; ერთერთმა პირველებმა დავნერგეთ შემეცნებით-ტურისტული რადიოგადაცემების მიმართულება, რომლის მეშვეობითაც მსმენელი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მრავალ სიახლეს ეცნობა. „ჯაკო" ქართველი კომენტატორების: ჯამლეტ ხუხაშვილისა და კოტე მახარაძის სახელების ერთგვარი სინთეზია, ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა. მე და ბატონი ჯამლეტი დღეს კარგი მეგობრები ვართ და ამ საქმეში ის მაქსიმალურად გვერდში მიდგას. რადიო „ჯაკო“ დღეს უკვე საფეხბურთო გუნდ „გარეჯის“ თანამფლობელიცაა. რადგან ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, გადავწყვიტეთ, რომ ამ გზით სპორტის სფეროში კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა მიგვეღო. თუმცა საფეხბურთო გუნდის შეძენა სულაც არ ნიშნავს, რომ რადიო „ჯაკო“ მიკერძოებული გახდება. ჩვენ ყველა საფეხბურთო გუნდს თანაბარ ყურადღებას დავუთმობთ და ამ სფეროს გაძლიერებაში ჩვენს წვლილსაც შევიტანთ ...


- MS GROUP-მა ახლახან რადიო 'შოკოლადიც" შეიძინა, როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

- რადიო "შოკოლადი", რომელიც საქართველოში ერთერთი გამორჩეული სტილის მაუწყებელია, დღეს უკვე ჩვენი კომპანიის შემადგენელი ნაწილიც არის. მსმენელს ძალიან საინტერესო სიახლეებს ვპირდებით. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი რადიო დაგვემატება. ეს იქნება სოციალურ-სამედიცინო თემატიკაზე შექმნილი პლატფორმა, რომელსაც დღესდღეობით საქართველოში ანალოგი არ აქვს. MS GROUP ასევე ფლობს გბტიმეს Gეორგია-საც, რომელიც ჩინურ კომპანიებს პროდუქციის პოპულარიზაციაში ეხმარება. ეს არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი ისეთი მულტიმედიური პლატფორმის ჩამოყალიბებაა, რომელიც სხვადასხვა ინტერესის მსმენელს გააერთიანებს. იცით, როგორი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემპიონთა ლიგის თამაშია და ახლა სწორედ ფინალში ვართ. აუცილებლად გავიმარჯვებთ!







Print