სექტემბრის დასაწყისში ჩემს მშობლებთან ერთად გავემგზავრე
"ლანსერჰოფში" დეტოქს - ის გასაკეთებლად. ლანსერჰოფი ავსტრიაში ქალაქ
ლენსში მდებარეობს, ამ გამაჯანსაღებელ სასტუმროს მსოფლიოს უამრავი
ქვეყნიდან სტუმრობენ
სხვადასხვა მიზნით: ზოგი წონაში დასაკლებად მიდის, ზოგიც
გამოკვლევებისთვის, ზოგი, უბრალოდ, დეტოქსს იტარებს და ცდილობს
ცხოვრების სტილის გაუმჯობესებას. სასტუმრო "ლანსერჰოფი" შუა ტყეში
მდებარეობს. ცალკე თემაა ამ ტერიტორიის ჰაერი და ბუნება, რომელიც
შეუძლებელია მსოფლიოს რომელიმე სხვა საკურორტო ქალაქს შეადარო.
ჩასვლის პირველსავე დღეს შევხვდი მთავარ ექიმს, რომელმაც ჩემს რეჟიმსა
და ცხოვრების წესზე კითხვები დამისვა. ამ შეხვედრის შემდეგ ექიმი,
როგორც წესი, ნიშნავს პროცედურებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭირო და
ეფექტიანია პაციენტისთვის. პროცედურების პარალელურად ინიშნება
დეტოქს-დიეტა. დეტოქსი დღეს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული
ხდება.

ეს არ არის დიეტა, ეს არის ყველა ადამიანისთვის საჭირო და, ალბათ,
აუცილებელიც _ ორგანიზმის გაწმენდა. თითოეული პაციენტისთვის დგინდება
სპეციალური, ინდივიდუალურად მასზე მორგებული დეტოქს-დიეტა და
გამაჯანსაღებელი გეგმა."ლანსერჰოფში" ყველა სტუმარი ჩასვლის წუთიდან
ივიწყებს ყავასა და ტკბილეულს. აქ ყველანაირი რძის პროდუქტი შეცვლილია
ულაქტოზო ალტერნატივებით. ჩემი დეტოქს-დიეტა არ იყო ძალიან მკაცრი,
ვინაიდან ექიმმა კილოგრამების დაკლება არ ჩათვალა საჭიროდ. ვჭამდი
თითქმის ყველაფერს, თუმცა, რა თქმა უნდა, "ლანსერჰოფში" ყველაფერი
არის ორგანული, სპეციალური ზეთითა და ინგრედიენტებით მომზადებული. მე
შემეძლო მიმეღო თევზიც და ხორციც, მაგრამ იქ იყვნენ პაციენტები,
რომლებიც დღის განმავლობაში ან მარტო ბოსტნეულს ჭამდნენ, ან მხოლოდ
ჩაის სვამდნენ. დილა "ლანსერჰოფში" საკმაოდ ადრე, 7 საათზე იწყება. ამ
დროს მე უკვე ტყეში გავდიოდი სავარჯიშოდ. ტრენერი სხვადასხვა დილის
ვარჯიშს გვაკეთებინებდა. ამის შემდეგ დღის განმავლობაში კიდევ
რამდენჯერმე მიწევდა ვარჯიში.საუზმეზე ვიღებდი მხოლო ჩაისა და
წიწიბურას პურს. საუზმის შემდეგ ტარდება იოგისა და პილატესის
ვარჯიშები, რომელსაც შეგიძლია დაესწრო. დანარჩენი დროის განმავლობაში
კი იტარებ სხვადასხვა პროცედურას. მე გავიკეთე ბევრი დეტოქს-მასაჟი და
აბაზანა, რომლებსაც კანზე საოცარი ეფექტი ჰქონდა. "ლანსერჰოფს" აქვს
ცალკე დერმა განყოფილება, სადაც ძალიან ძლიერი კოსმეტოლოგები მუშაობენ
სახის კანზე. ამ პროცედურების გარდა, დანიშნული მქონდა სხვადასხვა
მასაჟი; ზოგი რელაქსაციისთვის, ზოგიც - მენტალური ჯანმრთელობისთვის,
რომელიც მსუბუქ ჰიპნოზსაც შეიცავდა.
"ლანსერჰოფში" აუცილებელია ბევრი დეტოქს-ჩაის დალევა, რომელიც ასევე
ორგანიზმს წმენდს და პროცედურებთან ერთად, აუცილებელია ვარჯიშიც,
რომელიც "ლანსერჰოფში" ძალიან სასიამოვნოა. საჭიროების შემთხვევაში,
ყველა სტუმარს დამატებითი წამლებით ამარაგებენ. მაგალითად, მე დღემდე
ვაგრძელებ ვიტამინებისა და რკინის მიღებას. ყოველ საღამოს ექიმები და
ტრენერები ატარებენ შეხვედრებს და საუბრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესზე,
იძლევიან რჩევებსა და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იცხოვრო და
პროცედურებთან ერთად, აუცილებელია ვარჯიშიც, რომელიც "ლანსერჰოფში"
ძალიან სასიამოვნოა. შესაძლებელია ტყეში გასვლა და ველოსიპედით
სეირნობაც, "ჰაიკინგი" და ა.შ.
მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს
დეტოქსი; ამისთვის არ არის აუცილებელი "ლანსერჰოფში" ყოფნა, დეტოქსის
ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. გასათვალისწინებელია, რომ
დეტოქსი მხოლოდ კვებით არ შემოიფარგლება, ეს არის ვარჯიში, გარემო და
რაც მთავარია, შემართება, რომელიც "ლანსერჰოფში" ძალიან მარტივი
მისაღწევია. ეს არის ყველაზე მშვიდი, სუფთა და ჯანსაღი გარემო, სადაც
ოდესმე ვყოფილვარ.
ფოტო:ლიგ სტუდიო