City Story
აკაკი ძნელაძის პარიზული "პრიმავერა"
დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთან არის - ასე უწოდებდა ჰემინგუეი მე-20 საუკუნის დასაწყისის პარიზს. იმ დროს, როდესაც აქ ერთდროულად ქმნიდნენ მოდილიანი და პიკასო, მატისი და რივერა, როდესაც იბადებოდა კუბიზმი და ფოვიზმი, ფანტასტიკური გამოფენები ეწყობოდა "ინდიფენსსა" და "შემოდგომის სალონში". შემდეგ, ამ ყველაფერზე წერდნენ ჟან კოქტო და ბეატრის ჰასტინგსი. თუმცა, ეს უმშვენიერესი ხანა შორეულ წარსულში დარჩა. პარიზი დღემდეა მსოფლიო ხელოვნების მექა, სადაც მოხვედრა და მითუმეტეს, აღიარება, ნებისმიერი შემოქმედისთვის განსაკუთრებული პატივი და უდიდესი ბედნიერებაა.


როდესაც კაკო ძნელაძესთან ინტერვიუ დავიწყე, ის ფანტასტიკური ნამუშევრები, რომელსაც ის ქმნის, ჯერ კიდევ ნანახი არ მქონდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ შარშან ჰქონდა პერსონალური გამოფენა პარიზში. იმ სივრცეში, რომელიც 1900 წლის მსოფლიო გამოფენისთვის სპეციალურად აშენდა და დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცედ ითვლება. აგრეთვე, მონაწილეობდა "ლუვრის კარუსელში" და სულ ახალი დაბრუნებული იყო პარიზიდან, სადაც "არტ კაპიტალის" ფარგლებში, "გრანდ პალეში" მისი ტილოები გამოიფინა.
თუმცა, საუბარი სულ თავიდან, ბავშვობიდან დავიწყეთ. პირველი შთაგონებიდან...

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. დღემდე ამ საოცარ ქალაქში ვცხოვრობ. შთაგონების წყაროც ზღვა იყო, უფრო სწორად, ჰორიზონტი - ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი და წარუშლელი შთაბეჭდილება.
კიდევ იცით რა მაგონდება, მეზობელი გვყავდა ერთი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი და ამ კაპიტანს გარაჟში ნამდვილი "საზღვარგარეთული" მანქანა ჰყავდა - ვარდისფერი შევროლე, კაბრიოლეტი. არც კი გამოჰყავდა, იმ დროს ასეთი მანქანით როგორ ივლიდა! გარაჟის ჭუჭრუტანაში ვიყურებოდი და იქიდან ვხედავდი ამ მანქანას. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სწორედ ამ ჭუჭრუტანიდან დაიწყო ჩემი ზიარება დასავლურ სამყაროსთან. ვიყურებოდი ამ ჭუჭრუტანაში და ეს იყო ჩემთვის თავისუფლებაც, ჯინსებიც, ვინილიც და დასავლური ოცნებებიც. აი, დაახლოებით ისე, როგორც ფილმის "ერთხელ ამერიკაში" გმირი იყურება ჭუჭრუტანაში, ხედავს მოცეკვავე გოგონას და ოცნებობს, ასევე ვუყურებდი მე ამ მანქანას.



პრიმავერა

ხატვა როდის დაიწყეთ?

- რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. ჩემი თავი სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. თავიდან ბათუმის სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი, შემდეგ იყო პეტერბურგის, (მაშინ ლენინგრადი ერქვა), რეპინის სახელობის სამხატვრო აკადემია. პეტერბურგმა და მისმა გარემომ, ერმიტაჟის შედევრების მეტაფიზიკამ, უდიდესი კვალი დატოვა ჩემს გემოვნებაზე, ცნობიერებაზე. რასაკვირველია, დიდ შემოქმედთა ასლების კეთება, რომელიც აკადემიის სტუდენტებისათვის მეცადინეობის პროცესია, აუცილებელი, საჭირო და უმნიშვნელოვანესია. ამით არა მარტო ტექნიკური თვალსაზრისით სწავლობ ხატვას, არამედ უღრმავდები თავად შემოქმედის შინაგან სამყაროს, იკვლევ და სწავლობ მას. ჩემთვის, ასეთი კვლევის და ინტერესის საგანი, საკმაო ხნის განმავლობაში, იყო ლეონარდო და ვინჩის `მადონა ლიტა,~ რომელიც ერმიტაჟშია. ბევრს ვხატავდი მას. გარდა ტექნიკური დახვეწისა, ასლების კეთებამ 90-იან წლებში მატერიალურად გადარჩენის საშუალებაც მომცა.
ვთვლი, რომ დიდ ხელოვანზე დიდი და მარადიული, მისი რომელიმე კონკრეტული ნამუშვარია. დიდ შედევრებში ისეთი სიღრმეებია, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს, თუნდაც უდიდეს მხატვარს, ამის დატევა არ შეუძლია. ასეთი რამდენიმე ტილო აქვს რემბრანდტს ან, თუნდაც, ბოტიჩელის, მაგალითად "პრიმავერა".



სალომეა - ავტოპორტრეტი

"პრიმავერა ანუ გაზაფხული" ერქვა თქვენს პერსონალურ გამოფენას პარიზში, რომელიც შარშან მოეწყო. მომიყევით ამ გამოფენის შესახებ და საერთოდ, როგორ აღმოჩნდა თქვენი ნამუშვრები საფრანგეთში?

- ეს ფონდ "SOS ტალანტების" სულისჩამდგმელების, მიშელ სონის და ელისო ბოლქვაძის მეშვეობით მოხდა. მოგეხსენებათ, ეს ფონდი ხელოვნების ყველა სფეროში ეძებს ტალანტებს და ხელს უწყობს მათ წარმოჩენას ევროპაში. სწორედ ეს ფონდი დაინტერესდა ჩემი ნამუშევრებით და უკვე გარკვეული პერიოდია ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება "პრიმავერას", ჩემს პერსონალურ გამოფენას პარიზში, ის გაიმართა ძალიან პრესტიჟულ გალერეაში, რომელიც ეიფელთანაა და 1900 წელს მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა. როგორც სახელოვნებო წრეებში, ასევე პრესაში, გამოფენას ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. სახელწოდება კი, ერთ-ერთი ნამუშევრის სახელიდანაა. მასაც, როგორც ბოტიჩელის ნახატს, "პრიმავერა - გაზაფხული" ჰქვია.
მხატვრობაზე, საერთოდ მშვენიერებაზე საუბრისას, რაოდენ პრაგმატულადაც უნდა ჟღერდეს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად გაყიდვადია ესა თუ ის მხატვარი. ის ფაქტი, რომ კაკო ძნელაძის ნამუშვრები `ლუვრის კარუსელის~ ფარგლებში გამართულ გამოფენასა და პერსონალურ გამოფენაზე გაიყიდა, საყურადღებოა. ასეთი რანგის საგამოფენო დარბაზებში ჯერ მოხვედრა და შემდეგ იქაური ბაზრის დაინტერესება, მხატვრის უმაღლეს რანგზე მეტყველებს.
- ერთი თვის წინ, პარიზის "გრანდ პალეში" ჩემი ნამუშევრები "არტ კაპიტალის" ფარგლებში გამოიფინა. ცოტა ხნის შემდეგ, "არტ კაპიტალივე" წარადგენს ჩემს ტილოებს იაპონიასა და კორეაში. ამ ქვეყნებში თანამედროვე მხატვრობას დიდი ინტერესითა და ყურადღებით ეკიდებიან. 



აკაკი ძნელაძე გუჯი ამაშუკელთან ერთად

ნამუშევრები, რომლებზეც ვსაუბრობთ, ცოცხლად არ მინახავს. მხოლოდ ფოტოებით გავეცანი. ყველა მათგანი განსაკუთრებულია, ღრმა და სულიერებით სავსე.
მეჩვენება, რომ პორტრეტები რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მსგავსება ნატურებთან. ეს უფრო მათი შინაგანი მდგომარეობაა, აზროვნების მეტაფიზიკა.
არ მიყვარს, როდესაც პორტრეტში ფოტოგრაფიული სიზუსტეა. მთავარი სხვა რამ არის.
ეს "სხვა რამ" ზოგჯერ ნატურის გამომეტყველებაში, პოზაშია, ზოგჯერ კი, თავად შინაარსში. მაგალითად ისე, როგორც ქეთათოს და ირაკლი ჩარკვიანის პორტრეტში, სადაც ქეთათო მკვეთრი პერსონაჟია, ირაკლი კი მიღმიერი სამყაროს მკვიდრი. ან გუჯი ამაშუკელის პორტრეტი, სადაც მისი შინაგანი სამყარო პორტრეტის ფონზეა გადმოტანილი. 

- ბატონი გუჯი ამაშუკელი საფრანგეთში გავიცანი და ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ეს მართლაც დიდი ხელოვანი, ჩემს ნამუშევრებს მაღალ შეფასებას აძლევს და იმითაც, რომ დავმეგობრდით. მის სახელოსნოში არაერთხელ ვიყავი სტუმრად. ის არაჩვეულებრივად საინტერესო ადამიანია. გარდა იმისა, რომ დიდი შემოქმედია, საოცრად შრომისმოყვარეა. მთელ დროს მუშაობას უთმობს. მის პორტრეტში ფონზე ის თემები გამოვიტანე, რომელზეც სხვადასხვა დროს ვსაუბრობდით. მე ასე დავინახე მისი სულიერი სამყარო და ეს მას ძალიან მოეწონა. 

არ ვიცი წავა თუ არა გუჯი ამაშუკელის ეს პორტრეტი "არტ კაპიტალის" იაპონურ, კორეულ ან გერმანულ გამოფენებზე, რომელიც მხატვრის უახლოესი სამომავლო ექსპოზიციების გეოგრაფიაა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მინდა ამ ლოკაციებს კაკო ძნელაძის თბილისური "პრიმავერაც" მიემატოს.


შვილის პორტრეტი


ტექსტი: თამარ მახარაძე
Print