City Story
დაბრუნებული ბედნიერება
ბედნიერების დაბრუნება შესაძლებელია და ამაში მაიკო ბეგლარაშვილის ისტორია დაგარწმუნებთ. ერთმანეთს "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში" ვხვდებით. პირველივე წამიდან იგრძნობა, რომ მას სიცოცხლე ძალიან უყვარს. იღიმის და ძალიან ბედნიერია. მე და მაიკო ერთად ველოდებით ამ ისტორიის მეორე მთავარ გმირს, ივანე კილაძეს ონკოლოგს, რომელმაც მაიკოს სიცოცხლე დაუბრუნა. მათი შეხვედრა ამ ამბის მნიშვნელოვანი ნაწილია. არანაკლებ ბედნიერია ექიმი, რომელიც გადარჩენილ პაციენტს ხედავს. ამ ემოციებს ბოლომდე რომ მიხვდეთ, ეს ისტორია იმ დღიდან უნდა დავიწყოთ, როცა მაიკომ უმძიმესი დიაგნოზის შესახებ გაიგო.

მაიკო ბეგლარაშვილი: ეს ამბავი 2 წლის წინ დაიწყო. ერთ დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულმა თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. ჩემს ჯანმრთელობას ასე არასდროს შევუშინებივარ. ამიტომ, მეორე დღეს წავედი გამოკვლევებზე. საჭირო გახდა ბიოფსია, რომლის პასუხიც ორ კვირაში უნდა ყოფილიყო. ეს ორი კვირა იყო საშინელი პერიოდი და კიდევ უფრო მძიმე იყო პასუხი. ბიოფსიის შედეგად გაირკვა, რომ სწორ ნაწლავზე სიმსივნე მქონდა. ცხოვრებაში ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას არა. იმიტომ, რომ სიმპტომები არ მქონია. ძალიან დავითრგუნე, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ჩემი მეგობრების რჩევით, მოვხვდი "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში" ბატონ ივანე კილაძესთან. სასწრაფოდ დამენიშნა ქიმიოთერაპიის ექვსი კურსი. სამი თვის შემდეგ გაკეთდა კონტროლი. პასუხი იყო დამაიმედებელი, რამაც ძალიან დიდი ძალა მომცა. მივხვდი, რომ მე შემეძლო მებრძოლა სიცოცხლისთვის. ექვსი თვის შემდეგ, როცა პასუხი მივიღე, თითქმის დამარცხებული იყო სიმსივნე. ჩემზე ბედნიერი იმ დროს არავინ იყო. გამოვიქეცი ექიმის კაბინეტიდან. მინდოდა მეყვირა, მაგრამ დერეფანში სხვა პაციენტებიც ისხდნენ. უცბად დავფიქრდი - იქნებ მათ არ აქვთ კარგი პასუხი, იქნებ ისინი დიაგნოზს ელოდებიან, იქნებ ნერვიულობენ, იქნებ მათთან ერთად ოჯახის წევრები სხედან, ისინიც ხომ არანაკლებ განიცდიან. გავიქეცი დერეფნის ბოლოს, სადღაც დავიმალე. დავიწყე ტირილი და ბოლო ხმაზე ვიყვირე სიხარულისგან. იმ დღეს დასრულდა ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი. პროფესიით მასაჟისტი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ამ ხნის განმავლობაში მენატრებოდა სამსახური. ჩემმა ექიმმა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, მომცა უფლება დავბრუნებოდი საქმეს. ისევ ჩვეულ რიტმში გავაგრძელე პაციენტების მიღება. დავუბრუნდი ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და დავიბრუნე სიცოცხლის სიყვარული.

მაიკოსთან შეხვედრა, მისი დიაგნოზი, ერთობლივი გამარჯვებით გამოწვეული სიხარული, რა თქმა უნდა, ახსოვს მის მკურანლ ექიმს - ივანე კილაძეს, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზს სვამს და შემდეგ იწყებს პაციენტებთან ერთად ბრძოლას. ასე მოხდა მაიკოს შემთხვევაშიც.




ივანე კილაძე: მაიკო ჩვენთან 2017 წლის შემოდგომაზე მოვიდა. ჩავუტარეთ გამოკვლევები და დადგინდა საკმაოდ მძიმე დიაგნოზი, რომელიც სიცოცხლისთვის ძალიან საშიში იყო. ფარული პროცესი მიმდინარეობდა, რომელიც მძიმე ფორმაში გამოვლინდა. მაიკოს შემთხვევა გაირჩა კონსილიუმზე. "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში" ყოველთვის ასე ხდება ახალი პაციენტის დიაგნოზის გარჩევა. გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად აგრესიული ფორმით გვემკურნალა, თუმცა აგრესიულ მკურნალობას აქვს ბევრი გვერდითი მოვლენა. ახასიათებს ტოქსიკურობა. ბევრ ბარიერს ვაწყდებით ამ პერიოდში როგორც ექიმები, ისე - პაციენტები. თუმცა, მაინც დაიგეგმა ექვსთვიანი ინტენსიური მკურნალობა - სისტემური თერაპია, თარგეტული თერაპია და ქიმიოთერაპია. მაშინვე ვუთხარი მაიკოს დიგნოზი და მკურნალობის სქემა გავაცანი, ვინაიდან მარტო ექიმის ძალისხმევა საკმარისი არ არის, თუ მასთან ერთად პაციენტიც არ იბრძვის. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მისი განწყობა. მას უნდა სჯეროდეს, რომ ის შეაჩერებს ამ დაავადებას. ცხადია, რთული მოსასმენი იყო ეს დიაგნოზი, თუმცა მაიკომ ეს გზა ჩემთან ერთად გაირა. მკურნალობის ფონზე საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ სწორი ნაწლავის კიბო, მეორადი დაზიანებით ღვიძლში, რომელიც საკმაოდ აგრესიულად მიმდინარეობდა, ფაქტობრივად შეჩერდა.

დიაგნოზი ერთი წლის შემდეგ უნდა გადამოწმებულიყო. როცა ამ ისტორიას ვისმენდი, მინდოდა გამეგო, რომ ერთი წლის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაიკო სრულიად გამოჯანმრთელდა და ისევ გააგრძელა მისი საყვარელი საქმე, რომლის გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებს, თუმცა...

მაიკო: ერთი წლის შემდეგ ისევ ცუდად გავხდი. ეს გზა ისევ თავიდან უნდა გამევლო. ერთადერთი, რაც მაძლიერებდა ის იყო, რომ მეორე ეტაპზე ქიმიოთერაპიის კურსი არ იყო ისეთი მძიმე. ისევ დავიწყე ბრძოლა, ისევ უნდა დამემარცხებინა ეს დაავადება. ამ ეტაპზე უკვე ის მაძლიერებდა, რომ ერთ კვირაში ისევ სამსახურში ვბრუნდებოდი. ქიმიოთერაპიის ექვსი კურსის შემდეგ, მოხდა სიმსივნის ლოკალიზება და ისევ დაექვემდებარა მკურნალობას.

ივანე: ამ ერთი წლის განმავლობაში მაიკო სულ მკურნალობდა. ვაკონტროლებდით დაავადებას, თუმცა ერთი წლის შემდეგ ისევ გამძვინვარდა. ისევ აგრესიული სქემით დავიწყეთ და დავიმორჩილეთ. პროცესი შეჩერდა. ბევრი წარმონაქმნი გაქრა. პირველადი კერა კი სერთოდ აღარ ჩანს.

მაიკო: ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვაკეთებ ჩემს ყოველდღიურ საქმეს, მიყვარს სიცოცხლე, მიხარია ყოველი დღის გათენება. ყველაზე დიდი ძალაა რწმენა, რომ კარგად იქნები და მე ეს ძალა ვიპოვე.




- ეს ძალა დიაგნოზის გაგებისთანავე იპოვეთ?

- თავიდან სასოწარკვეთაში აღმოვჩნდი. ჩემთვის ეს დიაგნოზი ძალიან დიდი დარტყმა იყო. შემდეგ, როცა ეს ამბავი ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა გაიგეს, ყველამ მითხრა - შენ ისეთი ძლიერი ხარ, რომ უნდა იყო კარგად, შენ უნდა იყო ჩვენთან ერთად, შენ უნდა დაგვიბრუნდე, შენ უნდა იცინოო. ყველაზე მთავარი იყო ჩემი ექიმის სიტყვები - თუ გინდა ეს დაავადება დაამარცხო, ყველაზე დიდი ძალა შენში უნდა იპოვო. თუ ამ ძალას იპოვი, ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს სიტყვები გახდა ჩემთვის მთავარი ძალის მომცემი. ძლიერი ადამიანი ვარ და ცხოვრების ბევრ ეტაპზე ეს სიძლიერე გამომადგა. ახლაც მივხვდი, რომ შემიძლია გავაგრძელო ცხოვრება. დღეს უკვე არც მინდა გავიხსენო, რომ ეს დაავადება მჭირდა. აგვისტოში მიწევს კიდევ გაკონტროლება და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მაიას მსგავსად, "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრს" ყოველწლიურად ათასობით ადამიანი აკითხავს. ზოგის დიაგნოზი საიმედოა, ზოგის - ნაკლებად. ისინი იწყებენ მკურნალობას, გადიან იმ გზას, რომელიც მაიამ გაიარა. თავიდან უშინდებიან დიაგნოზს, შემდეგ ძალას პოულობენ და იწყებენ მკურნალობას, რომელიც ბრძოლას ჰგავს - ბრძოლას სიცოცხლისთვის.

ივანე: "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში" მკურნალობის კურსი ათასობით ონკოპაციენტს ჩაუტარებია. შემდეგ ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან - მუშაობენ, ბავშვებს ზრდიან, ოჯახდებიან. ძალიან ბევრი წარმატებული შემთხვევა არსებობს საქართველოში და ბევრი განკურნებული პაციენტი გვყავს. ყველამ ვიცით, რომ ადრეულ სტადიაზე მკურნალობა უფრო მარტივია. ზოგჯერ გვიან მოგვმართავენ პაციენტები, თუმცა გვიანი სტადიების დროსაც კი, შესაძლებელია ამ დაავადების შეჩერება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყოველ დღეს, თვეს და წელს წარმოუდგენლად დიდი ღირებულება აქვს ადამიანისთვის. მითუმეტეს, ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

- რა ტიპის მკურნალობას სთავაზობს "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრი" ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს?

- ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ მკურნალობას იმ პროტოკოლითა და სქემით, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია დანერგილი. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ჩვენს განყოფილებაში შემოვიტანეთ, არის პაციენტის დიაგნოზის გუნდური განხილვა. ჩვენი მთავარი ძალა სწორედ გუნდურობაა. სხვადასხვა პროფილის ექიმი, იქნება ეს რადიოლოგი, ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ერთად განვიხილავთ კონკრეტული პაციენტის მდგომარეობას და ვგეგმავთ მკურნალობას - თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა გაკეთდეს ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია. ასეთი გარჩევების შემდეგ, შეცდომების ალბათობა მცირდება და იზრდება მკურნალობის ეფექტურობა.




- როგორია კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა. შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი ტიპის ონკოლოგიური დაავადების მართვა, საზღვარგარეთ წასვლის გარეშე?

- რაც არ უნდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული იყოს გუნდი, ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკის აღჭურვილობა. როგორია აპარატურა, რადიოლოგია, როგორ ხდება ბიოფსიის გაკეთება, როგორ ტარდება ენდოსკოპიური კვლევები. ეს ძალიან რთული სისტემაა. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა მიზანმიმართულად მუშაობდა, რომ შეეკრიბა გუნდი, რომელიც სხვადასხვა დაავადების გარშემო შეძლებდა მუშაობას. თუმცა, ჩვენ მარტო ცარიელი ხელებით ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ტარდება დიაგნოსტიკა. ჩვენს ცენტრში არის უახლესი პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის აპარატი, იგივე პეტი. ამ კვლევის გამო, წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მიდიოდნენ პაციენტები იმიტომ, რომ საქართველოში არ იყო ეს აპარატი. ასევე ურთულესი ენდოსკოპიური მანიპულაციები, რომლებიც აქამდე არ ტარდებოდა საქართველოში, დღეს შესაძლებელია ჩატარდეს ჩვენს კლინიკაში პროფესორ გურამ უნგიაძის თაოსნობით, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საზღვარგარეთ და ამჟამად დაბრუნდა სამშობლოში.

- ამ პროცესში რა როლი აქვს პაციენტს. როგორ პოულობთ საჭირო სიტყვებს სიმართლეც რომ უთხრათ და თან ბრძოლის ძალა აპოვნინოთ?

- პაციენტების 80% მზად არის დაუჯეროს ექიმს და ენდოს მას. პაციენტის განწყობას და სწორ ნაბიჯებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იყოს ერთი და იგივე დაავადება, ერთი და იგივე სტადია, მაგრამ ათი პაციენტიდან შვიდ შემთხვევაში არაჩვეულებრივი შედეგი მივიღოთ, სამ შემთხვევაში - არა. თუ პაციენტი ექიმს მიყვება, ითვალისწინებს მის რჩევებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, რთული სტადიის დროსაც კი. ზოგი პაციენტი ძალიან ახლობელი ადამიანი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიბრძვით სიცოცხლისთვის. როდესაც მათ შედეგს ვუყურებ, ძალა მეძლევა, რომ სხვა პაციენტებთანაც ვიბრძოლო. ზოგჯერ უიმედოა მდგომარეობა, მაგრამ ვცდილობ ვიპოვო რაღაც ხელჩასაჭიდი. ხშირად პაციენტებიც უიმედოდ არიან როგორც, თუნდაც, მაია იყო. თუმცა მე ყველას ვეუბნები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მკურნალობის დაწყება ყოველთვის ღირს, ძალიან უიმედო სიტუაციებშიც კი.

- მაიკო, რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან თქვენს გზას?

- ალბათ, ყველაზე კარგად მათი გაგება მე შემიძლია. ყველას ვთხოვ, რომ იპოვოს ბრძოლის ძალა იმიტომ, რომ ცხოვრება ნამდვილად ძალიან ლამაზია, სიმსივნე დამარცხებადია. ეს დიაგნოზი არ არის განაჩენი და ყველას შეუძლია ბედნიერების დაბრუნება.




ვუსმენ მაიკოს და ვხვდები, რომ მან ბედნიერება ნამდვილად დაიბრუნა და 50 წლის ასაკში ახალ ცხოვრებას იწყებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ბედნიერი დღეები წინ აქვს. როგორც ექიმები არ წყვეტენ პაციენტებთან მეგობრობას და ურთიერთობას, ასე ვართ ჩვენც, ჟურნალისტები: არასდროს გვავიწყდება ჩვენი რესპონდენტები. ჰოდა, როგორც "სითის" რედაქტორი დაგვპირდა "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" ხელმძღვანელთან ათი წლის შემდეგ შეხვედრას, მეც ასევე გპირდებით, რომ ათი წლის შემდეგ, მაიკოს წარმატების ამბავზე მოგიყვებით. დარწმუნებული ვარ, ივანე კილაძეც მოგვიყვება იმ ადამიანებზე, რომლებიც, მაიკოს მსგავსად, სიმსივნის დამარცხებას შეძლებენ! მაშ ასე, შეხვედრამდე.


ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: ლიზა გაბუნია




Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
5 წლის წინ მისი დაბადება
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
5 წლის წინ მისი დაბადება
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ახალი ეტაპი ცხოვრებაში ზოგჯერ
მოულოდნელად, ზოგჯერ კი დაგეგმილად იწყება. პირველი თითქოს უფრო
მარტივია რადგან არ ელი და მოულოდნელად გიწევს სიახლეებთან შეჯახება.
მეორე ბევრად რთულია - გიწევს უკვე შექმნილი კომფორტის ზონის დატოვება
და ახალი გამოწვევების დასახვა. ნინო ბერიძემ უფრო რთული ეტაპი
აირჩია. კლინიკის დაარსებიდან ცხრა წლის შემდეგ, შექმნა სრულიად
განსხვავებული კონცეფციის ორი ახალი კლინიკა - ბავშვთა სტომატოლოგიური
და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორთოდონტიული ცენტრი.
ახალი ეტაპი ცხოვრებაში ზოგჯერ მოულოდნელად, ზოგჯერ კი დაგეგმილად იწყება. პირველი თითქოს უფრო მარტივია რადგან არ ელი და მოულოდნელად გიწევს სიახლეებთან შეჯახება. მეორე ბევრად რთულია - გიწევს უკვე შექმნილი კომფორტის ზონის დატოვება და ახალი გამოწვევების დასახვა. ნინო ბერიძემ უფრო რთული ეტაპი აირჩია. კლინიკის დაარსებიდან ცხრა წლის შემდეგ, შექმნა სრულიად განსხვავებული კონცეფციის ორი ახალი კლინიკა - ბავშვთა სტომატოლოგიური და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორთოდონტიული ცენტრი.
15:42 / 26.09.2019
დათუნა ალადაშვილი, პიანისტი,
ტელეწამყვანი
დათუნა ალადაშვილი, პიანისტი, ტელეწამყვანი
11:24 / 26.09.2019
მალე ქართულ-ამერიკული
რეპროდუქციული კლინიკა
მალე ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" ახალ შენობაში გადავა, ცინცაძის #23-ში. "სითის" წინა ნომერში "რეპროარტის" დამფუძნებლებზე, ლიკა ჭყონიასა და ნინო ოკუჯავაზე გიამბეთ. ამ სტატიას მოჰყვა ბევრი კითხვა, უფრო სამედიცინო მიმართულების. აინტერესებთ რა არის კლინიკის ძირითადი საქმიანობა და რა გამორჩევს მას მსოფლიოს სხვა მსგავსი კლინიკებისან. იყო კითხვები თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ამ კლინიკას, როგორია მკურნალობის პროცესი და ა.შ ამიტომ, ჩვენ "რეპროარტს" ისევ ვესტუმრეთ. თქვენს კითხვებს ქალბატონი ლიკა პასუხობს.
14:57 / 25.09.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა