City Story
ვის შეუძლია ახალგაზრდულ პროგრამებში ჩართვა და როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში უფასოდ - ინტერვიუ ეკატერინე კობახიძესთან

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ვფიქრობთ სად დავისვენოთ და როგორ შევარჩიოთ სასურველი ადგილი ისე, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.


ხშირ შემთხვევაში ეს სოლიდურ თანხას უკავშირდება, მითუმეტეს, თუ დანიშნულების ადგილი ევროპა ან ოკეანისპირეთია, მაგრამ თუ ახალგაზრდა ხართ, რომელიც მზად არის თავგადასავლეებისთვის,  "მილენიუმ საქართველოს" თავმჯდომარე ეკატერინე კობახიძე საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით. ის გიამბობთ თუ როგორ უნდა მოინახულოთ სასურველი ქვეყანა უფასოდ, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები და აიმაღლოთ კვალიფიკაცია.


- ეკა, ორი თვეა უვიზო მიმოსვლით ვსარგებლობთ, თუმცა ევროპაში გამგზავრება ბევრი ახალგაზრდისთვის ჯერ კიდევ გამოწვევაა, შეგიძლია გვითხრა როგორ გავემგზავროთ სასურველ ქვეყანაში მინიმალური დანახარჯით?


- სამწუხაროდ, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ უცხოეთში გამგზავრება არამცთუ მინიმალური დანახარჯით, არამედ უფასოდაც შესაძლებელია. ამისათვის რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. პირველი - სასურველია 18-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუგს განეკუთვნებოდეთ. ჩემი გამოცდილებით, ასეთ ადამიანებს ახალგაზრდულ პროგრამებში ჩართვა ყველაზე მარტივად გამოსდით. თუმცა, თუ ამ ჯგუფში არ ჯდებით, არც ეს არის პრობლემა. აუცილებლად უნდა ფლობდეთ უცხო ენას. საკომუნიკაციო დონეზე მაინც. სასურველია ინგლისურს ან ფრანგულს. მზად უნდა იყოთ თავგადასავლებისთვის, ახალ ადამიანებთან შესახვედრად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.


- ახალგაზრდული პროგრამების მეშვეობით რა ტიპის კვალიფიკაციის ამაღლებაა შესაძლებელი?


- დღესდღეობით უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა პროგრამებს გვთავაზობს. ისინი განკუთვნილია როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე ინჟინრებისთვის, ვებდეველოპერებისთვის, ბლოგერებისთვის, ფოტოგრაფებისთვის ან თუნდაც მათთვის, ვისაც თავად სურთ, იყონ ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზატორები. მოიძიონ კონტაქტები და შეიძინონ გამოცდილება.


-შეგიძლია დამისახელო რამდენიმე ისეთი პროგრამა ან ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ქართველი ახალგაზრდებისთვის?


- რა თქმა უნდა, ვფიქრობ,რომ საქართველოში ერთერთი ყველაზე პოპულარული ერასმუს-ის პროგრამაა, რომელიც ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მისი მიზანი ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა. საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ როგორც ანაზღაურებად პროგრამებში, რომლებიც სრულადაა დაფინანსებული, ისე მოხალისეობრივ პროგრამებში.


- სრულ დაფინანსებაში რას გულისხმობ?


- მაგალითად, როდესაც ახალგაზრდა ერასმუს-ის მოხალისე ხდება და ხანგრძლივი დროით მიემგზავრება ევროკავშირის ქვეყანაში, ეს შესაძლოა იყოს 2 კვირიდან 12 თვემდე პროგრამა ყოველთვიურად სიმბოლურ თანხას უხდიან. ისეთს, რომელიც უცხო ქვეყანაში ყოფითი ხარჯების ასანაზღაურებლადაა საჭირო. საშუალოდ 200 ევრო - დამოკიდებულია ქვეყანასა და პროექტზე. როდესაც  ხანმოკლე პროექტია, ტრენინგი ან სემინარი, მოხალისე თანხას არ იღებს, თუმცა  მას მაინც არ უწევს მგზავრობისთვის და საცხოვრებლისთვის საჭირო თანხის გადახდა. უმეტეს შემთხვევაში ამ თანხას, პროექტი სრულად ფარავს. აქვე ვიტყოდი, რომ ჩვენი ორგანიზაცია "მილენიუმ საქართველო" აქტიურად მონაწილეობს ერასმუს-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.  ამ ორგანიზაციამ ახლახანს პროექტიც დაგვიფინანსა, რომელიც ესტონეთში გაიმართება. ეს პროექტი შშ-მ პირების რეაბილიტაციას ემსახურება. მეტ ინფორმაციას პროექტის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით.


-  შეგიძლია "მილენიუმ საქართველოს" შესახებ მიამბო? რა მიზანს ემსახურება?


- ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, როდესაც საინიციატივო ჯგუფად ჩამოვყალიბდით. 2 წლის შემდეგ მივხვდით, რომ საკმარისი გამოცდილება და ცოდნა გვქონდა იმისთვის, რომ ორგანიზაციად დავრეგისტრირებულიყავით. რამდენიმე ახალგარდა ვართ. ყველაფერს ჩვენი ძალებით ვაკეთებთ. გამუდმებით ძიებაში ვართ. ვეხმარებით მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შშმ პირებს გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარებაში მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. ამ ეტაპზე ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის, გაძლიერების კუთხით ვმუშაობთ. ვატარებთ სხვადასხვა ტრენინგებს როგორც თბილისში ისე რეგიონებშიც.ამჟამად სემინარებს ვატარებთ სხვადასხვა უნივერსიტეტბში. აქტიურად ვმსჯელობთ ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე და მათი ამოხსნის გზებზე.


- ეკა, უამრავი ვებგვერდია, სადაც ახალგაზრდული პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, თუმცა რომელს გამოყოფდი, რომელია ყველაზე ეფექტიანი?


- დიახ, ინტერნეტში უამრავი რესურსია, რომელიც ახალგაზრდებს სასურველი ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება.  რამდენიმეს გამოვყოფდი. მათ შორის: www. mladiinfo.org; www. salto-youth.net; www.eduactive.com; www.eastchance.com; http://eyp.org/sessions/all-events/ და
http://ic.daad.de/tbilissi/ ამ ვებგვედებზე სისტემატიურად იდება ინფორმაცია საინტერესო პროექტების შესახებ.


- შეგიძლია რამდენიმე ისეთი პროგრამა დაგვისახელო, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს?


- აი მაგალითად მახსენდება საზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის და იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც მიგრაციის საითხებზე მუშობენ. პროექტი რუმინეთში, 24 -27 ივლისს გაიმრთება, ყველა ხარჯს ორგანიზატორები დაფარავენ. (ბმული :http://www.mladiinfo.eu/2017/03/08/summer-school-advocacy-migration-policies/ )


ასევე, ევროპული მოქალაქეობის საინიციატოვო ფორუმი, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისათვის. პროექტი  25 დან 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღება ყველა იმ ახალგაზრდას შეუძლია, რომლიც ქვეყანაც ევროსაბჭოს წევრია.  (ბმული: http://www.mladiinfo.eu/2017/04/14/european-citizenship-initiatives-forum/)


მესამე პროგრამა, რომელიც მახსენება, ასევე  100%-ით დაფინანსებულია. ეს პროექტი აშშ-ს დედაქალაქში ვაშინგტონში 12-დან 19 ნოემბრამდე გაიმართება, განკუთვნილია 25-40 წლამდე ადამიანებისთვი, რომლებსაც განათლება აქვთ მიღებული საერთაშორისო ურთიერთობების, გენდერის,  პოლიტიკური მეცნიერებების ან თუნდაც ანთროპოლოგიი კუთხით. (ბმული:http://www.mladiinfo.eu/2017/03/09/next-generation-wpsgps-symposium-washington-d-c/)


შემიძლია ჩვენი ორგანიზაციის ახალი პროექტის შესახებაც გიამბოთ. ის ივლისის თვეში, ესტონეთში გაიმართება. მიზანი ახალგაზრდებში მეწარმეობის უნარების განვითარებაა. პროგრამა სხვადასხვა ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი მათ შორის შშმ პირებისთვისაც. სულ მალე ღია კონკურსს გამოვაცხადებთ, რომლის შესახებაც ჩვენი სოციალური გვერდის მეშვეობით გახდება ცნობილი.


- ყველაზე აქტუალური ახალგაზრდული პროგრამების მხრივ რომელი ქვეყნებია?


- ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. მათ მათ შორის: ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, ბელგია,პოლონეთი და სხვა ქვეყნები.


- აპლიკაციის შევსებისას რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება?


-
თუ ზოგადად მეკითხებით გეტყვით, რომ პირველ რიგში ორგანიზატორებს უნდა დავუმტკიცოთ, თუ რა სარგებელს მოგვიტანს ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობა. შევძლებთ თუ არა მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას, განვითარებას და ა.შ. კრიტერიუმები იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ პროგრამაში გვსურს მონაწილეობის მიღბა. მაგალითად, თუ ერთ პროგრამაში გამოცდილება საჭირო კრიტერიუმია, მეორეში ეს შესაძლოა მინუსად ჩაითვალოს. ყურადღებით უნდა გავეცნოთ აპლიკაციას და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. ახლა, ზაფხული მოდის და უამრავი ორგანიზაცია და პროექტია, სადაც მიღება ცხადდება.






 

Print