City Weddings
ანკა სტურუას საქორწილო დღიური
ლოკაცია
თავიდან ტრადიციულ, ხალხმრავალ ქორწილს ვგეგმავდით, 200 სტუმრით, თუმცა საბოლოოდ 90 ადამიანზე შევჯერდით, მხოლოდ ძალიან ახლობლები მოვიპატიჟეთ და ლოკაციაც შესაბამისი შევარჩიეთ. რესტორანი "გარდენსი" საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა მსგავსი ღონისძიებისთვის. ულამაზესმა გარემომ და გამწვანებულმა ეზომ თავისი დადებითი მუხტი შემატა ქორწილს. ქორწილის მზადებისას, პირველ რიგში, ლოკაციაზე ვფიქრობდი. მინდოდა ჩემი ოცნება ახდენილიყო და ბათუმში მქონოდა ქორწილი. ჩემი მეუღლე ბათუმელია, შესაბამისად, ამ გარემოებამ ხელი შეგვიწყო.

კაბა
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, კაბა იყო. უამრავი ვარიანტის განხილვის შემდეგ, არჩევანი სადა სტილზე შევაჩერე, ისეთზე, რომელიც ზღვას მოუხდებოდა. კაბის დიზაინი ჩემი მეჯვარის ანო ჭელიძის დახმარებით შევარჩიე და ჩემი მეგობრის ლაკო ბუკიას სალონში შევაკერინე.

სტილი
ვინაიდან ქორწილი არატრადიციული გამოგვივიდა, ევროპული ელემენტებით, ვარცხნილობა და მაკიაჟიც შესაბამისი შევარჩიე. ამ ყველაფერზე ბათუმის საუკეთესო სილამაზის სალონ "ალექსში" იზრუნეს.

ბეჭდები
ყოველთვის მომწონდა ტრადიციული საქორწინო ბეჭედი, მგონია, რომ განსხვავებული დიზაინი არც აღიქმება საქორწინო ბეჭდად. ასე რომ, ტრადიციული რგოლი შევარჩიეთ, თუმცა ცოტათი განსხვავებული ფორმა მაინც აქვს, რაც ძალიან მომწონს.

თაიგული
ჭრელი, მინდვრის ყვავილებისგან შექმნილი თაიგული ჩემი მეუღლის დედის მაღაზიაში დამიმზადეს. "მაგნოლია" ბათუმში ყვავილების საუკეთესო მაღაზიაა, შესაბამისად, ზუსტად მიმიხვდნენ, თუ როგორი თაიგული მინდოდა. ყვავილების გვირვინი ხელის მოწერისთვისაც შემირჩიეს.


ცეკვა
"ქართული" არ გვიცეკვია. ვინაიდან ქართული, ტრადიციული ქორწილი არ გვქონდა, მუსიკაც არაქართული იყო.

მეჯვარეები
მეჯვარეები, ტრადიციისამებრ, ჩვენი საუკეთესო მეგობრები იყვნენ _ ანო ჭელიძე და აჩიკო ფირცხალავა.

ტორტი
მინდოდა, ტორტიც განსხვავებული ყოფილიყო. ინტერნეტში ნანახით მოვიხიბლე და ზუსტად ისეთივე- ბათუმში, საცხობ "დონაში" დამიმზადეს. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ძალიან გემრიელი ტორტი გამოგვივიდა.

თაფლობის თვე
თაფლობის თვე საკმაოდ დატვირთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ქორწილიდან რამდენიმე დღეში ევროტურში გავემგზავრეთ; რომი, პარიზი, ამსტერდამი, ვენეცია და პრაღა 18 დღეში შემოვიარეთ. ნამდვილად დაუვიწყარი იყო. 
Print