City Story
ხათუნა "ეს ის ქალია"

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.



ის არც მსახიობია და არც „ცნობილი ქალი“, მაგრამ „პიონერთა სასახლის“ ისტორიულ ბაღში ექსკურსიაზე მყოფმა ტურისტებმა ეს არ იციან და გიდის, ალბათ, ძალიან საინტერესო ისტორიას აშკარად არ უსმენენ. იმ ქალს უყურებენ, რომელიც წამიერად მათგან წამოსულ ინტერესსა და იმპულსს იჭერს და „ჩინეჩიტას“ მსახიობის როლს თამაშობს, თამაშობს არა ფოტოგრაფისთვის, ან „სითისთვის“, არამედ იმ უცნობი ტურისტებისთვის, რომელთა არსებობასაც ზუსტად ხუთ წუთში ივიწყებს.

 

-იცოდე, უნდა შეგიყვარდე! - ეუბნება ისედაც თავგზააბნეულ ფოტოგრაფს, რომლის გადაღებული ათასობით ფოტო მინახავს, მაგრამ ამ ქალის -სრულიად განსხვავებულია. შეაყვარა და ხუთ წუთში არა, მაგრამ ათჯერ ხუთ წუთში სხვა როლისკენ წავიდა.


ჩემთანაც იგივე ამბავია. „ჩემზე რატომ უნდა დაწერო, ან ვის აინტერესებს, ბევრი არც უნდა ამ ამბავს," - მითხრა და მერე ისე მელაპარაკა, რომ მივხვდი, მის ამოჩემებულ ანა მანიანიზე უფრო იოლად დავწერდი, ვიდრე ამ ქალზე. ახლა, ამ წუთებში (დილის ოთხი საათია), მას, სავარაუდოდ, არ სძინავს, უსმენს მუსიკას, ან უყურებს ფილმს კომპიუტერში (ტელევიზორი არ აქვს, ან აქვს, მაგრამ არ უყურებს), მე კი უნდა მოგიყვეთ, ვინ არის ის ქალი და რატომ უნდა წაიკითხოთ ეს ტექსტი.


ხათუნა აბაშიძე. სკოლა. ქართულის გაკვეთილი. დავალებად მიცემული თავისუფალი თემა თბილისის „დინამოსა“ და დათო ყიფიანზე. ეს იყო პირველი ეპიზოდი, როდესაც მისი ფიქრები ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა. თუმცა რა დაწერა, დღეს არ ახსოვს. შემდეგ ეპიზოდში ის 19 წლისაა, ყიფიანი ჩნდება საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე, ჯდება ხათუნას პირდაპირ და იმ ერთ წამში ორი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად იცვლება:


„დათო უცებ გაგიჟდა, ხო, აი, გაგიჟდა, გაშტერებული უყურებდა ხათუნას და არც უცდია, რომ ეს დაემალა. თითქოს იმ მომენტში გადაწყვიტა, რომ „აი, ეგრე, ის არის ყველაზე მაგარი, ყველაზე, ყველაზე, მე ჭკუიდან გადავედი და მე ასე მინდა, ჰოდა, ვინც ჩემთან ხართ, გამომყევით ამ ბობოქარ ტალღებში, ვინც არა და _ კარგად იყავით!“ _ მიყვება ამ ორი ადამიანის საერთო მეგობარი. იმასაც ამბობენ, ყიფიანმა შექმნა ამ ქალის ირგვლივ ერთი დიდი ლეგენდა მისი ერთადერთობის შესახებ, დაიჯერა თვითონ და ყველას აიძულებდა ეს დაეჯერებინა, ყველას და, პირველ რიგში, თავად ხათუნას. იგრძნო თუ არა ბობოქარი სიყვარულის დასაწყისი იმ მომენტში ხათუნამ? ალბათ, კი. შეუძლებელია, არ ეგრძნო. თავიდან თითქოს არ სჯეროდა, ხომ არ მეჩვენებაო, ფიქრობდა, მაგრამ მალე ისიც და მთელი საქართველოც მიხვდა, რომ არ ეჩვენებოდათ.

- 19 წლამდეც ხათუნას ირგვლივ ათობით თაყვანისმცემელი ტრიალებდა, მაგრამ ყიფიანმა წალეკა ეს ყველაფერი, წალეკა ერთი დიდი ტალღით. -მიყვება მეგობარი.


- რაში გამოიხატებოდა ეს სიყვარული, მაგალითად, სიურპრიზებში?


- არა, სიურპრიზი, ხო იცი, როგორი ამბავია, ზოგს აქვს ამის უნარი და შესაძლებლობა, ზოგს _ არა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს გრძნობებთან. უბრალოდ, ერთი დიდი სიყვარული ჰქონდა ამ ქალის მიმართ.


- იქნებ მაშინ სხვა დრო იყო და, უბრალოდ, მაშინ სხვანაირად უყვარდათ კაცებს, - ვაზუსტებ ჩემს ყოვლისმცოდნე და გამოცდილ წყარო-რესპონდენტთან, უცებ მიჭრის - „კარგი ერთი, შენი ჭირიმე“ და სხვა ისტორიაზე გადადის.


ეს ამბავი 26 ნოემბერს მოხდა, 7 დეკემბერს კი ყიფიანი ხათუნას მშობლების სახლში მიდის ჯუნა მიქატაძესთან ერთად. მამამისს უნდა დაელაპარაკოს და აუხსნას, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა. ხათუნას მამა, თბილისის „დინამოსა“ და, ცხადია, ყიფიანის ფანატი, კარებში ცოცხალ „ათიანს“ რომ ხედავს, ემოციას ვერ მალავს:

- ისე გაგიჟდა კარებში დათო ყიფიანი რომ დაინახა, რაღაც მომენტში ერჩივნა ეფიქრა, რომ დათო მასზე იყო გადარეული და მასთან მივიდა სანახავად.  - ამბობს ხათუნა. რაზე ილაპარაკეს, არ იცის, იმ მომენტში სახლში არ იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ მძიმე საუბარი იქნებოდა, დათო ყიფიანი მასზე ბევრად უფროსი იყო და, რაც მთავარია, დაოჯახებული. მაგრამ ყიფიანს უკვე ვერაფერი გააჩერებდა.


- შენც ეგრევე შეგიყვარდა?


- დათო?


- ხო.


- მართალი გითხრა, არ ვიცი. რაღაც უფრო ეიფორიული იყო ყველაფერი, ბევრი ემოცია ერთდროულად წამოსული. რომ გითხრა, დავინახე დათო ყიფიანი და ჭკუა დავკარგე, ალბათ, არა. რაღაც სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა...


- ალბათ, იმანაც, რომ დათო იყო ყიფიანი.


- ამანაც.


- სიმპათიური მამაკაცი იყო?


- ძალიან... - მეუბნება და პაუზას აკეთებს, შესაბამის სიტყვას ეძებს, _ როგორ აგიხსნა, ხარისხიანი კაცი იყო...


- რას ნიშნავს ხარისხიანი?


- ...ხომ არის ხარისხიანი მუსიკა? „დეპეშ მოუდი“ ხომ მაგარია, მაგრამ „როლინგ სთოუნზი“ _ უფრო მაგარი. მე კი არ ვადგენ ამას, ეს ასეა. როგორც ვისოცკი, მაგალითად, რამდენია ბევრად მაგარი მომღერალი თუ პოეტი, მაგრამ აქ სხვა ხარისხის მასშტაბია, სხვა ხარისხის ენერგეტიკა.


- გქონდა იმის განცდა, რომ უნდა დაწეოდი მას, უნდა „გაგექაჩა“ მის გვერდით ყოფნა?


- არა, სწორედ ეგ არის დათო, ის არ გაგრძნობინებს, რომ შენზე რაღაცით მეტია, რომ შენზე მეტი იცის და რომ უნდა დაეწიო, ან გაუსწრო.

ფოიერვერკული ისტორიები ცხოვრება-სიყვარულში უამრავია. ბევრი ცნობილი, ბევრიც - უცნობი. მათ ხათუნა ნაკლებად ყვება, ისედაც ყველას უკვე მოყოლილი აქვს და ზოგიც სხვადასხვა ვერსიით არსებობს. ყველაზე პოპულარული ჩელენტანოზეა, ახალგაცნობილი ხათუნა დათო ყიფიანმა მოსკოვში გამართულ კონცერტზე რომ წაიყვანა. ყვებიან, რომ დარბაზში მსხდომ ყველა ქალში ჩელენტანომ სწორედ ის გამოარჩია და პირდაპირ მასთან მივიდა. ხათუნა და ადრიანო ბეჭდებს ცვლიან...


- ბეჭედი რატომ აჩუქე?


- არ ვიცი, ისე გამიხარდა, მოვიხსენი და ვაჩუქე, ვგიჟდებოდი ჩელენტანოზე, მერე მანაც მოიხსნა და მაჩუქა.


- როგორ ფიქრობ, დათო ყიფიანმა ხომ არ მოაწყო ეს ყველაფერი?


- არ გამოვრიცხავ. მართალია, მიმტკიცებდა, არა, საყვარელო, შენ ხო იცი, ყველაზე მაგარი და ყველაზე ლამაზი ხარ და ამიტომ მოვიდა შენთანო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მას რომ მოეფიქრებინა ეს ყველაფერი.



არის ისტორიები სხვა სიურპრიზების შესახებ, თბილისი-ბიჭვინთის მატარებელზე გაცილებულს ბიჭვინთაში რომ დახვედრია, წერილების, ყვავილების და ბევრი სიგიჟის. როგორი იყო ხათუნა? ზუსტად ისეთი, როგორიც ის 26 ნოემბერს პირველად დაინახა. თანასწორი და ზუსტი მიმღები იმ ემოციისა და სიყვარულის. რეაქცია საყვარელი ქალის თითოეულ ამ ეპიზოდზე იმდენად ბუნებრივი და ნაღდი იყო, ყიფიანს კი არა, ნებისმიერ კაცს გადაიყვანდა ჭკუიდან. ჭკუიდან გადასაყვანი სხვა მიზეზებიც უხვად იყო;


არაორდინარული გარეგნობა, თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას უნაკლო გარეგნობისო, ეს ხათუნა აბაშიძეა. თან ეს ის შემთხვევაა, როდესაც მაშინაც და ახლაც ზუსტად იცის, როგორ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი და ამ წარმოჩენაში პროვოკაციაც უყვარს. ლეგენდებს ყვებიან თბილისში გამართულ ერთერთ ქორწილზე, სადაც ყიფიანთან ერთად ხათუნა შავი ზურგზე ღრმად ამოჭრილი კაბით მივიდა, ქორწილი, უბრალოდ, ჩაიშალა.


ამ კაბაში ერთი ფოტოც აქვს გადაღებული, დაკვირვებული და ჩასაფრებული მეგობრები მას მირელ დარკის სუპერსექსუალურ შავ კაბას ადარებენ. გახსოვთ პიერ რიშარის მონაწილეობით ცნობილი ფილმი „მაღალი ქერა მამაკაცის დაბრუნება“? რიშარს ქერა ლამაზმანი რომ ხვდება ოთახში, ზურგზე ძააალიან ღრმად ამოჭრილი კაბით? ის ხათუნასთვის კაბათა შორის ყველაზე მაგარი კაბაა და რომ ჰქონოდა, აუცილებლად ჩაიცვამდა და ყიფიანიც ამით საშინლად იამაყებდა.


ამ კაბას, იდეალურ გარეგნობას, იუმორის ფანტასტიკურ გრძნობას, ძალზედ დასამახსოვრებელ ხმის ტემბრს, ლაპარაკის თავისებურ მანერას, სიურპრიზებისათვის მუდმივად მზადყოფნას დაუმატეთ ერთი - სულ შეყვარებულობის ემოციაში ყოფნა - და თქვენც ყიფიანის, უცხოელი ტურისტების, ჩემი ფოტოგრაფისა და ჩემს დღეში აღმოჩნდებით.



მაგრამ... წერტილი უნდა დამასმევინოს. წერტილი ყიფიანთან სიყვარულის ისტორიაში. წერტილი მაშინ ისმება, როდესაც ხვდება, რომ სიყვარული აღარ იყო.

იყო მომენტები, როდესაც ის ქალი ხვდებოდა, რომ ის კაცი მასთან არ იყო, „ელაპარაკებოდი, ესმოდა ყველაფერი, მაგრამ შენთან არ იყო“. დაიწყო ემოციური სიმძიმეების პერიოდები. იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცოდა, ყველაზე მეტად გაუჭირდებოდა ყიფიანის გარეშე ცხოვრება, თვითონ დაასრულა. რასაც ჰქვია კაცის მიმართ ქალის სიყვარული, ის აღარ იყო და ყველაფერი დამთავრდა.


დაწერო, რომ დღემდე ყიფიანი მისი ცხოვრების მთავარ ადამიანად რჩება, ბანალურობის პიკია, მაგრამ ეგრეა, სხვანაირად ვერ დაწერ. დათოს მიერ აწეული თამასა, დათოს მიერ მოგონილი თუ დანახული ხათუნა დღემდე ყველასთვის ერთადერთ ქალად დარჩა, იმიტომ, რომ ყიფიანმა გადაწყვიტა ასე 26 ნოემბერს. დათოს შვილები დღეს ხათუნასთვის ერთერთი მნიშვნელოვანი საყრდენია, დათოს და ხათუნას ერთადერთი შვილი - გიორგი -მთელი სამყარო.

- ტელევიზორს უყურებ?


- არა, არც მაქვს.


- არც იმ ადამიანის პოლიტიკური ცხოვრება გაინტერესებს, რომელიც შენს ცხოვრებაში იყო?


- როგორ გითხრა, თუ კარგს შევიტყობ, გამიხარდება, თუ ცუდს - მეწყინება.


- არჩევნებში მას ხმა მიეცი?


- კი, რა თქმა უნდა.


- რატომ? მისი პოლიტიკური გზავნილები მოგწონდა?


- არა, არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, თუ შემიძლია, რომ ადამიანს გვერდში დავუდგე, ამას აუცილებლად გავაკეთებ, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი
ახლობელია. აქტიური ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ როცა ჩემი შვილი იყო ძალიან ცუდად არასწორი დიაგნოზის გამო, ძალიან მედგა გვერდში.


ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, თანაცხოვრების ცხრა წელი აკავშირებს. კითხვების დასმას აზრი არ აქვს, პირადი ცხოვრების ამ ეპიზოდზე არ ისაუბრებს, თუმცა მეტყვის:


- მე მას მივეცი ხმა, ჩემი ხმა მას ყოველთვის ექნება და მე ვიცი, რომ მან ეს იცის. მეტი არაფერი.


ერთი ქალის ცხოვრება მისთვის თითქოს არც იყო საკმარისი, სინანულით ბევრს ნანობს, ბევრსაც მიყვება, მაგრამ მე მიყვება ისე, რომ მხოლოდ ჩემთან დარჩეს. მეც ვიტოვებ. ნანობს იმ წერილების დაკარგვასაც, რომლებსაც რატომღაც სულ თან დაატარებდა პატარა საფულეში. პატარა ნაწერები იყო, მათ შორის, დათო ყიფიანის მოწერილიც, შარშან ზღვის სანაპიროზე მოპარულ საფულესთან ერთად რომ დაკარგა...


- როგორ გგონია, რა ხდის ქალს საინტერესოს?


- სიყვარული.


- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?


- სიყვარულის.


- ყველაზე ბედნიერი წუთები?


- არ მინდა ბანალურად გიპასუხო, ცხადია, შვილის დაბადება. შვილი ყველაფერს განსაზღვრავს. თუ გიორგი და ანა ყიფიანები კარგად არიან, მეც კარგად ვარ, მაგრამ ჩემთვის პირადი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ წარმომიდგენია ბედნიერება იმ მეორე ადამიანის, იმ მეორე ტიპის გარეშე.


არ გამოვიდა მოკლედ და უცებ. არც გამოვიდოდა. ალბათ „ჩინეჩიტასკენ“ იმიტომაც არ წავიდა ის ქალი, რომ ცხოვრებაში ბევრად მეტი საინტერესო ეპიზოდი ჰქონდა, ვიდრე კინოში ხდება და, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ექნება მომავალში.


- როგორ გგონია, რა გელოდება მომავალში, ან როგორ წარმოგიდგენია შენი თავი?


- შეყვარებულად, ვინმე „პუპსიკთან“ ერთად. „პუპსიკიც“ მისი გამოგონილი ტერმინია, ვაზუსტებ, დავწერო თუ არა, „კი, კი,“ - მპასუხობს და კვდება სიცილით.

ბოლოს სტილზე ვეკითხები:


- შავი ფერი გიყვარს?


- მიყვარს, თუმცა, ზაფხულში ფერადიც. შავი რატომ, იცი? გარდა იმისა, რომ მართლა ელეგანტურია, მასში ნაკლებად ჩანს ხარისხი და ასე მარტივად შეძლებ ლამაზად გამოიყურებოდე.


- ელეგანტური ქალი ვინ არის შენთვის?


- ნინო რამიშვილი - თავისი სტილით, მანერით, ხელის აქნევით, თავისი შინაარსით, სწორედ მაღალი ხარისხითა და სიყვარულით, რომლითაც მან მთელი ეპოქა შექმნა. ჩემთვის ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი საქართველოში.


ვეკითხები იმასაც, თუ როგორ ინარჩუნებს „ხათუნა აბაშიძეობას“;


- მე ხომ არ ვარ ვინმე ვარსკვლავი, ან ხელოვანი, ვარ ჩვეულებრივი ქალი, მინდა, რომ გამოვიყურებოდე კარგად, როგორც ყველა ქალს. კარგია, თუ ამის საშუალება გაქვს, მით უფრო, როცა ასაკი გემატება. მე მომწონს მიმზიდველი ქალი, არა აჩაჩულ-დაჩაჩული და „ჯინსულიკებიანი“. აქედან იწყება ჩემთვის ქალის სილამაზე, თუ, ცხადია, ის ჯენის ჯოპლინი არაა.


თუ ჩემზეა ლაპარაკი, მე არც ანა მანიანი ვარ, არც ჯენის ჯოპლინი და არც მარია კალასი, ჰოდა, თუ არცერთი არ ვარ, მოწესრიგებულად და ლამაზად მაინც უნდა გამოვიყურებოდე, ვიღაცამ რომ თვალი გამომაყოლოს და მე ამას მიჩვეული ვარ. - მითხრა იმ ქალმა, რომელმაც მასზე წერისას ღამე გამათენებინა და ახლა ამ წინადადებას რომ ვასრულებ, დიდი იმედი მაქვს, დილას გაღვიძებისას ამ წერილს რომ წაიკითხავს, ეს ყველაფერი ზედმეტად არ მოეჩვენება და ამ ამბავს თქვენამდე მომატანინებს.




ეკა ხოფერია, თამუნა ჩიხლაძე

ფოტო: აკო ხარისთვალაშვილი I SEE STUDIO


თმა: მიშა გასიტაშვილი


მაკიაჟი: ეკა ჩანჩიბაძე


გადაღების ადგილები: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, თავად ვასილ გაბაშვილის სახლი












Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად,
ვფიქრობთ სად დავისვენოთ და როგორ შევარჩიოთ სასურველი ადგილი ისე,
რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ვფიქრობთ სად დავისვენოთ და როგორ შევარჩიოთ სასურველი ადგილი ისე, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.

07:03 / 11.05.2017

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა